საქართველოში პოლიტიკური ”ატკაზნიკები” მომრავლდნენ
საქართველოში პოლიტიკური ”ატკაზნიკები” მომრავლდნენ
[გაზეთი ”კომერსანტი”]პოლიტიკური თვითგადარჩენისა და სამომავლოდ, კვლავ დაბრუნების მიზნით, თანამოაზრეებთან გამიჯვნა და ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წასვლა, ქართულ პოლიტიკაში უცხო არ არის. რატომ და რა დროს მიდიან ხელისუფლებიდან ოპოზიციაში? რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ქართულ პოლიტიკაში, ამ თემებზე ”კომერსანტს”, ეკონომიკის ექსპერტი, პოლიტოლოგი, სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა. რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა ეროსი კიწმარიშვილმა. იგი ემიჯნება მიხეილ სააკაშვილს. თქვენი აზრით, მაინცდამაინც ახლა რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი და არა რამდენიმე თვის წინ. ეს ყველაფერი იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ გლობალურ ქართულ პოლიტიკაში რაღაც იცვლება?
მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელმაც ხელისუფლებასთან დაპირისპირების მზადყოფნა სულ ახლახან აჩვენა, ზურაბ ნოღაიდელია. თუმცა საზოგადოება ორივე მათგანის მიმართ კრიტიკული აღმოჩნდა სწორედ იმის გამო, რომ წლების მანძილზე მათ ეკავათ ქვეყანაში რანგით მეორე და მესამე პოსტები, საჯაროდ არასოდეს ყოფილან კრიტიკულნი ხელისუფლების მიმართ. ბატონი ნოღაიდელი დღეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აკრიტიკებს. ეკონომიკური კუთხით, ქვეყნის მძიმე რეალობამდე მიყვანაში კი რატომღაც, საკუთარ როლს აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს. სინამდვილეში, ნოღაიდელი არანაკლებ მართული იყო, ვიდრე დღევანდელი პრემიერ–მინისტრი, თან ორივე მათგანს ერთი და იგივე პირი, კახა ბენდუქიძე მართავდა.
რაც შეეხება ახლადგამომცხვარ ოპოზიციონერს და რუსეთიდან გამოწვეულ ელჩს, ეროსი კიწმარიშვილს, ცოტა ხნის წინ ის ”კვირის პალიტრის” ენაწყლიანი რესპოდენტის რანგში ვიხილეთ, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა სიტუაცია და გვაცნობა, რომ სააკაშვილის გუნდში თავს აღარ მოიაზრებს. ხელისუფლება, რომელსაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ ავტორიტეტი აბსოლუტურად შეერყა, პოპულარული საკუთარ მხარდამჭერებშიც აღარ არის.
კიწმარიშვილის შემთხვევა, ჩემი აზრით, კერძო შემთხვევაა, რომლის განზოგადება საკმაოდ რთულია. ეროსი კიწმარიშვილი 2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის გამარჯვების ძირითადი შემოქმედი გახლდათ. რამდენიმე თვის განმავლობაში პრეზიდენტობის კანდიდატთან რეგულარულად ჰქონდა კონტაქტი. საზოგადოებას კი იმ პერიოდთან დაკავშირებული ბევრი მზაკვრობა დაამახსოვრდა, რომლის ავტორობისგან კიწმარიშვილს მომავალში გამიჯვნა მოუწევს, თუ კი საამისოდ რაიმე არგუმენტი გააჩნია.
თავის დროზე რატომ გაუშვეს ეროსი კიწმარიშვილი საქართველოდან? ამბობდნენ, რომ ბიზნესწილებთან დაკავშირებით ზედმეტი მოინდომა.
- იცით, ეროსი სულით და გულით ბიზნესმენია. მას ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი იმისთვის, რომ წარმატებული ბიზნესმენი ყოფილიყო. ვფიქრობ, ბიზნესმენი, რომელიც განაცხადებს, რომ მეტი აღარ სურს, უფრო მეტ შეკითხვას ბადებს. მადის არმქონე ბიზნესმენმა შესაძლოა მონაპოვარიც დაკარგოს. თუმცა ბიზნესის წარმატება თეორიულ საფუძვლებს ემყარება. მხოლოდ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ამოფარებული ბიზნესმენი წარმატების შემთხვევაში ოლიგარქად მოინათლება, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ბევრი უსიამოვნო ეპითეტის მოსმენა მოუწევს.
რატომ არ მოჰყვა გაოპოზიციონერებული პოლიტიკოსების გამოსვლას ხელისუფლების მხრიდან კონტრშეტევა? განსაკუთრებული სიმშვიდე ბურჯანაძესთან დაკავშირებით გამოავლინეს.
- იცით, ბურჯანაძემ ხელისუფლებიდან წამოსასვლელად ისეთი მომენტი შეარჩია, რომ ყოფილი თანამოაზრეებისთვის ხმამაღალი ანგარიშსწორების საფუძველი არ მიუცია. გარდა ამისა, საკუთარი გუნდისგან შორსწამსვლელად არ მოიაზრებოდა. პირველი, რაც მაშინ გააკეთეს, საარჩევნო სიებიდან ბურჯანაძის გუნდთან ასოცირებული ადამიანების ამოღება იყო.
ბურჯანაძესთან დაპირისპირება ჯერ წინ არის. თუ ქალბატონი ნინო შემოტევებისთვის მზად არ არის, მაშინ შეიძლება ითქვას, მისი მხრიდან ხელისუფლებისგან გამიჯვნა არასწორი გადაწყვეტილება იყო. ჩემი აზრით, ბურჯანაძემ ყველაფერი გათვალა. ნოღაიდელისთვის კი ჯერ ბოლომდე ვერ მოიცალეს. ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა არაერთი საზრუნავი აქვთ. როგორც ჩანს, კოორდინაციას ვეღარ ახერხებენ, სად წავიდნენ და რა მოიმოქმედონ. მაგალითად, საქართველოს სტრასბურგში, ტრადიციულად, სამკაციანი დელეგაცია წარმოადგენს. გინესის წიგნში შესატანი ფაქტია, რომ ყოფილი დელეგაცია, ამჟამინდელი დელეგაცია და პარლამენტართა ე.წ. ტურისტული ჯგუფი ამ დღეებში სტრასბურგში ვიხილეთ. პირადად მე, ტელეეკრანზე ცხრა თუ ათი კაცი დავთვალე.
ეს ყველაფერი ხომ ბიუჯეტის ხარჯზე ხდება... ასე რომ, ცალკეული პიროვნებების მიმართ დასაპირისპირებლად, ჯერჯერობით, ვერ მოიცალეს. თუმცა საკმარისია, ჩვენს სამართალდამცავებს დავალების სახით ერთი სიტყვა უთხრან, პრესაში და მით უმეტეს, ტელევიზიაში ყველა განზეგამდგარი პოლიტიკოსი თავდასხმის ობიექტი უმალ გახდება. მეორე მხრივ კი ხელისუფლებას გარკვეული კონცენტრირება, პრიორიტეტის შერჩევა სჭირდება, თუ ვის შეუტიოს.
ნელ-ნელა იმდენი ადამიანი გამოაკლდებათ, ყველასთან დაპირისპირების ძალა არ ექნებათ. ამ დროისთვის პოლიტიკური პროცესების განვითარებას აკვირდებიან. ტექნიკის მეშვეობით, მაკომპრომეტირებელი მასალები კი დღეს ისე მარტივად იქმნება, როგორც არასდროს. კომპრომატების დალაგება მაშინ დაიწყება, როდესაც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სიტუაცია უფრო დაიძაბება. ეს საქმე კი ხელისუფლებას ძალიან კარგად ხელეწიფება. მაკომპრომეტირებელი მასალების შემქმნელი დიდოსტატების შრომას კვლავ დააფასებენ.
მმართველი გუნდიდან განდგომილი პოლიტიკოსები თავიანთ მდგომარეობას, როგორც წესი, პოლიტიკური რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. შევარდნაძის ეპოქასთან პარალელების გავლებაც შესაძლებელია. რამდენად ნიშანდობლივია ეს ქართული პოლიტიკისთვის. არსებობს თუ არა მსოფლიო პოლიტიკაში მსგავსი სინდრომი?
- იცით, მსოფლიოში (განვითარებულ ქვეყნებს ვგულისხმობ) ადამიანი პოლიტიკაში არ მოდის ”არსაიდან”. მას აქვს პირადი წარსული და დამსახურება, რათა პოლიტიკის მაღალ Eეშელონებს მიაღწიოს. გარდა ამისა, შესანიშნავად აქვთ გაცნობიერებული, არჩევითი მანდატის ამოწურვის შემდეგ, სად გააგრძელებენ საქმიანობას. საქართველოში ლამის წესად ჩამოყალიბდეს დეპუტატისთვის წარსულისა და ბიოგრაფიის არარსებობა. თუმცა საკუთარ თავს პირველივე ინტერვიუში მოღვაწეს უწოდებენ. საქართველოში ხომ აღარავინ საქმიანობს, ყველა მოღვაწეობს.
ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანი, რომელიც რაიმე მიზეზით თანამდებობას საკუთარი ინიციატივით ტოვებს და პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ ცდილობს. საქართველოში ამის ზნეობრივ მაგალითად ავსტრიაში, აშშ-სა და შვეიცარიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან მიქელაძე მიმაჩნია. მან 7 ნოემბრის საღამოს, როგორც ავტორიტარული ქვეყნის ხელისუფლების ქმედებით შეურაცხყოფილმა დიპლომატმა თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ არც სამსახური უთხოვია და არც ხმამაღალი განცხადება გაუკეთებია. წავიდა უჩუმრად, მაგრამ ადამიანური და პროფესიული ღირსება შეინარჩუნა. როდესაც ქართული საზოგადოება მსგავს ადამიანებს კვლავ მოიძიებს და პატივს სცემს, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად დაადგა დემოკრატიისა და განვითარების გზას.
რა მოხდება თუ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები პოლიტიკურად თავს გადაირჩენენ და ხელისუფლებაში კვლავ მოვლენ? ქართული საზოგადოება, როგორც წესი, მსგავსი ფაქტების მიმართ ინდიფერენტულია და ყველაფერს ადვილად ივიწყებს.
- სამწუხაროდ, საქართველომ საკუთარი ქვეყნის მართვის ბერკეტი დროებით დაკარგა. ხელისუფლებამ ომობანას თამაშით სრული უპასუხისმგებლობა გამოიჩინა. უამრავი დაღუპულისა და უსახლკაროდ დარჩენილის სახით, ტრაგიზმი ჩვენს რეალობად იქცა. ხელისუფლებამ და საზოგადოებამ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით არაადეკვატური რეაქცია გამოავლინა.
დამარცხებული და შერცხვენილი ქვეყნის სტატუსი გვაიძულებს, გარეშე ძალების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების მომლოდინენი ვიყოთ. ქვეყნის შიგნით გამოთქმულ სწორ და მნიშვნელოვან იდეაზე უფრო მეტი ძალა ამერიკისა და ევროპის აქტიურობას და თუნდაც, რუსეთის მზაკვრობას აქვს.
ანუ საქართველოში ისეთი ფონია შექმნილი, რაც არა მარტო ჩვენს მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს აძლევს პოლიტიკაში უმტკივნეულოდ დაბრუნების შანსს. დღეს ჩვენი საზოგადოება დაბნეულია. მედიის, როგორც ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქცია – დამახინჯებული. როდესაც დემოკრატია ტყვეობაშია, მხოლოდ სიტყვიერი ტალღა ვერ გაათავისუფლებს. ყველა ქმედებასა და შედეგს ელოდება. ძნელია, გათვალო, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს უსაზღვრო მოლოდინი.
არსებულ ვითარებაში, ტელევიზიების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფად დაბრუნებაზე საუბარი, მომიტევეთ, მაგრამ ან უმეცრებაა, ან ხელისუფლების მიერ საკუთარი შეცდომისა თუ დანაშაულის სრული გაუცნობიერებლობაა. ასეთ პირობებში მცხოვრებ საზოგადოებას მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთებასა და ღირსეული კანდიდატების ამოცნობას, უბრალოდ, ვერ მოთხოვ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4249