ალასანია - მითიური ლიდერი
ირაკლი ალასანია - იშვიათი გამონაკლისი, ადამიანი, რომელმაც მოახერხა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში და ამავდროულად, საზოგადოებისს გაღიაზიანება არ გამოეწვია.
აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ალასანიას პერსონა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. გავრცელდა ინფორმაციები, თითქოს, ეს უკანასკნელი ოპოზიციაში გადასავლელად ემზადება. იმასაც ამბობენ, თითქოს, ალასანია გარკვეულ ოპოზიციურ წრეებთან კონსულტაციებსაც მართავს, თუმცა ეს მხოლოდ კულუარული საუბრებია, რომელიც ფაქტებით არ დასტურდება.
რა საფუძველი აქვს ამგვარ მითქმა-მოთქმას ძნელი სათქმელია. ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო, მაგრამ ეს საქართველოა და ყველაფერი შესაძლებელია. ზოგი მიიჩნევს, რომ ალასანიას ფაქტორი დროდადრო აქტიურდება იმ ძალების მხრიდან, რომლებიც შეშფოთებულები არიან ალასანიას მზარდი ავტორიტეტით, როგორც საქართველოში, ასე დასავლეთში.
თავად ოპოზიცია კი წინააღმდეგი არ იქნება თუ ალასანია აქტიურ პოლიტიკაში შემოაბიჯებს, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, თავად ალასანია არ აპირებს, ამ ეტაპზე, ქართულ პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას.
ირაკლი ალასანია. დოსიე:
დაბადების თარიღი: 1973 წლის 21 დეკემბერი. ქ. ბათუმი. 1995 წ. დაამთავრა თსუ საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. პარალელურად, 1994-96 წწ. სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში; 2002-04 წწ. იყო უშიშროების და თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 2004 წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე. 2004 სექტემბრიდან 2006 მარტამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისდე-იურე მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. 2006 წ. 11 სექტემბრიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. მამამისი, გენერალ-ლეიტენანტი მამია ალასანია 1993 წ. სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზმა მეამბოხეებმა მოკლეს.
წარმატებული მოლაპარაკებების დასაწყისი
2004 წელს აფხაზეთის სეპარატისტული ხელმძღვანელობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისდე-იურე მთავრობის თავმჯდომარისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ალასანიას დანიშვნას მტრულად შეხვდა. თუმცა, ალასანიამ მოახერხა ზოგიერთ აფხაზ პოლიტიკოსთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება და მოგვიანებით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ თქვა: - ”ჩვენ ძალიან კარგი შთაბეჭდილებები გვაქვს ალასანიაზე ... ეს არის პიროვნება, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი”.
ამ თანამდებობებზე დანიშვნიდან რამდენიმე თვეში, ალასანიამ აფხაზურ მხარესთან ქართული-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის აღდგენის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. შემდეგ კი პარლამენტს აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის წინადადებები გააცნო, რომელიც თბილისის ოფიციალურ პოზიციას შეიცავდა კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. ამ მიმართულებით, თითქოს, ყველაფერი პოზიტივისკენ უნდა წასულიყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ალასანია უეცრად, გაეროში გაგზავნა.
საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ეს ფაქტი ბევრს უცნაურადაც კი მოეჩვენა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ალასანია ნიუ-იორკიდან აფხაზურ მხარესთან ახლო კონტაქტების დამყარებას ვერ შეძლებდა.
”ვფიქრობ, გაცილებით სასარგებლო იქნებოდა მას განეგრძო ის საქმე, რაც საკმაოდ კარგად დაიწყო”; ”ირაკლი ალასანიამ ძალიან საინტერესო დიალოგი წამოიწყო აფხაზურ მხარესთან, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრი შეაშფოთა მისმა პოზიტიურმა აქტიურობამ და გადაწყვიტეს პოლიტიკურად ნაკლებ მნიშვნელოვან თანამდებობაზე გააგზავნონ”; ”ალასანია იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ამ მთავრობაში... მე არ გავაგზავნიდი მას ოკეანის მიღმა”- ალასანიას ფაქტთან დაკავშირებით, ასეთი განწყობები იგრძნობოდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებში.
ხელისუფლება კი ირწმუნებოდა, რომ გაეროს გააქტიურება სასიცოცხლო იქნებოდა აფხაზეთის სამშვიდობო პროცესისთვის. ”ვფიქრობ, რომ ბატონი ალასანია შეძლებს უფრო პროდუქტიულად განაგრძოს თავისი საქმიანობა გაეროში, სადაც ამგვარი საკითხები წყდება”, - აცხადებდა მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. თუმცა, გაუგებარი იყო ხელისუფლების პოზიცია, რადგან მას კარგად ესმოდა, რომ გაერო ბევრს არაფერს წყვეტდა კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
2008 წ. 12 მაისს, აფხაზეთში გართულებული სიტუაციის ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლებას ყველა ხიდი ჩამტვრეული ჰქონდა აფხაზებთან სალაპარაკოდ, ალასანია მოულოდნელად სოხუმში ჩავიდა და სერგეი ბაღაფშთანდა სერგეი შამბასთანგამართა შეხვედრები, რომლის დეტალები არ გახმაურებულა.
2008 წ. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისპერიოდში კი ყველას კარგად ახსოვს მისი მონაწილეობა გაეროს უშიშროების საბჭოსდებატებში, სადაც ალასანიამ რუსეთს ”საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგვისა” და ”ქართველი ხალხის მოსპობის” მცდელობაში დასდო ბრალი.
ალასანია საქართველოს ხელისუფლებაში, პრაქტიკულად, ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც, საქართველოსათვის იმ მძიმე დღეებში, როცა რუსეთმა ხელისუფლების უგუნურობის გამო, ტანკებით გადაუარა ქვეყანას საზოგადოების რისხვა არ დასტყდომია თავს.
- ”ის კარგად გამოჩნდა აგვისტოს დღეებში, როცა საქართველოს იცავდა გაეროში და შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება ნანობს კიდეც, რომ ეთერში გაუშვა მისი გამოსვლები. სააკაშვილი ყოველთვის ეჭვიანობდა ალასანიას მაგვარ პიროვნებებზე. ეს არის კაცი, რომელმაც მოახერხა ყოფილიყი ხელისუფლებაში და არ გამოეწვია საზოგადოების გაღიზიანება. პირიქით, ხალხი მის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი. ამიტომ, თუ ალასანია პოლიტიკაში მოსვლას დააპირებს, შესაძლოა, საინტერესო ფიგურა აღმოჩნდეს, მაგრამ ეს, ჯერ არ მომხდარა”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ალასანიას მართლაც აღმოაჩნდა ის დადებითი პიროვნული თვისება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დღევანდელი ოპოზიციური სპექტრისთვის. ალასანიას არასდროს არავინ გაულანძღავს იმის მიუხედავად, რომ ძნელია იყო ხელისუფლებაში და გაძლო, რომ ოპოზიცია არ გალანძღო.
- ”სააკაშვილის კარზე ყოველთვის გარკვეული თამაშის წესები იყო დადგენილი და ამ თამაშის წესებში ალასანია არასოდეს არ ეწერებოდა. ამიტომ, გასაკვირი არაფერია, თუ ოპოზიციაშიც მის მიმართ სიმპათიები არსებობს. თუმცა, დააპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. ეს არ არის იოლი საქმე და ამიტომ, პირველი ნაბიჯი მან უნდა გადადგას. შემდეგ კი, როგორც სხვა დანარჩენთან, მასთანაც იქნება საუბრები”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
პირველი ნაბიჯი ალასანიას ჯერ არ გადაუდგამს და ექსპერტთა ნაწილს სწორედ ეს აფიქრებინებს, რომ მის ირგვლივ არსებული მითქმა-მოთქმა, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ წინასწარ დაგეგმილი ხრიკია.
გია ხუხაშვილის თქმით, ალასანიას თემა დროდადო შემოდის იმისთვის, რომ პრობლემები შეუქმნან მას. - ”მრჩება შთაბეჭდილება, რომ ალასანიას ავტორიტეტის ზრდით, როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში, ვიღაცეები ძალიან ნერვიულობენ და იციან რა, ზოგიერთების ეჭვიანობის შესახებ, ასეთ მეთოდით, ცდილობენ, დროდადრო, თავში ჩაარტყან”.
ამ ვერსიაშიც არის ლოგიკის მარცვალი, მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს ისეთი ინფორმაციები, რომლებიც გვაიძულებს დავიჯეროთ, რომ მავანნი ალასანიას მართლაც ამზადებენ ლიდერის როლისთვის.
სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ალასანიას შესახებ კულუარული ინფორმაციები მასაც სმენია, მაგრამ ფაქტები ამაზე არ მეტყველებს. - ”არის საუბრები, რომ ალასანია მართლაც მისაღები ფიგურაა დასავლეთისთვის და ერთადერთი, რაზეც ისინი თავს იკავებენ, ეს ალასანიას ასაკია. ასაკის მიმართ უნდობლობა სწორედ სააკაშვილის საკადრო პოლიტიკამ განაპირობა. თუმცა, არის მეორე ფაქტორიც, ალასანიას თუ ოპოზიციაში უნდოდა წასვლა, მას ეს 7 ნოემბერს უნდა გაეკეთებინა, როგორც ეს ლევან მიქელაძემ გააკეთა. ალასანიამ კი, ეს ნაბიჯი არ გადადგა და მე მიჭირს დავასახელო მიზეზი, რომელიც მას აიძულებს ოპოზიციაში წავიდეს”.
ირაკლი კაკაბაძე ერთ-ერთ- მათგანია, რომელიც ალასანიას კანდიდატურას მიესალმება, მაგრამ ამბობს, რომ დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად, მისი ინფორმაციით, ალასანია თავად ამბობს უარს აქტიურ პოლიტიკაში წასვლაზე.
- ”თუ იგი ოპოზიციაში წასვლას გადაწყვეტს, მას ბევრი მხარდაჭერი ეყოლება როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. იგი არის გაწონასწორებული და გონიერი ადამიანი”.
საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია და ალბათ, კარგა ხანს იქნება გასაიდუმლოებული, რა საუბრები მიმდინარეობს ალასანიას ირგვლივ, მაგრამ ამდენი მითქმა-მოთქმის შემდეგ, მართლაც ჩნდება ეჭვი, რომ კვამლი არც საქართველოში არსებობს უცეცხლოდ.
ისევ დასავლეთის კარნახით
გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვიღაცეები ფიქრობდნენ კიდეც ალასანიას ლიდერობაზე, როგორც აქ, ისე დასავლეთში, მაგრამ ვერ გაუგია რას ერჩიან ამ ადამიანს. ყველაზე მთავარი კი ექსპერტისთვის ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბედი ამ ქვეყანაში უნდა წყდებოდეს და შეურაცხმყოფელია იმაზე საუბარიც კი, რომ ჩვენს მომავალს სადღაც ვიღაცები წყვეტენ.
- ”რაც საქართველოში ხდება, იმ ფონზე ალასანია გამორჩეულად გამოიყურება. ალასანია არ არის პოლიტიკაში გასვრილი, არის საღად მოაზროვნე, გაწონასწორებული ადამიანი და ასეთი ადამიანები ამ ქვეყანას სჭირდება. თუმცა, მას უნდა ესმოდეს, რომ ლიდერის საკითხი უნდა წყდებოდეს საქართველოში. სხვანაირად, ჩვენ როგორც სახელმწიფო ვერ შევდგებით. ამიტომ, თუ იგი პოლიტიკაში მოსვლას აპირებს მან უნდა იმუშაოს ქართველ საზოგადოებასთან და ვიღაცასთან კაბინეტებში არ უნდა ჩურჩულებდეს”.
ამასთან, ჯერ ისიც გაურკვეველია, რამდენად არის ალასანია მზად რეალური პოლიტიკისთვის და მითუმეტეს, ოპოზიციაში გადასასვლელად. ისიც საეჭვოა, რომ ალასანია ამ ეტაპზე, ვინმესთან კონსულტაციებს მართავდეს და ოპოზიციაში გადასასვლელად ემზადებოდეს.
ჩვენ ისედაც გვყავს ხელისუფლებიდან წამოსული ”გმირები” ნოღაიდელის, ბურჯანაძის, კინწმარიშვილის სახით და მათ რიცხვს ალბათ, სხვებიც შეემატებიან. მართალია, ალასანიას მათთან შედარება არ ღირს, მაგრამ საინტერესოა თავად ტენდენცია, რომელიც ამ ბოლო დროს, საქართველოში დამკვიდრდა.
რატომღაც, როცა უკვე დასავლეთმაც კი აღიარა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დღეებს ითვლის, მისი გუნდის წევრებს მხოლოდ ახლა აეხილათ თვალები. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ პასუხისმგებლობა მათ არაფერზე ეკისრებათ და სუფთად გადავლენ ოპოზიციაში.
- ”მე მივმართავ პრეზიდენტს, მიაქციოს ყურადღება ამ ადამიანებს, რომლებიც, თუ ქვეყანაში ცუდი რამე ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტს ჰკიდებენ. თვითონ კი ხელებს იბანენ და ოპოზიციაში გარბიან. თუ რამე ცუდი ხდებოდა ამას ერთი კაცი არ აკეთებდა. ამას აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერ ცუდს ერთად ფუთავდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უმადურობა, უსამართლობა და დროა, პრეზიდენტი დაინტერესდეს ამ ბიჭებით და გოგონებით”, - ამბობს გია ხუხაშვილი.
შესაძლოა, ამ ყველაფერთან ალასანიას ნაკლები შეხება აქვს, მაგრამ იგი წლების განმავლობაში საკმაოდ ახლოს იყო სააკაშვილთან და კარგად უნდა ესმოდეს, თვისობრივად რას წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ, მისთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი და ოპოზიციაში თუ არ წავა, ამ ხელისუფლებას მაინც გაემიჯნება, თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ თავთან დარჩეს მართლი.
