დიტო გელოვანი. ჩვენს უკან პერევია
ყველაფერი, რაც ხდება და როგორც ხდება, ანარეკლია იმისა, რანი ვართ და როგორები. რა ხდება, რომელია მთავარი და რომელი - არც ისე, ეს ყოველი ჩვენთაგანის გადასაწყვეტია. ვიღაციცთვის კუპერის სამშაბათობებია მთავარი, ვიღაცისთვის - იანვრის ბაშოსთვის მზადება.
ორი კვირის წინ რომ სამთავრობო ცვლილებები მოხდა, ჩემი აზრით, მაშინ ის იყო მთავარი. სამთავრობო ცვლილებები გასულ კვირაშიც მოხდა, მაგრამ, მე მგონი, პერევის ამბები უფრო მნიშვნელოვანია და მაგით დავიწყებ კიდეც.
მახსენდება ”არასერიოზული კაცი” და გია ფერაძის გმირის სიტყვები: ”პახმელიაზე გამოსვლა, მერე ისევ შესვლა, მერე ისევ გამოსვლა… ვენების გაგანიერება, ვენების შევიწროვება…”. მერე, იქვე, ერთ დროულ, თვალებდაყვლეპილ კაცს ეუბნება: ”მე ძირს ვეგდე, თქვენ და თქვენი ძმაკაცები ჩემზე გადიოდით და გამოდიოდით. ხოლო თქვენ იცინოდით და იძახდით - შეხედეთ, როგორ კანკალებს ეს კაცი”.
ჯერ იყო ნიუსი ასეთი სათაურით: ”საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსი ოკუპანტები გადიან”. საჩხერის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე ამბობდა, ბრძანება ბლოკ-საგუშაგოს გაუქმებაზე რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ გუშინ მიიღეს, დღეს დილიდან კი, ბლოკ-საგუშაგოს დაშლა დაიწყესო. შეიტყო თუ არა ამის შესახებ, შოთა მალაშხია, მყისიერად გაამაყდა და პერევის დეოკუპაცია საერთაშორისო ზეწოლას დაუკავშირა. ეგენიო, რუსებზე თქვა, მალე მთელ საქართველოს დატოვებენ, ჯერ სად ხართ, აწი ნახავთო. მალაშხია ბედნიერი იყო - ბოლო რამდენიმე დღე განცხადება არ ჰქონდა გაკეთებული და ძალიან მოწყენილი იყო.
ბედნიერი იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ჯერ სად ხართო. გოკა გაბაშვილმა კიდევ უფრო განავრცო: ”რუსეთის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ქვეყნის ერთიანობასთან დაკავშირებით საქართველში ერი და ბერი ერთად დგას”. ბოლო ნიუსს ასე ერქვა: ”სოფელი პერევი უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცმა დატოვა”. მეორე დღეს, ამ თემის ირგვლივ, მხოლოდ ერთი ნიუსი შემოვიდა: ”ქართველმა სამართალდამცავებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში ბლოკ-საგუშაგოს მშენებლობა დაიწყეს. ქართული პოლიცია პერევის ბოლოში, ე.წ. ჯავის საზღვართან გამაგრდა. ამ დროისთვის სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საგუშაგოს მშენებლობა, სადაც 24 საათის განმავლობაში პოლიცია იმორიგევებს”. ”ჯერ სად ხართ!!!” - გაიძახოდნენ მალაშხია, გაბაშვილი და ევროპელები. მართლაც, თურმე, ჯერ სად ვიყავით…
საღამოს ევროპელმა ელჩებმა ითათბირეს და დილით ექსკურსიაზე წასვლა გადაწყვიტეს. გადაწყვიტეს პერევში წასვლა და გაუქმებული საგუშაგოების დათვალიერება. თუმცა, როდესაც პერევში ჩავიდნენ, ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმებული მშენებლობა დაათვალიერეს და ისიც, შორიდან, რადგანაც… რუსებმა ისინი სოფელში არ შეუშვეს. იმ დროსთვის პერევს ისევ რუსები აკონტროლებდნენ. ერი და ბერი სოფლიდან უკვე გახიზნული იყო, ევროპელები ცივ ოფლს იწმენდდნენ, ხოლო შოთა მალაშხია, ალბათ, მორიგ განცხადებას ამზადებდა.
საჩხერის გამგებელმა იმედი გამოთქვა, რომ ”გაუგებრობა მალე აღმოიფხვრება”. ”ამას ფსიქიატრი სჭირდება” - დაასკვნა გრიგოლ ვაშაძემ და მეორე დღეს ასეთი რამ თქვა: ”საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არ შეიცვლება”. მისი თქმით, რუსეთთან პოლიტიკა ყოველთვის იყო მოფიქრებული და გააზრებული, ღრმა პატივისცემაზე დამყარებული. მართალია დიპლომატიაში ვერ ვერკვევი, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ საქართველოს პოლიტიკა არც ბურკინა-ფასოსთან მიმართებაში შეიცვლება.
ასეთი იყო ქრონიკა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე უკვე ნამდვილად მჭირდება ფსიქიატრი. ფსიქიატრი თუ არა, ერთი კარგი ფსიქოლოგი მაინც - დივანზე წამოვკოტრიალდები და მსუყე-მსუყე სიტყვებით ვაგინებ მსოფლიოს ყველა მთავრობას, ხოლო ფსიქოლოგი ხან შემაქებს და ხანაც შენიშნავს, რომ ზოგჯერ ვაჭარბებ. ამის შემდეგ კი, ფსიქოლოგს შევამკობ და გულს საბოლოოდ მოვიოხებ.
”გრძელდება ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის სამუშაო ვიზიტი ევროპაში” - საიდუმლოდ ჩამჩურჩულა ყურში ”ინტერპრესნიუსმა” და აღვშფოთდი - გრძელდებაო, თითქოს, როდესმე შეწყვეტილა! 15 წელია გრძელდება და აღარ დასრულდა. თან, სამუშაო ვიზიტიო! საქმის ვითრებას რომ ვუღრმავდები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბარამიძე სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩამოდის ხოლმე, ევროპაში კი ენის მოსაფხანად დადის.
გასულ კვირაში მიშას კიდევ ერთხელ წამოუარეს ხუშტურებმა და შედეგად მივიღეთ კულტურისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა. ოქრუაშვილისა არ იყოს, ალბათ ნიკაც აპირებდა ეთქვა, ჩემი გული თავდაცვაში და უშიშროებაში დარჩაო, მაგრამ ენას კბილი დააჭირა. ყველა გაოგნებული იყო, მხოლოდ გოკა გაბაშვილმა არ გაიტეხა იხტიბარი (საერთოდ, გოკას მსოფლიოში ყველაზე მაგარი იხტიბარი აქვს) - მხატვრის ოჯახშია გაზრდილი და კულტურაში არაფერი შეეშლებაო. ვაი შენს გოკას!!! სად არის ფსიქიატრი?
თუმცა, მანამდე ხმა დაირხა, კულტურის მინისტრად ნინო სუხიშვილს ნიშნავენო. ნინომ უარი თქვა. მანამდე ზურაბ აბაშიძემ თქვა უარი. რა ხდება? რა ხდება და, თურმე, ფრონტის წინა ხაზი კულტურაზე გადის და ამხელა პასუხისმგებლობას ყველა ერიდება.
საერთოდ, ეს ყველაფერი დიდი სისულელე და ქვეყნის დაცინვაა, მაგრამ ქეთი დოლიძე რის ქეთი დოლიძე იქნებოდა, საყოველთაო სისულელეში თავადაც რომ არ მიეღო მონაწილეობა? მან ნიკა რურუას უსურვა, ”ის სიმპატია მოიპოვოს, რომლის მოპოვებაც სახელოვნებო სფეროში გრიგოლ ვაშაძემ მოახერხა” როგორ მოგწონთ? ”მთავარია მან ყოველთვის უპასუხოს ხელოვანების ზარებს და მათთან ერთად ეძიოს პრობლემების გადაჭრის გზა. ის მოსაზრება, რომ ნიკა რურუა კულტურისგან განყენებული ფიგურაა ტყუილია, რადგან იგი შესანიშნავი მხატვრის ვახო რურუას შვილია და ხელოვანის ოჯახში გაზრდილი ადამიანისთვის ეს სფერო უცხო ნამდვილად ვერ იქნება”, - განაცხადა დოლიძემ.
ეტყობა ვაშაძე ფესტივალ ”საჩუქარისთვის” თანხის გამოყოფას შეჰპირდა. თანხას რურუაც გამოუყოფს, ოღონდ იმ პირობით, თუ ფესტივალზე რუსების ნაცვლად ამერიკელები ჩამოვლენ.
ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და მაშინვე ატყდა ყაყანი, სად ერეკლე და სად… თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ”ერეკლესთვის” სფერო უცხო ნამდვილად არ არის. მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში ბაჩო ახალაია საპყრობილეებისა და დილეგების ეროვნული გაერთიანების უფროსი იყო. ციხე და დილეგი არც ჯარისთვის არის უცხო. ციხის საპყრობილეს ”ჰაუპტვახტი” ეწოდება და, როგორც ჩანს, ბაჩო ახალაია ჰაუპტვახტების მშენებლობას, მათ კეთილმოწყობას და პატიმარი ჯარისკაცების უფლებების დაცვას გააკონტროლებს. ესეც არ იყოს, თუ ომი დაიწყება, ტყვედ აყვანილ რუსის გენერლებს ვინმემ ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება? მოკლედ, ამდენ ხანს ბაჩო ციხეში იყო და ახლა ჯარში წაიყვანეს.
რესპუბლიკელები და მემარჯვენეები აქამდე ცალ-ცალკე იყვნენ და ახლა, სანამ ისევ ცალ-ცალკე იქნებიან, ერთად არიან. იყვნენ, რა - არც აქამდე უშლიდნენ ვინმეს რამეს და არც აწი შეუშლიან. სხვა საქმეა გიორგი თარგამაძის ტელედაჯგუფება, რომლის დევიზია ”დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ”. შესანიშნავი დევიზია და მინდა აღვნიშნო, რომ თარგამაძის ტელეწამყვანები და მემონტაჟეები (თვითონ თარგამაძე ვისი დამონტაჟებულია?) გასულ კვირაში კვლავ ამ დევიზის ერთგულები იყვნენ. დღე არ გავიდოდა, ახალი ინიციატივით რომ არ გამოსულიყვნენ. ეროვნული უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ, შრომის კოდექსის შეცვლის და ამ მიზნით კონსულტაციების დაწყების ინიციატივით გამოვიდნენ… გამოვიდნენ და გამოვიდნენ. მაგდა ანიკაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვა.
რა კარგი ახალგაზრდობა მოდის…
როგორც გასულ კვირაში ითქვა, ბათუმის საჩოგბურთო კლუბი თავისი ადმინისტრაციული შენობითაა და სასტუმრო კომპლექსით გაკოტრდა და იყიდება. ეს კლუბი თავის დროზე ასლან აბაშიძის ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ 2004 წელსი ჩამოურთმევიათ და ახლა აუქციონზე გაიყიდება. სხვათა შორის, ერთ დროს გიორგი თარგამაძეც ასლან აბაშიძის ოჯახს ეკუთვნოდა, შემდეგ იგი ბადრი პატარკაციშვილმა იყიდა და ახლა ვერ გავიგე, ვისი კუთვნილებაა - სოსო კაკიაშვილის თუ ინა გუდავაძის. თავად თარგამაძეს რომ ჰკითხო, უმალ მოგიგებთ, სახელმწიფოს ვეკუთვნიო, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ერთსა და იმავეს გაიძახოდა და გაიძახის - ”სახელმწიფო ეს მე ვარ”.
აჭარის მოსანახულებლად ერთი აბზაციც კმარა, თუნდაც იმიტომ, რომ აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან ვარშალომიძე ერთხმად, 17 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა და ამას სულ რაღაც 20 წუთი მოანდომა. მწვავე შეკითხვა არავის დაუსვამს, მათ შორის არც გიორგი თარგამაძის საკუთარ კორესპონდენტებს აჭარის უმაღლეს საბჭოში.
ზემოთ რუსეთზე და ბურკინა-ფასოზე მოგახსენეთ. მე და გრიგოლ ვაშაძე ვვარაუდობთ, რომ ამ ორ ქვეყანასთან მიმართებაში პოლიტიკა იქნება უცვლელი. თუმცა, საფრთხე ემუქრება საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს. პრესის ინფორმაციით, სომხეთის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ექსპრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობს, თავისი ყრილობის ჩატარებას საქართველოში აპირებს. თურმე იქ დარბაზებს და სასტუმროებს არ უთმობენ და იმედი აქვთ, რომ აქ დაუთმობენ.
ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს ვაჭრობასთან. საქართველო უარს ეტყვის სომხურ ოპოზიციას, ხოლო სამაგიეროდ სომხეთის აღრცერთი მთავრობა აღარ მოითხოვს ავლაბარს, სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლს და აჭარას, მათთან ერთდ კი ხახულს, შატბერდს, ხანძთას და სვეტიცხოველს.
თუ ეს მოლაპარაკება შედგება და ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, კოტე დარეკავს იტალიიდან და იტყვის, რომ ეს არის ქართული დიპლომატიის დიდი გამარჯვება. და მაშინ შოთა მალაშხიაც გააკეთბს განცხადებას. აბა, ხელფასს რაში იღებენ?
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მალე ხელფასს ალალად და უსაყვედუროდ მიიღებენ. ახლა საფრანგეთში არიან, ცოდნას იღრმავებენ. საფრანგეთში დელეგაციის წევრები გაეცნობიან ადგილობრივი სასწავლო ცენტრის სტრუქტურას, სასწავლო პროგრამებსა და სწავლების მეთოდიკას, დაესწრებიან პრაქტიკულ მეცადინეობებს. ამასთან, დაათვალიერებენ საფრანგეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებას და გაეცნობიან საფრანგეთის პრობაციის სისტემის მუშაობას.
სკეპტიკოსები იტყვიან, ამდენ წადი-წამოდის და ამდენ ხარჯებს იქნებ სჯობდა, გაეგოთ შესაბამისი ვებ-გვერდის მისამართი და იქ გაცნობოდნენ ყველაფერსო. არა, ბატონებო! ხომ გაგიგიათ, ეიფელის კოშკის შესახებ ასჯერ გაგონილს ეიფელის კოშკის ერთხელ ნახვა სჯობიაო.
არაფერი დაშავდება - წავლენ და წამოვლენ. მთავარია, მშვიდობით იმგზავრონ. გასულ კვირაში რაღაც ამინდები არ ვარგოდა. ერთი დღე იყო, ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტში საერთოდ რეისები გადაიდო. შემეშინდა, ნისლმა აეროპორტის სახურავი არ დააზიანოს-მეთქი, მაგრამ გადავრჩით.
ექსცესს ვერ გადაურჩნენ კინოთეატრი ”ამირანი” და ფესტივალი ”პრომეთე”. მანანა არჩვაძის მომხრეებმა კინაღმ ფესტივალი ჩაშალეს. მიზეზი? მიზეზი ის იყო, რომ მანანისტ-ზვიადისტებმა ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს მოსთხოვეს, ფესტივალის ფარგლებში ეჩვენებინათ მათ მიერვე გამსახურდიას შესახებ გადაღებული ფილმი ”გაუმარჯოს პრეზიდენტს”, მაგრამ იმის გამო, რომ ”ეს ფილმი ნანახი არავის ჰქონდა”, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა საფესტივალო პროგრამაში ვერ შეიტანა. მართალია, ეს ფილმი ნანახი არ ჰქონდათ, მაგრამ ნანახი ჰყავთ თავად მანანა და მისი მომხრეები. ვფიქრობ, ფილმის არჩევენების მიზეზიც ეს გახდა.
უკვე ვიცი, რაც მოხდებოდა, თუ აჩვენებდნენ. ჯერ აჩვენებდნენ, შემდეგ ფილმისთვის პირველ პრემიას მოითხოვდნენ, შემდეგ პრემიალური ეცოტავებოდათ. თან, ფულსაც ვერც გაიყოფდნენ და მანანისტები ერთმანეთს დაერეოდნენ. ნეტა, ეჩვენებინათ… აი, ნახავთ, მალე ზვიადისტები კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირან-პრომეთეს თუ კრემლის აგენტად და ერის მოღალატედ არ გამოაცხადებენ.
ეჰ, რა ვიცი… სხვაც ბევრი მოხდა გასულ კვირაში, მაგრამ არ ღირს - აზრი მაინც არ აქვს. მიშას ლაპარაკს, ნინოს ლაპარაკს, ნოღიდელის ლაპარაკს აზრი როდის ჰქონია? ისე ვამბობ, თითქოს მალაშხიას სიტყვები იყოს სიბრძნით გაჟღენთილი.
ამიტომაც, გემშვიდობებით.
