გუბაზ სანიკიძე: საქართველო ვერ გადარჩება, თუ სათავეში სააკაშვილი და ის პოლიტიკური ჯგუფი იქნება, რომე
გუბაზ სანიკიძე: საქართველო ვერ გადარჩება, თუ სათავეში სააკაშვილი და ის პოლიტიკური ჯგუფი იქნება, რომელიც მის უკან დგას
ხელისუფლება გვიან მიხვდა, რომ ქვეყნის გაერთიანება დისკოთეკებით არ შეიძლებოდა. ახლა ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჩვენი უბედურების სათავე არც რუსეთია, არც ამერიკა და არც მასონები - ჩვენი უბედურების სათავე მიხეილ სააკაშვილია - მიაჩნია რადიკალური ოპოზიციის ერთ ნაწილს და ასე ფიქრობს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძეც.
"ჯორჯიან თაიმსი" გუბაზ სანიკიძეს ესაუბრა.
"ჯორჯიან თაიმსი" გუბაზ სანიკიძეს ესაუბრა.
"ჯორჯიან თაიმსი": მალე პარლამენტში ახალ მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებენ, რას იტყვით პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე და რამდენად შეძლებს მგალობლიშვილი მთავრობის გაძღოლას?
გუბაზ სანიკიძე: ჩემი აზრით, პრეზიდენტს პოლიტიკური პედოფილია სჭირს. მგალობლიშვილზე არც კარგი ვიცი და არც ცუდი. მგონია, რომ საკმაოდ ინფორმირებული ადამიანი ვარ, მაგრამ ამ პერსონის შესახებ არაფერი გამიგია._ არა მარტო თქვენ, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი გრიგოლ მგალობლიშვილს არც იცნობს. იმასაც ამბობენ, რომ მომავალ პრემიერს მარტო სააკაშვილი და მისი ოჯახი იცნობს... _ სააკაშვილი ნორმალური არ არის. ის ფსიქიურად დაავადებულია. არ ვხუმრობ და არც უტრირებას ვაკეთებ. არის ასეთი ძველი თბილისური გამოთქმა - ვერ არის ჯანზე. ამიტომ, კაცი, როდესაც ჯანზე ვერ არის, მის ლოგიკას ჩვენ ვერ ჩავწვდებით. ამას ახლა ცხონებული ავლიპ ზურაბაშვილი სჭირდება. ბატონი ავლიპი ცოცხალი არ არის. თუმცა, მასაც ალბათ გაუჭირდებოდა მიხეილ სააკაშვილის შიზოფრენიის სიღრმეებში ჩაწვდომა. პოლიტიკური ანალიზი კი არა, ახლა მიხეილ სააკაშვილს სპეციალისტი სჭირდება. ვერ არის ჯანზე, ვერ ატყობთ, კაცო? რაიმეს აკეთებს იმის მაგვარს, ნორმალურ ადამიანს რომ ახასიათებს? ახლა გამოგვიცხადა ცხინვალში არც შევსულვართო. აგვისტოს დღეებში კი მთელი სამი დღე "გვაბოლებდა" მთელ საქართველოს, რომ ცხინვალი კი არა, თამარის საქართველო აღადგინა. _ ნინო ბურჯანაძე აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და თანაც რადიკალურ ოპოზიციაში. ამას როგორ აღიქვამთ ოპოზიციური პარტიები? _ ეს მისი უფლებაა და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იყოს ქართულ პოლიტიკაში. _ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ჯერ ბურჯანაძემ პასუხი უნდა აგოს იმ შეცდომებზე, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუშვა და მხოლოდ მერე იფიქროს ოპოზიციონერობაზე. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ? _ როცა ქალბატონი ნინო შეკითხვებს აგროვებს, ისინი მასაც ეკუთვნის. ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ოთხი წელი ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობის მიღება და მერე იმის თქმა, რომ არაფერ შუაში არ ვარო, ცოტა უპასუხისმგებლობაა. არ ვლაპარაკობ, რომ ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა პასუხი უნდა აგონ, მაგარამ პასუხი რომ უნდა გასცენ რაღაც რაღაცებს, ეს ნამდვილად ვიცი. _ ოპოზიცია შვიდი ნოემბრისთვის ემზადება, რას ფიქრობს ამ თარიღის შესახებ "ეროვნული ფორუმი" და რამდენად ხართ მომხრე იმისა, რომ ამ აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღოს? _ ჩვენ არა გვაქვს არანაირი ხედვა ამ თარიღთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ეს იქნება ერთი წლისთავი შარშანდელი შვიდი ნოემბრისა. _ რატომ? _ არაფერი არ ჩანს, შარშან ოპოზიცია ერთიანი მაინც ვიყავით. ახლა ყველა ცალ-ცალკე უნიშნავს თავის მომხრეებს ორ საათზე მიტინგს. _ ფაქტია, რომ ოპოზიცია ცალ-ცალკე ხართ. თუ არსებობს რაიმე სახის კოორდინაცია ერთმანეთთან, თუნდაც სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით? _ ჯერჯერობით არა, მაგრამ აუცილებლად იქნება და ალბათ ძალიან მალე. ყველაფერს თავისი დრო სჭირდება. ოპოზიცია იყოფა ორ ნაწილად _ პასუხისმგებელი ოპოზიციად და უპასუხისმგებლო ოპოზიციად. ვინც პასუხიმგებელ ოპოზიციაში არიან, ყველა ახდენს გადაფასებას. მათ შორის მეც გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და დანაშაულის შეგრძნებაც მაქვს იმისა, რომ ქვეყანა აქამდე არ უნდა მიგვეყვანა. ეს მარტო ხელისუფლების ბრალი არ არის. _ კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ საკუთარ თავს და კოლეგა ოპოზიციონერებს? _ უნდა როგორმე მოგვეთიოკა მიხეილ სააკაშვილი. _ როგორ? _ უნდა გვეიძულებუნა, რომ დათმობებზე წასულიყო. ჩვენ რომ ინაუგურაციის დღეს ხალხი დაგვეძრა, დღეს ქვეყანაში სხვა ვითარება იქნებოდა. ის სამოცი ქართული სოფელი დაკარგული არ იქნებოდა. _ გამორიცხავთ, რომ ნოემბერში ოპოზიცია გააქტიურდეს? _ არ გამოვრიცხავ. საპროტესტო აქციები იქნება, მაგრამ იქნება ჩამოყალიბება, დაჯგუფება და გადაჯგუფება. ახლა ეს მიდის და სავსებით ბუნებრივი პროცესია. ეს არავის უკვირს. _ საზოგადოებას ის უფრო აღიზიანებს, რომ ოპოზიცია საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული მომავალთან დაკავშირებით. რას იტყვით ამის შესახებ? _ ეს სწორიც არის. ახლა მიმდინარეობს მოვლენების გადაფასება და ოპოზიციური სპექტრის ახალი კონფიგურაციის აწყობა. ეს ბუნებრივია და არ არის ტრაგედია ის, რომ დღეს ოპოზიცია ასე დაშლილ-დაფანტულია. ისევ დაიწყებს აწყობას და გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე. აგვისტომ ძალინ მძიმე დარტყმა მიაყენა ყველას - ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებასაც. ერთი რამე ვთქვათ. ოპოზიციის მიმართ პრეტენზიები არის და ხშირად აბსოლუტურად გამართლებული, მაგრამ ვინმე მეტყვის დღეს რა არის გასაკეთებელი? არავინ იცის. მცირე, მაგრამ მაინც დრო სჭირდება, რომ ჩამოყალიბდეს და გამოჩნდეს ის ძალა, რომლის რწმენაც აღუდგება ხალხს და გაყვება საზოგადოება. .მოხდა ძალიან საინტერესო პროცესი. ოპოზიციის ნაწილმა განიცადა დევალვაცია, ნაწილის რეიტინგები დაეცა, ზოგმა მაინც შეინარჩუნა საკუთარი სახე. გამოჩნდნენ ახალი სახეები და ეს მოგვწონს თუ არა, მათი უფლებაა. _ როგორ ფიქრობთ, აქციების გაგრძელების შემთხვევაში ხელისუფლება ახალ პროვოკაციაზე წავა? _ ახლა ხელისუფლება გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაშია. ის ფაქტობრივად, აღარაფერზე აღარ დგას. გასულ 7 ნოემბერს ის პოლიციასა და ჯარზე იდგა. პოლიცია და ჯარი ახლა ხელისუფლების მიმართ ლოიალური აღარ არის. "ნაცმოძრაობას" შიგნით დიდი გაუგებრობები აქვთ. მათი მასა უკმაყოფილოა და იქაც გადაფასებები ხდება. ამიტომ, დღეს ეს ხელისუფლება გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე შარშან. მაინტერესებს მუდმივ შეკითხვაზე პასუხი, რომელიც ოცი წლის განმავლობაში სულ აქტუალური იყო. ეს რომ არ ვარგა გასაგებია, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ რა ვარგა. ჩვენ ხალხს აქვს ცოტა გაორებული ფსიქიკა დილით ეკლესიაში დადიან, საღამოს მკითხავებთან. ქართულ საზოგადოებას არ მოსწონს გარედან დასმული ხელისუფლება მაგრამ მაინც კითხულობენ, ნეტა ვის გამოგვიგზავნის ამერიკა? ამ გაორებიდან უნდა გამოვიდეთ. სხვანაირად არაფერი გვეშველება. ქართული პოლიტიკა პერსონიფიცირებულია და აქ არ არის სტრუქტურებსა და ინსტიტუციებზე საუბარი, აქ არის ადამიანებზე საუბარი. რომელს უკეთესი გარეგნობა აქვს, ვინ უფრო მაღალია, ვინ უფრო სწრაფად ან ნელა დადის. რა იქნება მერე, ეს არის ოპოზიციის მთავარი ამოცანა. _ ოპოზიცია შეძლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას? საზოგადოების დიდ ნაწილში უკვე არის აზრი, რომ მთლიანად პოლიტიკური თაობა უნდა შეიცვალოს რომ ქვეყანას რამე ეშველოს... _ პოლიტიკა არის ისეთი პროფესია, რომელსაც წლები და გამოცდილება სჭირდება. შეიძლება განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილი ძალიან გამოცდილი ადამიანებით არის დაკომპლექტებული. ამიტომ იმ კონფიგურაციის აწყობა, რაზეც მე და თქვენ ვსაუბრობდით, ამ ადამიანებთან გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ვიღაც კუდიან ვარსკვლავთან, რომელიც შეიძლება შემოვარდეს და თავისი ამბიციებით და მოუთოკავი ენერგიით რაღაც რაღაცები დაატრიალოს. ჩვენ ერთად დგომის, ბრძოლის და რაც მთავარია, ერთად მარცხის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ პიროვნული პრობლემები ერთმანეთთან არ გვაქვს. პოლიტიკა არის რეალობა. ამიტომ ის დიდი გამოცდილება, რაც ქართულ ოპოზიციას აქვს, გამოგვადგება. რამდენადაც სახიფათო და არამდგარადია ვითარება, იმდენად პერსპექტიულიცაა. _ რას ხედავთ პერსპექტივაში? _ შეთანხმებას პოსტსააკაშვილისეული საქართველოს შესახებ. უნდა შევთანხმდეთ, როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა და უნდა დავიცვათ ეს შეთანხმებები. ფაქტი ერთია, არჩევნებში ერთი პარტია ვეღარ მოიგებს. ეს კარგია. ბევრი ამას გლოვობს. არადა გადამწყვეტმა უმრავლესობამ დაღუპა ეს ქვეყანა. რაზე დგას სტაბილური ევროპა? სწორედ ასეთ ფასეულობებზე. კოალიციური ხელისუფლება გამაჯანასაღებელი პროცედურაა ქართული საზოგადოებისთვისაც. ეს იქნება მოდელი, როცა ერთი მეორეს გააკონტროლებს. კორუფციასთან ბრძოლის ყველაზე კარგი მეთოდი არის კოალიციური მთავრობა. კორუფცია ერთ ჯგუფურ სისტემაშია, როცა ერთი კლანი მართავს ქვეყანას. ამიტომ ჩვენ როგორმე აქამდე უნდა მივიდეთ და მივდივართ კიდეც, თუმცა ძალიან დიდი დანაკარგებით. მიუხედავად ჩვენი რადიკალური და პესიმისტური განცხადებებისა, ძალიან ოპტიმისტი ვარ. მიუხედავად უთანხმოებებისა, ოპოზიციის მაინც მჯერა, მჯერა მათი გამოცდილებისა. ეს არის ნაომარი ხალხი, რომლებმაც ბევრი რამ გამოსცადა საკუთარ თავზეც და საკუთარ შეცდომებზეც. _ კი ამბობთ, რომ გჯერათ, მაგრამ საზოგადოება უკვე ვეღარ უჯერებს მათ, თუნდაც იმიტომ, რომ ვერ ჩამოყალიბებულან, რა უნდათ, პრეზიდენტის წასვლა თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები... _ ეს არის ტაქტიკის საკითხი. ჩვენ ერთ ეტაპზე ვართ მისული, ყველას გვესმის, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს. აგვისტოს მოვლენებამდე ასე ყველას არ ესმოდა. საქართველოს მთავარი პრობლემა არც რუსეთი, არც ამერიკა და არც მასონებია - მთავარი პრობლემა მიხეილ სააკაშვილია. ამაზე ყველა შეთანხმებული ვართ. საქართველო ვერ გადარჩება, თუ სათავეში სააკაშვილი და ის პოლიტიკური ჯგუფი იქნება, რომელიც მის უკან დგას. არჩევნები როდის იქნება ეს უკვე ტაქტიკის საკითხია. | ||
| ნათია ვერძეული | ||
| 2008.10.31 22:47 |
