ნინო ბურჯანაძემ მკვეთრად ”ოპოზიციური” პარტია დააარსა
ნინო ბურჯანაძემ მკვეთრად ”ოპოზიციური” პარტია დააარსა
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ახალი პარტიის - ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ახალი პარტია მკვეთრად ოპოზიციური იქნება.ბურჯანაძე განმარტავს, რომ ერთიანობაში უპირველესად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზოგადოების ერთიანობა იგულისხმება. პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანა დღეს არსებულ კრიზისამდე ხელისუფლების შეცდომებმა მიიყვანა.
- ”რუსეთის უშუალო კონტროლს დაექვემდებარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს დამატებითი ტერიტორიები - ახალგორი და კოდორი დაემატა. 1’500 ე.წ. სამშვიდობოს ნაცვლად საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის რეგულარული ჯარის რამდენიმე ათასი ჯარისკაცია. რუსეთი ქმნის ახალ საზღვრებს და ახალ სამხედრო ბაზებს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ქვეყნისთვის საფრთხეების აცილება არ შეუძლიათ.
ბურჯანაძის განცხადებით, ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 23 ნოემბერს გაიმართება. მისი თქმით, ეს თარიღი სიმბოლურად შეირჩია, რამდენადაც 2003 წლის 23 ნოემბერს ხალხისთვის მიცემული დაპირების ერთგული რჩება.
პარლამენტის ექსსპიკერის შეფასებით, ხელისუფლებამ მიცემული დაპირება დაარღვია და დემოკრატიული სახელმწიფოს ნაცვლად ავტორიტარული რეჟიმი მივიღეთ.
ბურჯანაძის განცხადებით, პარტიაში გაერთიანებულნი იქნებიან არა ცნობილი პოლიტიკური სახეები, არამედ საკუთარი საქმის პროფესიონალები. მისი თქმით, პარტია ითანამშრომლებს ყველა იმ ძალასთან, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოღვაწებს.
ნინო ბურჯანაძის მიერ ადრე დაფუძნებული ”დემოკრატიული განვითარების ფონდი””დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველო”-სგან დამოუკიდებლად განაგრძობს მუშაობას
- ”დარწმუნებული ვარ, ფონდში დამოუკიდებელ შეფასებებს და ანალიზს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ არა მარტო ჩვენი პარტიის, არამედ სხვა პოლიტიკური ძალების და ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გააკეთებენ” - აღნიშნა მან
http://presa.ge/index.php?text=news&i=4529