სოსო ცისკარიშვილი: "ვეჭვობ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი წინამორბედების ბედს გაიზიარებს"
სოსო ცისკარიშვილი: "ვეჭვობ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი წინამორბედების ბედს გაიზიარებს"
ინტერვიუ პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან- ბატონო სოსო, საუბარი ქართული ოპოზიციური სპექტრის ორ შტოზე დავიწყოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელ შტოს ენდობა საზოგადოება კონსტრუქციულ ანუ საპარლამენტოს თუ არასაპარლამენტო ოპოზიციას?
- საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართ საზოგადოების ნდობა და მათი რეიტინგი ხელისუფლების ქმედებეზე და მის ავტორიტეტზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევვაში თუ ხელისუფლება საკუთარ ხალხთან იქნება მართალი, თუ დემოკრატია არ იქნება ტყვეობაში, თუ სასამართლო იქნება თავისუფალი და ამასთან, სატელევიზიო სივრცე გათავისუფლდება, საზოგადოების ნდობა საპარლამენტო ოპოზიციისკენ გადაიხრება. და თუ ამ ყველაფერის გაკეთებას ხელისუფლება ვერ მოახერხებს ან არ შეეცდება, მაშინ ნდობის მანდატი არასაპარლამენტო ოპოზიციას დარჩება.
- სწორედ საზოგადოების ნდობის თვალთაზრისით, რამდენად სჭირდება არასაპარლამენტო ოპოზიციას გაერთიანება და უკვე ახალი გაერთიანებისთვის სრულიად ახალი ლიდერის მოძიება?
- დღევანდელი მდგომარეობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არ ვიცით ცალკეული პარტიების პროგრამები და მათი ჩამოყალიბებული ხედვა, ჩემთვის გაუგებარი და ძნელი სათქმელია, რა არის ის საერთო, რომლის გარშემოც ისინი გაერთიანდებიან. შესაძლებელია, რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას აქვს ერთი და იგივე მოთხოვნა, თუმცა ეს სულაც არ არის პოლიტიკური გაერთიანებისათვის საკმარისი საფუძველი. ჩემი აზრით, ვიდრე ქვეყანა საარჩევნო რეჟიმზე გადავა პარტია, ამომარჩეველთა ცნობიერებაში დამოუკიდებლად დამკვიდრებას უნდა ცდილობდეს.
- რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ოპოზიციის ახალ ლიდერად ნინო ბურჯანაძე მოგვევლინოს?
- გამორიცხული არაფერია, თუმცა ეს ოპოზიციაზე და თავად ნინო ბურჯანაძაზე არ არის დამოკიდებული, ეს უპირველესად დამოკიდებულია საზოგადოების იმ დაკვეთაზე, რომელიც არც თუ შორეულ მომავალში წარმოჩნდება. ეს ყველაფერი მაშინ იჩენს თავს, როგორც კი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღია დისკუსიები გაიმართება. ასევე, დაიწყება მსჯელობა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.
არ გამოვრიცხავ, რომ ინტერესეთა გამოკვეთა და შესაბამისად თანხვედრა ახალ წლამდეც არსებობდეს, თუმცა ამ ეტაპზე ასეთ თემაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია.
- ნინო ბურჯანაძემ საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ უკვე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური კარიერის გაგრძელების როგორ გზას აირჩევს იგი, შეუერთდება რომელიმე პოლიტიკურ გუნდს თუ მოღვაწეობას ცალკე, საკუთარი პარტიის ლიდერის ამპლუაში გააგრძელებს?
- ვფიქრობ, საკუთარი პარტიის ჩამოყალიბება პოლიტიკაში წარმატების მისაღწევად სულაც არ არის აუცილებელი, რამეთუ საქართველოს სამივე პრეზიდენტი სწორედ საკუთარ პარტიებს შეეწირნენ.
საკუთარი პოლიტიკური პარტიების მიმართ გადამეტებულ ინტერესსა და ზრუნვას გადაყვნენ თავის დროზე გამსახურდია და შევარდნაძე. ისინი "მრგვალ მაგიდას" და "მოქალაქეთა კავშირს" პოლიტიკურ საფლავში ჩაყვნენ. სააკაშვილიც, როგორც ჩანს მათ ბედს გაიზიარებს და ისიც, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საფლავში აღმოჩნდება.
- ანუ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ამოწურავს კონსტიტუციით გათვალისწინებულ საპრეზიდენტო ვადას?
- სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის გაყენების მოლოდინი ნამდვილად არსებობს. საქართველოს პირველი პირის გადადგომას არა მარტო რუსეთში და საქართველოში, არამედ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც ელიან, თუმცა საქართველოს ხელისუფლების არაკონსტიტუციურად გადაყენების საკითხს ვერცერთ ქვეყანაში ვერ მიიღებენ, რადგან ეს გადაწყვეტილება თავად სააკაშვილის მისაღებია.
მინდია აფციაური
საინფორმაციო სააგენტო "პირველი"
