ახალი პრემიერი ძველი დაპირებებით
ახალი პრემიერი ძველი დაპირებებით
[დავით კირვალიძე]ასე არ ჯობია! მოვიდა ახალი პრემიერი და მოიტანა ახალი დაპირებები. მართალია, ამ დაპირებებიდან ნაწილი შეუსრულებელი გურგენიძემ და იმის წინ კიდევ ნოღაიდელმა, მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ახალგაზრდა კაცი ახალი ენერგიით შეუდგა დაპირებების მიცემას. ასეთი უასაკო პრემიერი, რომ ამდენ დაპირებას გაიღებს უშურველად, ასაკში რომ შევა და დაღვინდება, მერე რაღას იზამს!
პირველი და მთავარი დაპირება ცნობილი 100-დოლარიანი ასაკობრივი პენსიას შეეხება. საქართველოს პენსიონერებო, აბა, ყური მიაპყარით მთავრობას! გურგენიძის დატოვებული დაპირების აღსრულება მომავალი წლიდან დაიწყება. სოციალური საპენსიო პაკეტის მოცულობის ზრდა ეტაპობრივად არის დაგეგმილი.
გეგა მგალობლიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ამომწურავი პირობა დადო. პრემიერული გეგმის გათვალისწინებით, სრულად ამოქმედდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100-ზე მეტი საავადმყოფო, ჯანდაცვის სადაზღვევო პეკეტის მოცულობა კი მილიონ 200 ათას ადამიანამდე გაფართოვდება, რაც ასევე ეტაპობრივად განხორციელდება.
ახალი მთავრობის პროგრამის - “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” თანახმად, მომავალი წლიდან პედაგოგთა ხელფასების ეტაპობრივად, 50 ლარით გაზრდა იგეგმება. აი, სად გამოდგა წინა პრემიერების დაპირება.
პროგრამის მიხედვით, ხელფასების ზრდა უახლოესი წლების მანძილზეც გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება ზრუნვა სკოლების ინფრასტრუქტურისა და სასწავლო პროცესის ინფორმატიზაციისათვის. კერძოდ, ინტერნეტი ყველაზე შორეული სოფლის სკოლებშიც ხელმისაწვდომი გახდება.
მთავრობა ასევე პირობას დებს, რომ სახელმწიფო სწავლებაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებას წაახალისებს და გამონახავს როგორც საუკეთესო მასწავლებელთა, ისე წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების ახალ ფორმებს.
პენსიები და ხელფასები რომ გაიზრდება, არაპენსიონერებს ხომ გული დასწდებათ. მათ რომ არ ინტარონ, ამ ნეტარ ქვეყანაში ნეტავი პენსონერების ყოფასო, მათთვის გადასახადების შემცირების დაპირება გაიცა.
პრინცპიში ესეც გურგენიძემ დაგვიბარა... მაგრამ ახალი პერმიერის თუნდაც ძველ სიტყვას სხვა პეწი აქვს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 25%-დან 15%-მდე დაიკლებს, კაპიტალზე დაწესებული გადასახადები კი გაუქმდება.
ასევე შემცირდება, სახელმწიფო წილი ეკონომიკაში: ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 29%-დან 22%-მდე დაიკლებს. მგალობლიშვილის საგადასახადო გეგმით, სხვა სახის გადასახადები პირად შემოსავლებზე არ აისახება.
- “ამის შედეგად მოხდება ინვესტიციების შემოდინებისა და მთლიანი კერძო სექტორის ზრდის სტიმულირება, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, კაპიტალის დაგროვებას და მის შემდგომ რეინვესტირებას”, - პროგნოზირებს საპრემიერო მგალობლიშვილი.
მისი ზეობის ეპოქაში კი ფინანსთა სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები მოსახლეობის დასაქმება და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვა იქნება.
ჩინოვნიკებსა და დიდმოხელეებს ხალხზე ზრუნვაში თვალები ამოუღამდებათ, ქანცი გაუწყდებათ და მათი ერთადერთი ნატვრა იქნება: “გაიხარე, მუშავ წამებულო!”
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატის კობა სუბელიანი კი კოდორის და ახალგორის მოსახლეობის დაბინავების შემდეგ, “ძველი” აფხაზეთიდან დევნილების ანალოგიური პროგრამებით დაბინავება-განთავსება იქნება. ყველანი დიდ და ნათელ ბინებში იცხოვრებენ, მაღალი ჭერი და მტკიცე საძირკველი ექნებათ, სველი წერტილები თავისთავად.
რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა მთავრობისთვის პრიორიტეტი გაისადაც იქნება. საყოველთაოდ ცნობილია თუ რა ტემპებით აღორძინდა ბოლო წლებში ქართული საოფელი.
გლეხები მარტოოდენ იმაზე ფიქრობენ როგორ დაიმორჩილონ ყამირი მიწები, რადგან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის განპირობებული სავარგულები უკვე დიდი ხანია ათვისებულია და ფერმერები ზეჭარბი პროდუქციის გასაღებისათვის ოკეანისგაღმა ეძებენ ბაზრებს, რადგან კონტინენტური ევროპა და აზია უკვე გაჯერებულია.
მთავრობის 2009 წლის პროგრამა, 2008 წლის მსგავსად 200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს, სადაც 10 ათასამდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო მთლიან პროცესში 100 ათასამდე გლეხური მეურნეობა ჩაერთვება.
2008 წლის პროგრამა, საწარმოებში 100 ათასამდე პირის დასაქმებას ითვალისწინებდა, 2009 წლის გეგმაში კი, მათი რიცხვი 10 ათასამდეა შემცირდა.
ახალი მთავრობა საირიგაციო, სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციის გზით სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის გაზრდასაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. პროგრამის თანახმად, მომავალ წელს რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა 1,5-ჯერ უნდა გაიზარდოს.
გარდა ამისა, სახელმწიფო გლეხებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზეც იზრუნებს. და რაღა რჩება ამისა შემდეგ... დროული გამოღვიძება და გამოფხიზლება!
http://presa.ge/index.php?text=news&i=4589