პოეზია · ლირიკა
მუსა ბურსელი
ქ. ბურსადან (თურქეთი) ერთმა თანამემამულემ გამომიგზავნა საახალწლო ბარათი, რომელზედაც ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ხუთი ბიჭუნაა. ბარათს რომ ვკითხულობდი, ჩემი გემი "გიორგი ლეონიძე" ოკეანეში მიაპობდა ტალღებს.
1ჩემ წინ, სურათზე ხუთი ბიჭია,ქართულ ჩოხებში გამოწყობილი,ცას მოწყვეტილი ხუთი ვარსკვლავი,სისხლით შეკრული ხუთი ძმობილი.უნდა შეხედო შენ ამ ბიჭუნებს _რა ცეცხლს აფრქვევენ მათი თვალები,მთის წყაროსავით მოჩქეფს ღიმილიმხურვალე შუბლზე გადასავლებად...ბიჭებს ხორუმით ხელგადაბმულებსმხრებზე უწყვიათ მსხვილი მაჯები,რა გამოხედვა, რამდენის მთქმელი,ღირსებით, რწმენით და გამარჯვებით!
2იმ საახალწლო ფერად ბარათშიქართულად წერდა მუსა ბურსელი:`ალაჰ, სიცოცხლე, შრომა, რაჰათიჩემს მემლექეთში ჰყავ სასურველი!ახალო წელო, მიე გურჯისტანსმზე, გამაგრება და გამრავლება,ნუ დაავიწყებ, რაიც უჭირდა,მაგრამ იდარონ მისმა თვალებმა~!
3ბარათი, როგორც ოქროს საწმისი,გემით წავიღე, მაღრიბს შევედი,თებერვალ-მარტში, აპრილ-მაისშიც,ვერ გიპასუხე, მუსა-ეფენდი.რა ხანია, რომ ოკეანეშიარც შემხვედრია, ძმაო, ხმელეთი.ვერ გნახე, ვეღარ მოგეალერსე,ეს მაპატიე, მუსა-ეფენდი.მაგრამ სურათი კაიუტაში,არ ვიცი რატომ, თავთან დავიდე,როგორც კი სურათს ჩავიხუტებდი,დავამშვიდებდი ზღვაში ამინდებს.ვიცანი _ ხუთში ერთი შენია, _ბეჭგანიერი ბიჭი ივერი,აფერუმ! _ ეს რა მძლედ შერჩენიათავის ძლიერი ერის იერი.ვერ გიპასუხე, მაგრამ სულ თვალწინგხედავ, _ დადიხარ შუბლნაღვლიანი,ერთი უბრალო კოჭლი კაცი ხარ,ბევრს კი ასწავლი მაინც სიარულს.ვიცი, სიმღერებს მანდაც მოუვლი,ჰანგებს ჩვენებურს მრავალხმიანებს,ხშირად ქუჩებში ჩვენი ხორუმითქარიშხალივით ჩაიგრიალებ.ხან ჩვენებურთა მიხვალ სოფლებში,ცეკვა-სიმღერით, ჩონგურ-გიტარითდა ისე, როგორც პურს ქვრივ-ობლებში,ჩამოატარებ წიგნს `გურჯისტანი~.
4ივერ ბურსელი, მალხაზ შავშელი,ვამეხ იმერი, ლომან ბურსელიდა თევრათ ტბელი, აქ ჩემ წინაშე,დგანან ხორუმით მტრის შემმუსვრელნი.შეჰკარ, _ შეჰკარი, შეადუღაბე,გულებში რწმენა ამოუქარგე,ცეკვავენ, თითქოს ხანჯლით ბურღავენჩვენთან სადუშმნოდ მოსულ ნუქარდინს.შვენის ჩალისფერ ჩოხა-ახალუხსუძიროები, მესხურ თასმებით,ცეკვა `განდაგან~, ცეკვა `ლაზური~.მუხლზე დაცემით, ქუსლთა წასმებით,წელკორწიალით, დოინჯ-გვირისტით,მიჭრით, მიხტომით, წამოჩოქებით.ცრემლმომგვრელია უფრო იმისთვის,ვინაც დღე-ღამე ნატრობს მემლექეთს,სოფლებს, რომლებიც შორზე-შორეთშიაგეს ბედკრულმა მუჰაჯირებმა,შენი ჭკუით და მაგ შენს პოეტურსიტყვით მოვლა და ზრუნვა სჭირდება.
5მუსა ბურსელო, გახსოვს უნახავმამიდაჩემთან როცა მიველით?შემომცქეროდა რა გულმდუღარედ,შემომცქეროდით შენ და ივერიც.უპირველესთა შორის პირველითუ ყოფნა ჩემთვის იყო მთავარი,მარცხნიდან მეჯდა შენი ივერი,მარჯვნიდან მეჯდა შენი თამარი.შენი შავთვალა მორცხვი ციცაიმემუდარება თვალებდამბალი:_ მე `დედაენა~ მინდა, ბიძია,მე დავისწავლო მინდა ანბანი.ივერი ახლა თითქოს გემში მყავს,ფაფახქვეშიდან მიმზერს ორბივით,შენი ბარათი მე იმად მიყვარს _ძველი იარა ცრემლით მომბანა.6რასაც თქვენ იქ და ჩვენ აქ ვჩიოდით,დღეს რატომ უნდა დარჩეს უთქმელი?!თქვენ საქართველოს მუდამ სჭიროდითდა საქართველოს უმძიმს უთქვენოდ.მუსა ბურსელო! შორი ოცნებითშენთან საუბრად როდი დავჯდები,ვგრძნობ, ერთი ლოცვით ჩვენ ვილოცებითდა ერთი ტანჯვით ჩვენ ვიტანჯებით.მაგრამ თუ დაფრენს შავი მერცხალი,მიჰყვება ჭოროხს, მტკვარს და ალაზანს,არ დაგავიწყდეს, რომ შენიცააეს მემლექეთი და სილამაზე.
1974