აკაკი ასათიანი: "პრობლემა ჩვენშია და ქვეყანაში"
აკაკი ასათიანი: "პრობლემა ჩვენშია და ქვეყანაში"
| წყარო : პრესა.ჯე [მაია თეთრაძე, ”ვერსია”] რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე... თუმცა, რუსეთი პოზიციებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იმაგრებს და რა იქნება ხვალ, პროგნოზის გაკეთება ძნელია. “ვერსია” აკაკი ასათიანს ესაუბრა |
- ვინც გაიძახოდა, სააკაშვილს ვაცალოთ, მოჭკვიანდებაო და ხეირს ელოდა, ეს ხეირიც მიიღეს. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთათვისაც მთავარია, თავად იყვნენ კარგად. ასეთები კი მიტინგზე უხვად ვიხილეთ. როდესაც ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ, აქ ზარ-ზეიმი გამართეს. “ბი-ბი-სის” კორესპოდენტიც კი, რომელიც ჩვენდამი კეთილგანწყობილი იყო, გაკვირვებული დარჩა: “ამ ხალხმა ომი წააგო და მგონი არ ესმითო”. ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ საქართველო ხაფანგში არ უნდა გაებას-მეთქი, მაგრამ ახლა, როგორც შევარდნაძის დროს გაიძახოდნენ, ხაფანგი დაგვიგესო, იგივეს ამბობენ.
მართლაც ხაფანგი დაგვიგეს, თუ საქმე არასწორ ქმედებებთან გვაქვს?
- რა თქმა უნდა, რუსებმა ხაფანგი დაგვიგეს. ამერიკამ ნაკლებად... ამერიკას თავისი ინტერესები აქვს. დავანებოთ ამერიკას თავი... ჩვენ რას ვშვრებით, როცა ვხედავთ, რუსეთი გამხეცებულია და განწირული საბჭოეთის აღდგენას ცდილობს? როცა ქვეყანას შენს არმიაზე 5-ჯერ მეტი ტექნიკა აქვს, ცოტა სხვა რამეზეც უნდა იფიქრო, რა?! ყველაზე მთავარი იცით რა არის? ხელისუფლება ჩვენს ჯარისკაცებს რომ ეუბნებოდა, რუსეთთან შეთანხმებულები ვართ და ომში არ ჩაერევიანო. ეს უდიდესი დანაშაული და ღალატია.
ეს ხომ დიდი ხნის დაგეგმილი, გარდაუვალი ომი იყო, განა უკანასკნელი მოვლენები ამის დასტური არ არის?
- რა თქმა უნდა, დაგეგმილი იყო და ამას რუსები არც არასოდეს მალავდნენ. მათ პატარა წარმატებული ომი უნდოდათ, ხალხში იმპერიული სულისკვეთება რომ აღედგინათ. ამათ ახლა რომ გათიშეს ტელევიზორები და აღარ უყურებენ, აბა, ევროპა რას აჩვენებს? ახლა დასავლეთის მხარდაჭერაზეც გვესაუბრებიან და გეკითხებით, სად არის ეს მხარდაჭერა?
6 პრეზიდენტის ვიზიტი თქვენთვის არაფრის მანიშნებელია?
- ჩემთვის არა. ვისთვისაც უნდა ყოფილიყო, იმისთვისაც არაფერი აღმოჩნდა. ჩამოვთვალოთ ეს პრეზიდენტები ვინ არიან... სარკოზი სულ სხვა მიზნით ჩამოვიდა. ის მიტინგზეც არ გამოჩენილა. ვალს იხდის, როგორც დიდი ქვეყნისა და ევროკავშირის პრეზიდენტი. ასევეა გერმანიაც. საფრანგეთისა და გერმანიის გარდა, რუსეთში სხვა არც არავინ ჩასულა და ამით ყველაფერი გასაგები ხდება. ახლა ჩვენ მხოლოდ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ძირითადი ამოცანა რუსეთის შეჩერებაა, არ ვიცი როგორ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოხერხდეს.
რუსები ჩვენს ტერიტორიებსაც დატოვებენ?
- დატოვებენ, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალს - აღარ. სამი წელი გავიძახოდი რომ კოდორს დავკარგავდით. თუ თბილისზე გაცვალეს, რა გინდა, მაგაში მაინც მოუგიათ... დასავლეთის მარიონეტს ეგონა, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნებოდა, ორი დღეა, მის გამოსვლებში გამოჟონა ამ განწყობამ. სად არის ახლა ბუში, აქ რომ ჩამოვიდა და აცხადებდა კავკასიაზე წითელი ზოლი გავავლეო, ან ის წითელი ზოლი სადღაა? თურმე არც გაუვლია და პროვოკატორია. ახლა გააჩეროს რუსეთი, თუ მაგის გამკეთებლია.
ადრე “ვერსიასთან” აცხადებდით, თუ რუსეთი საქართველოს შემოუტევს, შეგვიცოდებენ და ნატო-ში მიგვიღებენო…
- დიახ, ნატო-ში მიგვიღებენ და ამას არც მალავენ. დასავლეთმა რა წააგო? არც არაფერი. ამერიკამაც ბევრი მოიგო: პირველი - რუსი გაშავდა, მაგრამ ამის ეს არ აღელვებს. თუმცა, ის ქვეყნები, რომლებიც ამერიკაზე გაბრაზებულები იყვნენ, ახლა შიშით ისევ ამერიკისაკენ გადაიხრებიან და მეორე - მაკკეინის რეიტინგი. მართალია, ამერიკა ცოტა გაილანძღა და გამოჩნდა, რომ არც ისეთი მაგარი ყოფილა, მაგრამ 20-30 წელიწადში რუსეთს ამისათვის სამაგიეროს აუცილებლად გადაუხდის.
რუსეთის ღია მოთხოვნაზე, გადადგეს სააკაშვილი, რას ფიქრობთ?
- ეს რუსეთის საქმე არ არის და ამაში ხელისუფლებას ვეთანხმები. რუსები დეგენერატები არიან და ჰგონიათ, რომ ამ ქვეყნის პრობლემა სააკაშვილია. პრობლემა ჩვენშია და ქვეყანაში ისევე, როგორც აფხაზეთში გვეგონა, პრობლემა არძინბა და გამოჩნდა, რომ თურმე პრობლემა აფხაზეთი ყოფილა. ეს პრივიტივიზმის გამოხატულებაა.
მაინც რამ უნდა შეაჩეროს რუსეთის აგრესია?
- ეს ჩვენი კი არა, დასავლეთის გასაკეთებელია. სააკაშვილი მაქსიმალურ კომპრომისზე უნდა წავიდეს, მაგრამ უსაშველოზეც არა. დაშვებული შეცდომები უნდა გაირკვეს. მიშა მაჭავარიანი რომ გაიძახის, თითს არავის დავაქნევინებთო, იმას თავისი გაჭირვება აქვს. იცის, რომ თითის საქნევია... მაგათ მარტო თითს კი არა, მერე სხვა რამესაც დაუქნევენ. ქვეყანაში დელეგაციები რომ ჩამოდიან, შეხედეთ, რა ხდება, აეროპორტში გოგო-ბიჭობა ხვდება... ამაზე კი თვალი 4 მილიონმა ადამიანმა დავხუჭეთ.. ოპოზიცია რას აკეთებს და ხელი რომ დაიბანა, ეს კიდევ საერთოდ სხვა თემაა...
http://presa.ge/index.php?text=news&i=3494
