მხიარული სხდომა სიღარიბის თანხლებით
მხიარული სხდომა სიღარიბის თანხლებით
[დავით კირვალიძე]საქართველოს პრეზიდენტმა ახალი მთავრობის პირველ სხდომა ჩაატარა და როგორც მოსალოდნელი იყო წასულებს დაუყვავა, ხოლო ახლები შეაფუცხუნა. ასეთი დამოკიდებულებიდან არაფერი რომ არ გამოდის ვინძლო პრეზიდენტმაც იცის, მინისტრებმაც და ხალხმა ხომ იცის და იცის, მაგრამ ყველა თავს იტყუებს.
- “საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ გვყავს მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მთავრობის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილები ვიყოთ”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გზების დეპარტამენტის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა. ეს ადვილი გასაგებია. დეპარტამენტის თავმჯდომარე რომან დალაქიშვილი თავის დროზე ბურჯანაძის კადრად ითვლებოდა და ახლა მისმა ჟამმაც ჩამოჰკრა.
- “გზების დეპარტამენტმა რეალურად არა მხოლოდ არსებული პროექტი ვერ შეასრულა, არამედ პროექტები მომზადებულია 5-ჯერ ნაკლებ გზებზე, ვიდრე შეიძლება ფული დავხარჯოთ. მაგალითად, წელს ავტობანზე არის მხოლოდ 19 მლნ ათვისებული, რაც წარმოუდგენლად ცოტაა. ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა და დალაქიშვილმა დროა შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს.
პრეზიდენტს კი გზებისა და მისი რემონტის შესახებ საუბარი როგორ ხიბლავს მთელ ქვეყანას კარგად მოეხსენება. “უახლოეს პერიოდში საქართველოში დიდი სოფლების 80 პროცენტთან მისასვლელად კარგი გზა იქნება. ასევე ამოქმედდება ძირითადი ავტობანი თბილისი-ბათუმი, რომელიც ბათუმი-სტამბულის ავტობანს შეურთდება, გოდერძის უღელტეხილის გზა, რომელიც მთლიანად გააცოცხლებს აჭარის მაღალმთიანეთს და ასევე კახეთის-გომბორის გზა”, - ასე სტყვებით გზიდან გზაზე გადადიოდა მიხეილ საკაშვილი.
მომავალ წელს უკვე შესაძლებელია სამტრედია-ზესტაფონის მონაკვეთის აშენება, ასევე უნდა დაიწყოს გომბრის გზის მშენებლობა და ბოლომდე უნდა მივიდეს თბილისიდან დაწყებული ავტობანი აგარამდე. პრეზიდენტის განცხადებით, მართალია შენდება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, მაგრამ ქვეყნის შიგნითაც ჩქარი რკინიგზაა საჭირო. მისი თქმით, ამისათვის უფრო მოქნილი მუშაობაა საჭირო.
რომან დალაქაშვილისადმი კრიტიკა თვალში რომ არავის სცემოდა, პრეზიდენტმა სხვა მინისტრებიც გაკენწლა. პირველ რიგში, ასეთი სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და განათლების მინისტრი გია ნოდია შეიქნენ.
თუმცა კვეზერელი მისი უწყების მიმართ გაკეთებულ შენიშვნებს კრიტიკულად არ აფასებს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტის მხრიდან იყო მოთხოვნა, დონორებთან უკეთესი კომუნიკაციის აწყობის შესახებ. კვეზერელის თქმით, ურთიერთობები დონორებთან უკვე დაწყებულია, ხოლო პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, უფრო აქტიური გახდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია პრეზიდენტის შენიშვნებს ასევე გაითვალისწინებს. საკაშვილმა მას ბრალი ნაკლებ კომუნიკაბელურობაში დასდო. ნოდიამ აღნიშნა, რომ მასწავლებლებსა და მეცნიერებს იგი ახლაც ხვდება, თუმცა ამ საკითხს უფრო მეტ დროს დაუთმობს.
ამ ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოში “ღარიბი და ღატაკი” ადამიანების არსებობა აღიარა და აქვე აღნიშნა, რომ “ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა რჩება”.
მისივე თქმით, “ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში სიღარიბე ორჯერ შემცირდა, თუმცა ქვეყანაში ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანი რჩება”.
“ადამიანებმა არ იციან, რა აჭამონ შვილებს და როგორ გაიტანონ თავი, არ იციან, როგორ ებრძოლონ უმუშევრობას. ამდენად ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტები უცვლელი რჩება და მე ახალი მთავრობის ნაყოფიერი მუშაობის დიდი იმედი მაქვს”, - განაცხადა სააკაშვილმა და ამის შემდეგ უნდა ვივარაუდოთ, რომ სიღარიბის დასაძლევად მრავალი მილიონი გამოიყოფა, ხოლო თავად ღარიბები კი კვლავ მორიგი სხდომის იმედად დარჩებიან.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4637