სააკაშვილი მოსკოვის ”უკანონო” და ”თავხედურ” გადაწყვეტილებაზე საუბრობს
სააკაშვილი მოსკოვის ”უკანონო” და ”თავხედურ” გადაწყვეტილებაზე საუბრობს
| სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აგვ.'08 / 20:27 |
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პასუხი რუსეთის ”სტატეგიულ” შეცდომაზე საქართველოს ორი რეგიონის ცალმხრივად აღიარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს ”სიმშვიდე” და შემდგომი ინტეგრაციის გაგრძელება ნატოში და ევროკავშირში.
”რუსეთის დღევანდელი ნაბიჯი არის მთლიანად უკანონო და მას არანაირი სამართლებრივი შედეგები არც საქართველოსთვის და არც დანარჩენი სამყაროსთვის არ გააჩნია,”- განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში 26 აგვისტოს საღამოს.
მისი თქმით, რუსეთმა დაუშვა ”წარმოუდგენელი სტრატეგიული შეცდომები” მიაყენა რა ზიანი მის ადგილს საერთაშორისო საზოგადოებაში.
”რუსეთმა სცადა დაეკანონებინა კონტროლი თუ მთელ საქართველოზე არა მის ორ რეგიონზე მაინც და მან მიიღო ზუსტად ის, რისი ყველაზე მეტად თავიდან აცილება უნდოდა მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში,”- აღნიშნა მან.
”საქართველომ მიიღო იმხელა საერთაშორისო მხარდაჭერა და იმხელა სოლიდარობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ამას ჩვენ ვერ შევძლებდით, რომ არა რუსეთის ბოლო დროინდელი ძალიან მძიმე შეცდომები,”- განაცხადა მან.
მისი თქმით, ახლა საქართველოს უპირველესი ამოცანაა დაჩქარებული ინტეგრაცია ნატოში და ევროკავშირში.
”ჩვენ უკვე გვაქვს პირველი სერიოზული სიგნალები ამ მიმართულებით,”- აღნიშნა მან.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველომ ასევე მიიღო სერიოზული დაპირება ეკონომიკური და უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უკვე გასცდა მოსკოვთან თბილისის ურთიერთობის ფარგლებს და გახდა ”საკითხი რუსეთსა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის”.
