დიტო გელოვანი. აგენტი 008 - პირველი ნაწილი
აი, 2008 წელიც ჩაბარდა პატრონს, ანუ, მიზანა ბრეგვაძის მეზობელი როგორც იტყოდა - “წეიღო წერილი” და დიტო გელოვანმაც გადაწყვიტა, დაეწერა არა ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში, არამედ ის, რაც ხდებოდა წინა წელს. ყველაფერი მარტივი გენიალურია - ის, რაც ხდებოდა წინა წელს საინტერესოდ აიკინძა “ვერსიაში” გამოქვეყნებული საკვირაო მიმოხილვებიდან.
ადამიანები
მარტი: მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალაქში, სიღნაღში, ოპოზიციონერებს საშიმშილოდ კიდევ ორი ადამიანი შეუერთდა - 88 წლის ელო ნარინდოშვილი და 80 წლის მარო მერებაშვილი. ისინი ქვეყანაში მშვიდობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და ნინო ბურჯანაძის გადადგომას მოითხოვენ.
აპრილი: როგორც ჩანს, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები აღაფრთოვანა ნათელი მომავლის სააკაშვილისეულმა ხედვამ და ჯგუფ-ჯგუფად იწყებენ სამშობლოში დაბრუნებას. ზოგიერთი ამას შემოვლითი გზით ცდილობს. ღაზას სექტორში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, რომელთაც ეგვიპტეში გადასვლის მცდელობის მიზნით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ ბრალი. საქართველოს 13 დაკავებული მოქალაქე, რომელთაგან 5 ქალია, ანარეშის სამხედრო ციხეშია გადაყვანილი.
ივნისი: მაინც რომელი სჯობს - იყო გაყიდული თუ იყო გაბრიყვებული? ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ბრიყვები ვართ. გაყიდული კაცი (გენდერული ბალანსისთვის - ქალიც) არასოდეს აღიარებს, რომ გაიყიდა და კიდევ ბევრჯერ გაიყიდება. გაბრიყვებულს კი აქვს თავმოყვარეობა. ამ თავმოყვარეობას გამოყავს ქუჩაში, იწყება დემონსტრაციები, მიტინგები, შიმშილობის აქციები... ყვირილით დაღლილებს, შიმშილობით დასუსტებულებს უპირისპირდებიან ხელკეტებით შეიარაღებულები - გაყიდულები.
აგვისტო: და ხალხი ყვიროდა: “სარ-კო, სარ-კო”. ვიღაცამ უთხრა, ინტელიგენტმა და ცნობილმა სახემ - რომ მოვა, ასე იყვირეთო. არ მოვიდა და ბევრი აღარც უყვირიათ... შემდეგ, იმღერეს, ანუ ხელები გაშალეს და პირები დააღეს.
ნაციონალები
აპრილი: ვერ გავიგე, ადამიანმა როგორ უნდა იყაროს კენჭი. ისე, რა ჩემი საქმეა, თუ უნდათ, სარი ითხარონ. ნოდარ გრიგალაშვილს მშობლიურმა პარტიამ მაჟორიტარობაზე უარი უთხრა და ახლა ხელში სარის დაჭერას სწავლობს.
მაისი: “ხალხი არის ერთადერთი ძალა, ვისთან ერთადაც აპირებს “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო გეგმების წარდგენას”, - თქვა დავით ბაქრაძემ. დიახ, ხალხი ნამდვილად ძალაა, “ნაციონალური მოძრაობა” კი ძალას ყოველთვის ძალით უპირისპირდება. 21 მაისს გამოჩნდება, ხალხი მხოლოდ ძალაა, თუ ცოტათი მაინც არის ჭკუა და გონება.
დეკემბერი: სხედან დავითაიას კომისიის სხდომაზე გოკა გაბაშვილი და გივი თარგამაძე და ემსახურებიან საქართველოს. პრეზიდენტი ქვეყნის სიმბოლოა. გივი და გოკა პრეზიდენტს შეკითხვებს რომ უსვამდნენ, აღარ იცოდნენ, სად წასულიყვნენ. 41 წლის ახალგაზრდას ასეთი მოწიწებით რომ ეპყრობიან, წარმომიდგენია, როგორი სიყვარულითა და რუდუნებით მოეპყრობიან პენსიონერს, ინვალიდს, მრავალშვილიანს, ობოლს...
ოპოზიცია
იანვარი: ოპოზიციამ 17-პუნქტიანი მემორანდუმი წარადგინა. მეტიც შეიძლებოდა და ნაკლებიც, მაგრამ იმ დღეს ინაუგურაციიდან ზუსტად 8,5 კვირა იყო გასული და, როგორც ჩანს, მემორანდუმის შემდგენლები დღეში ორ პუნქტს ამატებდნენ.
მარტი: გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა “რესპუბლიკელების” მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო. ზვიად ძიძიგური ისეთი გამწარებულია, თითქოს, 1991 წელს რუსეთისთვის ეკონომიკური ბლოკადა მას კი არა, ივლიანე ხაინდრავას გამოეცხადებინოს.
მაისი: ლევან გაჩეჩილაძეს ცესკო-ს კარის აჭედვა უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ფანჯარა აჭედა. კარგია, როდესაც არსებობს ალტერნატივა. ისე, “როცა მომეპრიანება”-ს ალტერნატივა არის “ვნახოთ, შევხედავ”.
ნოემბერი: “რესპუბლიკური პარტიის” მამამ, დავით უსუფაშვილმა მეტად საინტერესო რამ თქვა - 2013 წელში გადავიხედე, საქართველოს დავხედე და ახლა უკან ვბრუნდებიო. ეგ უსუფაშვილი ცოტათი, მგონი, წაისტივენსპილბერგებს, ოღონდ, მაგის ფილმებს ჰქვია “წინ წარსულში” და “რესპუბლიკელები თეთრებში”
მიშა
იანვარი: მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და თან, არ უნდა მომხდარიყო - პრეზიდენტი არ შეიცვალა. თვითონ კი ამბობს, შევიცვალეო, მაგრამ ცხვირი ჰგავს? - ჰგავს. შუბლი ჰგავს? - ჰგავს. ტუჩ-ნიკაპი ჰგავს? - ჰგავს. ესე იგი, ჰგავს. არადა, შევიცვალეო... აწი, რაღა დროს მაგის შეცვლაა?! ერთი, მანანა არჩვაძე შეიცვალა, მეორე - ეძიკა ძია და მესამე კიდევ - ეგ.
მარტი: “თქვენ შეგიძლიათ, უკეთესად იცოდეთ ქართული საკვები ვიდრე მე. შეასრულოთ ქართული ცეკვა უკეთესად. თქვენ საკმაოდ ნიჭიერი ბრძანდებით, ტეხასელი ხართ, მაგრამ მაინც, ახლოს ვართ ტეხასელები და ქართველები, რაღაც ქართული მაინც გაქვთ, ასეთი აზრი არსებობს ჩვენს ქვეყანაში. თუ არ გინდათ ცეკვა, ჩამოდით ჩვენს ქვეყანაში და დრო გავატაროთ”, - უთხრა მიშამ ჯორჯს.
ივნისი: თუ მიშა შეიცვლება, შეიცვლება მხოლოდ ცუდისკენ. მიშა აქამდე გიგა ბოკერიას უსმენდა, რომელიც ადრე “ამერიკის ხმას” უსმენდა და ახლა “ზეპელინებს” უსმენს. დღეს მიშა უსმენს გოკა გაბაშვილს, რომელიც ადრე “პიონერსკაია ზორკას” ფანი იყო, ახლა კი “რუსლანას” ფანია.
სექტემბერი: “მსგავსი საწარმოები არის პასუხი რუსულ აგრესიაზე. დღეისთვის ცოტა გარდამავალი პერიოდია, თუმცა...” - აღნიშნა პრეზიდენტმა. ეს თუმცები და გარდამავალი პერიოდებია, გულს რომ მიკლავს, ხოლო ასეთმა “პასუხმა რუსულ აგრესიაზე” ლამისაა, ბოლო მომიღოს.
პარლამენტი
მარტი: პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის იდეა მართლაც მისაღებია ზოგ-ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ბიუჯეტი მომავალ წელს 4 მილიონი ლარით მეტი იქნება. როგორც ბეჟან ბუცხრიკიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის ზრდა გამოწვეულია აგრეთვე, ბაზარზე იმ პროდუქციის გაძვირებით, რასაც პარლამენტი მოიხმარს. მათ შორის, ბუცხრიკიძემ ბენზინი და საკანცელარიო ნივთები დაასახელა.
ივნისი: მაინც ხომ წინასწარ ვიცოდით, რომ ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე იქნებოდა, რომ ნადირაძეს ოჩიაური შეცვლიდა, ხოლო კობა ბექაურს - ნუგზარ წიკლაური! ისიც ხომ ვიცოდით, გოგორიშვილი, სამყურაშვილი და ბალავაძე შეუცვლელები რომ არიან!
სექტემბერი: დავითაია, წესით, გახარებული უნდა იყოს. ეს პირველი კომისიაა, რომელსაც თავმჯდომარეობს. ეს იმას ჰგავს, 18 წლის პროვინციელ ჭაბუკს სოფლის გუნდიდან პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში რომ შეიყვანენ და დებიუტშივე დუბლს გაახერხებს.
არჩევნები
მარტი:წინასაარჩევნოდ, მეწისქვილის ქალიშვილის იმიჯი ბევრად მოხერხებულია, ვიდრე “პრინცესა ხორბლის მარცვალზე”. “მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს ოპონენტებს, რომ გვერდით გადადონ გარკვეული პირადი ამბიციები და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც მართლა საქმესთან არის დაკავშირებული”, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
აპრილი: “ლეიბორისტები” ბოიკოტირების მომხრეებს ცესკო-სთან 17.30 საათამდე ელოდებოდნენ, მაგრამ არავინ გამოხმაურებია. გუგავას თქმით, ვინაიდან მათ არავინ გამოეხმაურა, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკო-ში განაცხადი თავადაც შეიტანეს.
მაისი: სანამ მიშა თავმდაბლობდა, საკონსტიტუციო უმრავლესობა რომც გვქონდესო, “ნაციონალების” შტაბში საკონსტიტუციო უმრავლესობა თავმაღლობდა - ეგზიტპოლის შედეგებს ზეიმობდნენ. მაშ, რაღა საჭირო იყო არჩევნები და რაღა საჭირო იყო ხმების დათვლა, თუ არჩევნების შედეგებს ჭეშმარიტების უკანასკნელ ინსტანციად მივიღებდით?
ივლისი: სააკაშვილმა დღეს ლიტვის რესპუბლიკის ელჩი რიჩარდას დეგუტისი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დააჯილდოვებდა, აბა რას იზამდა - ლიტვიდან არჩევნებზე ჩამოსული დამკვირვებლების უმრავლესობა ყრუ-მუნჯი და ბრმა იყო.
ცვლილებები
იანვარი: ხოლო თბილისში მორიგი სამთავრობო კარუსელი დატრიალდა. რამაზ საყვარელიძემ ბეჟუაშვილის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვება ჭკვიანი კაცის მიერ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა: “ბეჟუაშვილმა იცის, რომ ახლა ჭკვიანმა კაცმა მთავრობაში შესვლას თავი უნდა აარიდოს. ბეჟუაშვილს ჭკუას ვერ დაუწუნებ”. სხვისი არ ვიცი, მე კი საყვარელიძის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები არა ბეჟუაშვილის, არამედ ახლადდანიშნული მინისტრების მისამართით აღვიქვი - ვინც მთავრობაში შესვლას თავი არ აარიდა, ყველას, ჯამში, იმდენი ტვინი აქვს, აი, ტელევიზორს რომ გამორთავ და ბოლოს წერტილი რომ რჩება.
აპრილი: ზაალ სამადაშვილის არჩევის გამო, სეფე-სიტყვის თქმისას, უგულავამ ჩინელებს შეუთვალა, თუ ბეგაშვილს ასპარეზად ჩინეთი არ ეყოფა, ცოტა ხნით მონღოლეთში გაუშვითო. ნამდვილად კარგი აზრია - თითქმის 700 წლის შემდეგ მონღოლებზე შურს ვიძიებთ. ბეგაშვილი იქნება ულუ, სამადაშვილი -ნარინი.
ნოემბერი: საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - გრიგოლ მგალობლიშვილი. ვიღაცამ მოსწრებულად შენიშნა, ახლა სრული უფლება გვაქვს, ვიტრაბახოთ, მიშაც აქ არის, გრიშაც აქ არისო. თუმცა, კვირის დასაწყისში მიშა ნორვეგიაში იყო. გრიშა - თურქეთში.
დეკემბერი: ახალი სამთავრობო კარუსელი დატრიალდა. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რატომ უწოდებენ ამ პროცესს კარუსელს. საქანელას უფრო ჰგავს... დიპლომატიიდან წავიდა სასამართლო, განათლებაში შევიდა პროკურატურა, ბალეტი გამოეყო კულტურას და დაუბრუნდა დიპლომატიას
