ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინა
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინა
[ნონა ყანდიაშვილი]ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრთა განაცხადებით, ოჯახის ადვოკატებმა ქართულ სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინეს, რომლებიც მოწმობენ, რომ დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ჯოზეფ ქეიმ პატარკაციშვილის მემკვიდრეობის მართვის უფლება მიიღო, ყალბია.
ადვოკატების განცხადებით, მათ ქართულ სასამართლოს წარუდგინეს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სასამართლო ექსპერტის, ნიუ-იორკელი ლესნევიჩის დაწვრილებითი ანგარიში. მატი თქმით, ლესნევიჩმა იმ დოკუმენტების ასლები შეისწავლა, რომლებსაც თითქოსდა ბადრი პატარკაციშვილმა მოაწერა ხელი და რომელმაც ჯოზეფ ქეის ფართო უფლებები მიანიჭა პატარკაციშვილის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.
ბატონმა ლესნევიჩმა ამ ”დოკუმენტებზე” დაფიქსირებული ხელმოწერა ბადრი პატარკაციშვილის 82 ორიგინალურ ხელმოწერას შეადარა და ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდა – ქეის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაფიქსირებული ხელმოწერები ყალბია.
- ”ახლა, როდესაც დოკუმენტების სიყალბის დამამტკიცებელი ახალი ფაქტები არსებობს, ქეის პრეტენზიები სხვა არაფერია, თუ არა თაღლითობა “, - ამბობს ბიზნესმენის ქვრივი ინა გუდავაძე და დასძენს: “მას ბადრის აქტივებთან საერთო არაფერი არ უნდა ჰქონდეს და სამართლიანობა მოითხოვს მისი პრეტენზიების გამოთხოვას მემკვიდრეობის განკარგვაზე”.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებით, ჯოზეფ კეის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ პასუხობენ ქართული კანონების მოთხოვნებს ანდერძის შედგენისა და მემკვიდრეობის განმკარგავის დანიშვნის თაობაზე.
უფრო მეტიც, ქეიმ და მისმა ადვოკატებმა ქართულ სასამართლოს, მხოლოდ დოკუმენტების არასრული ქსეროასლები წარუდგინეს და მიუხედავად ოჯახის მუდმივი მოთხოვნისა, დოკუმენტების ორიგინალები არ წარმოუდგენიათ.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები შეწუხებულნი არიან იმით, თუ როგორ იყენებს ჯოზეფ ქეი სასამართლოს მიერ მინიჭებულ უფლებას.
- ”ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა სასამართლომ ჯოზეფ ქეის ეს უფლებები მისცა”, - ამბობს ინა გუდავაძე და დასძენს - ”ახალი მტკიცებულებები მეტად წონადია და აჩვენებს, რომ ქეის პრეტენზიები ბადრის მემკვიდრეობის განკარგვაზე, სხვა არაფერია, თუ არა თაღლითობა. შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ ქართული სასამართლო მომავალშიც დაიჯერებს ჯოზეფ ქეის სიცრუეს და ამიტომაც სამართლის სწრაფი აღსრულების იმედი გვაქვს”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4062