საქართველოს ხელისუფლებას მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა - ბურჯანაძე
საქართველოს ხელისუფლებას მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა - ბურჯანაძე
| სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 აგვ.'08 / 20:28 |
საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ”მწვავე კითხვებზე” პასუხის გაცემა ქვეყანაში შექმნილ ”ტრაგიკულ” მდგომარეობაზე მას შემდეგ, რაც რუსული ძალები გავლენ, იუწყება 18 აგვისტოს ”როიტერი” პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სიტყვებზე დაყრდნობით.
ბურჯანაძე ასევე აცხადებს, რომ ის უახლოეს ხანებში პოლიტიკურ პარტიას შექმნის, რადგან ”ზუსტად ახლა უნდა ვითამაშო აქტიური პოლიტიკური როლი ქვეყანაში”.
მისი თქმით, ომის პირობებში ერთიანობა ქვეყნის შიგნით სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. ანალოგიური პოზიცია გაახმოვანეს დღეს რესპუბლიკური პარტიისა და ახალი მემარჯვენეების ოპოზიციონერმა ლიდერებმაც.
”მნიშვნელოვანია ხალხის ერთიანობის ჩვენება, იმის ჩვენება, რომ ხალხი ერთიანია და აქვს იმედი და შეგრძნება იმისა, რომ გადალახავენ ყველა სირთულეს,” - განაცხადა მან, ”მაგრამ ეს ერთია და ზეიმი მეორე. ჩვენ არაფერი გვაქვს საზეიმო”.
მას სავარაუდოდ მხედვებელობაში ჰქონდა 12 აგვისტოს, პარლამენტის შენობის წინ ხალხმრავალი აქციის სულისკვეთება, სადაც რუსულ სამხედრო აგრესიას აპროტესტებდნენ და დროდადრო პატრიოტული სიმღერებიც სრულდებოდა.
”ქართველი დედები ძალიან მამაცები არიან და ისინი მზად არიან თავიანთი შვილები, თავიანთი ვაჟები გაუშვან საბრძოლველად, ქვეყნის დასაცავად,” - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”მაგრამ ქართველ დედებს, ყველა დედას მსოფლიოში აქვს უფლება იცოდეს რისთვის აკეთებენ ამას”.
”შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ რუსული ტანკები თბილისიდან 20-25 წუთის სავალ მანძილზე იქნებოდნენ, ის, რომ ამდენი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირი გვეყოლებოდა და ამდენი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში,”- განაცხადა მან.
”ვშიშობ, ხელისუფლებისთვის არ იქნება ადვილი უპასუხოს ყველა ამ კითხვას,” - დასძინა მან.
ნინო ბურჯანაძე, ამჟამად დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტი
, აქტიურ პოლიტიკას მოულოდნელად აპრილში, საპარლამენტო არჩევნების წინ ჩამოშორდა. ამით მან ქვეყანაში მეორე პირად დარჩენაზე თქვა უარი. მან მაშინ ხელისუფლების მწვავე კრიტიკას თავი აარიდა და უარყო, რომ ოპოზიციაში აპირებდა გადასვლას. ბურჯანაძე 2003 წლის ვარდების რევოლუციის აქტიური მონაწილე და პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი იყო ხუთი წლის განმავლობაში.
