პოეზია · ლირიკა
მოჩანს დაღმართი
დღემ გააფითრა კიდევ ერთი ღამე _ უძილო,სულს ბორკილები რომ ავხსენი, სად გადავყარო!მწუხარე გულმა ერთგულება ვერ მოიცილა,შვილის სიცოცხლით მთელი მისი ცოცხლობს სამყარო.მთვარე ჩამოხსნის დედის მანდილს და დედის ბუდეს,ღამე აშიშვლებს ტკივილს _ სხვისთვის კვლავ უკარებას,ცრემლიანია ის ბალიში, დედას რომ უდევს,წვეთ-წვეთ იღვრება შვილზე დარდად და მწუხარებად.ზღაპარს წააგავს ყოველი დღე სწრაფად გადათვლილს,ცხოვრების სიბრძნით ჩაღრმავებულს და უნაპიროს...ცოლის ბრძანება _ `დედაშენის გული მომართვი~.გულის ძახილი _ `რამე ხომ არ გეტკინა, შვილო!~..ვერ დაგინაყრე მომავალი, ვერ გისახსოვრე,ვერც საამაყო სიმდიდრე და ვერც სათაკილო,ხელის კანკალით ვკემსავ წინდებს, უფრო კი _ დარდებს,ვინძლო კარს მომდგარ ცივ ზამთარშიც გაგიძლოს, შვილო.მოჩანს დაღმართი, დაღმართს ისევ დაღმართი მოსდევს,აღარ მიზიდავს აღმართები, გაზაფხულები...თავქვე ვეშვები, ნეტავ როდის ჩავალ ბოლომდე,რომ უფსკრულიდან ვეღარ მოგწვდე ამ ერთგულებით.