თავდაცვის სამინისტროში დაძაბულობამ პიკს მიაღწია
თავდაცვის სამინისტროში დაძაბულობამ პიკს მიაღწია
[თემურ დოლიძე]საქართველოს მთავრობაში სიტუაცია იძაბება. მართალია, მორიგი კოსმეტიკური ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ასეთი მანევრებიც აღარც ხალხი ტყუვდება და აღარც თავად ცვლილების ობიექტები.
ბოლო დროს თავდაცვის სამინისტროში დიდი გადაადგილებებია. გასაგებია, რომ ხელისუფლება აქამდე ერიდებოდა თავდაღვის უწყებაში მომუშავე მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ განსაკუთრებული სიმკაცრის გამოჩენას, მაგრამ საქმე უფრო დიდ აბსურდამდე მივიდა. ქვეყნამ ომი წააგო და ამისათვის გარემოს დაცვისა და დევნილთა და განსახლების მინისტრი ”მოხსნეს”. არადა, თავდაცვის უწყებაში ატმოსფერო უკიდურესად დამუხტულია და ამას საქმეში ჩაუხედავი კაციც კარგად შეამჩნევს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაიას დანიშნვის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებს ელიან.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა შესაძლოა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავით ბენიძეს დაატოვებინონ, რომელიც კეზერაშვილის ბავშვობის მეგობრად არის ცნობილი, თუმცა ამავდროულად პარლამენტის ექსთავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის კადრად მოიაზრება, რადგან ყოფილი პროკურორის ვენედი ბენიძის ვაჟია.
თანამდებობის დატოვებას სამინისტროს პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნოდარ ხარშილაძესაც უწინასწარმეტყველებენ, რომელსაც გენ-შტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას კადრად იცნობენ.თავდაცვის სისტემაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სააგენტო ”პირველი” სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს ნანა ინწკირველს დაუკავშირდა, თუმცა ის აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ”უახლოეს მომავალში არანაირი საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელი არაა”, - აცხადებს ინწკირველი.
თუმცა, უკვე მერამდენედ ვრცელდება ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ. უფრო სწორად, მინისტრი გათავისუფლებას უკვე 3 თვეა, უშედეგოდ ითხოვს. როგორც ”პირველს” სარწმუნო წყარომ აცნობა, ქვეყანაში აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება სამჯერ დაწერა.
საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მიერ აგვისტოს მოვლენების გამოძიების დასრულებამდე კეზერაშვილის განცხადებებს პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით არ აკმაყოფილებს.
კეზერაშვილის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ”ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. მე ერთი რამ ვიცი: როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს, მასთან ერთად მინისტრებიც იცვლებიან”, - აღნიშნა ინწკირველმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი დავით ბენიძე კი გავრცელებულ ინფორმაციას ”სრულ სისულელეს” უწოდებს. არადა, კეზერაშვილს დაკავებული თანამდებობის დატოვების მესამე მცდელობა ამ დღეებში ჰქონდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამ საკითხის შესათანხმებლად უშიშროების საბჭოშიც კი იმყოფებოდა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4689