ოპოზიცია 7 ნოემბრისთვის ემზადება
ოპოზიცია 7 ნოემბრისთვის ემზადება
[ნინო მიქიაშვილი]ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა 7 ნოემბერს რუსთაველსა და შემდეგ რიყეზე მშვიდობიანი მომიტინგეების მომწამლავი გაზითა დარეზინის ტყვიებით დარბევისა და ტელე-იმედში სპეცნაზის შეჭრის წლისთავი შესაძლოა საპროტესტო აქციით აღნიშნონ.
რა რეაქცია ექნებათ მათ, თუკი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აქციაზე მივა და როგორ მოიქცევიან პარლამენტარები გია თორთლაძე და ჯონდი ბაღათურია, რომლებიც 2-7 ნოემბრის აქციის აქტიური მონაწილეები და ორგანიზატორები იყვნენ, ამას თავად მათგან შეიტყობთ.
“რეზონანსი” ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ტელეფონით დაუკავშირდა და 7 ნოემბერთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.
მოძრაობა “ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ 7 ნოემბერი მრავალათასიანი საპროტესტო მანისფესტაციით უნდა აღინიშნოს.
- “ამ დღეს ქართველი ერი კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პროტესტს არა მარტო იმისთვის, რაც ერთი წლის წინ მოხდა, არამედ ეს იქნება თავისუფლების გამოძახილი, პროტესტი ხელისუფლების მიმართ იმის გამოც, რაც მან 7 ნოემბრის შემდეგ ჩაიდინა - ეს არის გაყალბებული არჩევნები და ეს არის ყველაზე მძიმე, წაგებული ომი, რომლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ხერხემალშია გადატეხილი. ველოდები, რომ ამ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გარეთ გამოვა, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, სამშობლოს სიყვარული, დამოუკიდებლობა, ეროვნულობა მთავარი და ღირებულია. ჩვენ ვაპირებთ რომ ამ დღის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ”.
კითხვაზე - რა რეაქცია გექნებათ, თუკი აქციაზე პარლამენტისყოფილი თავმჯდომარე მოვა? ბესელიამ მოგვიგო: “მას ამ აქციისდარბევის საქმეში თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია;ბურჯანაძემ დარბევა გაამართლა და თუ ახლა აქციაზე მოვა, მაშინმან ეს უნდა ახსნას”.
“ეროვნულ ფორუმს” 7 ნოემბერს გასამართი ღონისძიების შესახებჯერჯერობით არანაირი გეგმები არ აქვს. როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა გვითხრა, ამ საკითხზეპარტნიორ ორგანიზაციებთან მოითათბირებენ.
საპროტესტო აქციის გამართვის შემთხვევაში ბურჯანაძის მისვლასთან დაკავშირებით მელაშვილი ამბობს: “არა მგონია თავად მას გაუჩნდეს ამის სურვილი, მაგრამ თუ გაუჩნდა, მიტინგზე მოსვლას ვერავის დაუშლი. თუმცა, იმ ხალხს, რომელიც იქ შეიკრიბება, ბურჯანაძემ, როგორც იმ ხელისუფლებისწარმომადგენელმა, რომელმაც ერთი წლის წინ რეზინის ტყვიები დაუშინა, ბოდიში მაინც უნდა მოუხადოს”.
- “პოლიტიკური ძალები ერთობლივად ჩამოვყალიბდებით, 7 ნოემბერს საპროტესტო აქცია იქნება თუ მომავალი სტრატეგიის გამოცხადების აქცია. დაზუსტებით ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ დღეს ოპოზიციას მკაფიო და აქტიური პოზიცია ექნება,” - გვითხრა ფიქრია ჩიხრაძემ “ახალი მემარჯვენეებიდან”.
ჩვენს კითხვაზე - იმ დღეს იქნება თუ არა ოპოზიციის გვერდით ნინო ბურჯანაძე - ფიქრია ჩიხრაძემ მოგვიგო: “ჯერჯერობით რასაც ნინო ბურჯანაძისგან ვისმენ, ეს არ არის ის პოზიცია, რომელიც სიმართლესთან ახლოსაა და თუ მას სიმართლის თქმის რესურსი აქვს, ეს უნდა გამოიყენოს და თქვას, მაგრამ თუ ეს რესურსი არ გააჩნია,მაშინ ვერც 7 ნოემბერს და საერთოდ ძნელად წარმომიდგენია ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის გვერდით”.
“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის აზრით, სასურველია რეალურმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი გეგმა შეადგინონ.
- “და თუ 7 ნოემბერი საერთო გეგმის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, მაშინ ეს საქმეს ძალიან წაადგება. სრულიად ნათელია, რომ 7 ნოემბერი ისე არ ჩაივლის, როგორც ხელისუფლებას უნდა. დანარჩენი დამოკიდებულია ოპოზიციის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და საერთოდ, ჩვენი საზოგადოების შეთანხმებაზე, რა ფორმით უნდა მივიდეთ 7 ნოემბრამდე და როგორ გავაგრძელოთ 7 ნოემბრის შემდეგ. ჯერ რაიმე კონკრეტულზე საუბარი, ვფიქრობ ნაადრევია,” - მიიჩნევს ბერძენიშვილი;
ბურჯანაძის აქციაზე მისვლის შესაძლობას კი ასე აფასებს: “დღეს ეს აქტუალური საკითხი არ არის. მე ვიცი, რომ “რესპუბლიკური პარტია” საზოგადოებრივი აქტიურობის დროს, ბუნებრივია, ყოველთვის ავანგარდში იქნება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ვარდების რევოლუციის” დროს ტელევიზიის ყოფილი უფროსი პარტიების შექმნას აპირებენ. ვუსურვებ ადეკვატურობას და რთულ, ეკლიან ოპოზიციურ-პოლიტიკურ გზაზე წარმატებებს. მათ კითხვებზე პასუხი აქვთ გასაცემი და რეაქცია როგორი იქნება, ეს მათზეა დამოკიდებული, წინასწარ ინდულგენციას ბუნებრივია ვერავინ მიიღებს”.
7 ნოემბერს აქცია თუ გაიმართება, “ლეიბორისტები” მივლენ. ამის შესახებ სოსო შატბერაშვილმა განგვიცხადა: “7 ნოემბერი ოპოზიციამ კი არა, ქართველმა ხალხმა უნდა აღნიშნოს, როგორც დიდი ტრაგედიის დასაწყისი. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს - მას, როგორც 7 ნოემბრის დარბევის ბრძანების ერთ-ერთ გამცემს, საპროტესტო აქციაზე მისვლის არანაირი მორალური უფლება არ აქვს, მაგრამ თუ მაინც მივა, რას ვიზამთ?! ქალბატონია და მას ვერც დაუსტვენ, ვერც შეეპასუხები და ვერც გალანძღავ”.
იმაზე, აპირებს თუ არა ნინო ბურჯანაძე აქციის ჩატარების შემთხვევაში იქ მისვლას, მისმა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაკო ბიგვავამ განგვიცხადა, რომ გუშინ ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებასთან მიმართებაში კონკრეტული კითხვები დასვა და ბურჯანაძის შემდგომი ნაბიჯები ხელისუფლების მიერ გაცემული პასუხების შესაბამისი იქნება.
7 ნოემბერთან დაკავშირებით თარგამაძის “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” ჯერ არ უფიქრია და გამომდინარე აქედან, ამ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე პარტიის სახელით ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობს.
- “თუმცა, მე მაინც მგონია 7 ნოემბერი ჩვენთვის უპირველესად არის “იმედის” დარბევა-დახურვის დღე და უფრო “იმედთან” დაკავშირებით გვექნება რაიმე მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი; ეს ჩემი პირადი აზრია. საპროტესტო აქცია თუ გაიმართება მივალთ თუ არა? ნებისმიერ შემთხვევაში ეს დღე უპირველესად ჩვენ გვეხება და ცხადია რომ ნებისმიერი ტიპის ღონისძიებაში, რომელიც 7 ნოემბერთანაა დაკავშირებული, ჩვენ აქტიურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა”. – მიაჩნია ვეფხვაძეს
“ქართული დასის” ლიდერი, პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ 7 ნოემბერს მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია უნდა შედგეს და პროვოკაციები ორივე მხრიდან კატეგორიულად გამოირიცხოს.
- “7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. შეგახსენებთ რომ მე 2007 წლის 7 ნოემბრის აქტიური ორგანიზატორი და მონაწილე ვარ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს არის სამარცხვინო ლაქა, რომელიც არასდროს უნდა განმეორდეს. რაც შეეხება ბურჯანაძის შესაძლო მოსვლის საკითხს - ნებისმიერი პოლიტიკოსის მოსვლას მივესალმები, ვინც იტყვის რომ 7 ნოემბერი იყო დანაშაული, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს”.
ბაღათურისგან განსხვავებით, პარლამენტარი გია თორთლაძე (რომელიც ასევე 2-7 ნოემბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო) დღეს ამბობს: “აქციის ორგანიზატორებმა პოლიტიკოსები დაპოლიტიკური პარტიების ლიდერები უნდა მიიწვიონ. თუ არ მიმიწვევენ, მე არ მივალ. ჩემთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რა მოთხოვნა ექნება ამ აქციას. ასე რომ, შევხედავ, მე წინასწარ უარს არაფერზე ვიძახი”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4196