ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა
ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა
[ნიკა ასლანიძე]რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ეროვნულ დამოურჩილებლობას უცხადებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ”კონსერვატიული პარტიის” წევრმა კახა კუკავამ განაცხადა.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა, გაზაფხულამდე რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშნვნაა.
”დღეს ჩვენ დე ფაქტო ხელისუფლებას ეროვნულ დამოურჩილებლობას ვუცხადებთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გაზაფხულამდე რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშნვაა” - განაცხადა კუკავამ.
”ბოლო ერთი წელი ქართველი ხალხისთვის მტკივნეული იყო. ჩვენ ბევრი დამარცხება და გამარჯვება განვიცადეთ. თუმცა ამ ყველაფერს ჩვენ ღირსეულად გავუმკლავდით. მე მინდა, თავი დავხარო ყველაზე მამაცი ერის - ქართველების წინაშე”, - დასძინა კუკავამ.
ამასთან მიმდინარე აქციაზე გაერთიანებული ოპოზიცია ტელეკომპანია ”იმედის” კანონიერი მესაკუთრისთვის - პატარკაციშვილების ოჯახისთვის დაბრუნებას ითხოვს და არდაბრუნების შემთხვევაში ტელეკომპანიის პიკეტირებით იმუქრება.
კახა კუკავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ”იმედი” 23 ნოემბრამდე კანონიერ მესაკუთრეს არ დაუბრუნდება, აქციები ტელეკომპანიის შენობის წინ გაგრძელდება და ოპოზიცია მის პიკეტირებას მოახდენს.
აქციაზე სიტყვით გოგა ხაინდრავაც გამოვიდა, რომელიც საქართველოში ორი დღის წინ დაბრუნდა. ხაინდრავას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საფრანგეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, სიცრუეა და ამას ვანო მერაბიშვილის გავრცელებულ ჭორს უწოდებს.
ხაინდრავა ქართულ მედიასა და ტელევიზიას ”მერაბიშვილის სპეცაგენტებად” მოიხსენიებს.
”ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობა მერაბიშვილის სპეცაგენტები არიან. მე ერთი სამშობლო მაქვს და მას საქართველო ჰქვია, შესაბამისად, არც ერთი ქვეყნისთვის თავშესაფარი არ მითხოვია. ამას მხოლოდ ვაი ჟურნალისტები ავრცელებენ”, - განაცხადა ხაინდრავამ და დასძინა, რომ ”საქართველოს ხელისუფლება განგრენაა, რომელიც უნდა მოვიშოროთ”.
მისივე თქმით, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა ხელისუფლებას მოუწევს, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს აზერბაიჯანში გარბოდა.
”ჩვენ გვადანაშაულებენ რუსეთის მხარდაჭერაში, რომლის აგრესიასაც ხელი სააკაშვილმა შეუწყო. კონდოლიზა რაისმა და მეთიუ ბრაიზამ შეუწყვეს ხელი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი სამარცხვინო ადამიანები იყვნენ”, - განაცხადა ხაინდრავამ.
ხაინდრავამ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და პრეზიდენტის ბიძას თემურ ალასანიას ”კურდღლები” უწოდა.
”აგვისტოში სააკაშვილმა შუა საუკუნეებში, მონობაში დაგვაბრუნა. მან ბარბაროსებს გაუღო კარი, რამაც ჩვენი ძალადობაში ყოფნა გამოიწვია. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ სკამებზე ზრუნავს” - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ”საქართველოსთვის მძიმე ვითარებაში, როდესაც საფრანგეთის საგარეო მინისტრი ბერნარ კუშნერი საქართველოში ჩამოვიდა და დაზარალებულ გორს ეწვია, სააკაშვილმა იგი მიატოვა და თბილისში გაიქცა”.
”ეს და კიდევ მრავალი ფაქტი გვიჩვენებს, რომ საქართველოში არის სიბინძურე, რომელსაც აუცილებლად უნდა დავაღწიოთ თავი” - დასძინა მან.
ხოლო გაერთიანებული ოპოზციის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ”ოპოზიცია იბერძოლებს, სანამ საქართველოს ეროვნული და ღირსეული ხელისუფლება არ ეყოლება”.
- ”ჩვენ ვიბრძოლებთ, სანამ საქართველოს ეროვნული და ღირსეული ხელისუფლება არ ეყოლება. სააკაშვილი დენთის კასრია, რომელიც საქართველოში დევს. რაც შევარდნაძემ ვერ მოახერხა, მან გააკეთა. მან იმდენი იხვანხვალა, სანამ კოდორი და ახალგორი რუსეთს არ გადასცა. მისი პრეზიდენტობაც მხოლოდ რუსეთს აწყობს და მეტს არავის მსოფლიოში”, - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ”სააკაშვილის სასამართლო ჯიბეში უდევს, პარლამენტი კი დააჩმორა”.
აქციაზე ხალხის რაოდენობა თანდათან მატულობს. მომიტინგეებმა ბარაკ ობამას პლაკატები გამოიტანეს. პლაკატებზე წარწერაა ”ამერიკა რომლისაც გვჯერა”.
ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მთავრობას სპეცრაზმი მობილიზებული ყავს, მაგრამ ისინი იმედოვნებენ, რომ დარბევას ადგილი არ ექნება.
ოპოზიციის ვარაუდით აქცია საღამოს 7-8 საათამდე გასტანს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4700