დიტო გელოვანი. აგენტი 008. მეორე ნაწილი
აქ არის საერთაშორისო, არის ეკონომიკა, კულტურა, ომი და არიან X-ადამიანები. ყველაფერს ეს უაკანასკნელები განსაზღვრავენ, განსაკუთრებით კი - კულტურას, ან, უფროს სწორად მის არარსებობას. კულტურის არარსებობას, ანუ, პირველ რიგში ერთმანეთის უპატივცემულობას მოსდევს წაგებული ომი, დანგრეული ეკონომიკა და ის, რომ უცხოეთში ამრეზით გიწყებენ ცქერას.
ეს ყველაფერი იყო 2008 წელს. ვირთხამ ყველგან მოიტანა კრიზისი, მაგრამ ეს არის ეკონომიკური კრიზისი. ჩვენთან სულიერების კრიზისია და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, აი, უკვე რა ხანია, ყველა წელიწადი ვირთხის წელიწადია. და ნუ დავიწყებთ მკითხაობას, ვისი აგენტია ვირთხა - რუსების, ამერიკელების, ვაჰაბიტების, სოროსის... ვირთხა ისევ ჩვენი აგენტია. საკუთარი თავის წინააღმდეგ რომ დავიქირავეთ, ის აგენტი. აგენტი 008.
საერთაშორისო
იანვარი: ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც თბილისში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, მიიჩნევს, რომ საქართველოში საერთო პროგრესი შეიმჩნევა. დამკვირვებლებს ხომ აღარ ვენდობი და ახლა, მათ შემფასებლებიც დაემატნენ.
აპრილი: თურმე, ბეწვზე გადავრჩით, მაპ-ი რომ არ მოგვცეს. თურმე, ჩვენ რომ მაპ-ზე ვოცნებობდით, ბუქარესტის სამიტი სიურპრიზს გვიმზადებდა - მაპ-ი რა საკადრისია, ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც თავისი ნებით მიდის თანამდებობიდან და ახალ არჩევნებს ნიშნავს, უკეთეს ხვედრს იმსახურებსო. მიშამ აღნიშნა, ამ შედეგს ბრძოლით მივაღწიეთო. კიდევ კარგი, ვიბრძოლეთ, თორემ ადვილი შესაძლებელია, მაპ-ი შემოეტენათ და ხახამშრალები დავეტოვებინეთ.
მაისი: საქართველოს რუსი ჟურნალისტების დელეგაცია ეწვია: “იზვესტია” “ნოვაია გაზეტა”, “ნეზავისიმაია გაზეტა”, “ინტერფაქსი”... თუ ვინმეს ჩვენზე ბინძური პასკვილი დაუწერია, ყველა ჩამოვიდა.
სექტემბერი: გია ბარამიძე ვალენსიაში ჩავიდა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე “ქრისტიან-დემოკრატებისა” და “კონსერვატორების” სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ვალენსიაში რომ არ ჩასულიყო, ჩვენც ხომ გვყავს ჩვენი საკუთარი “კონსერვატორები” და “ქრისტიან-დემოკრატები”?
ეკონომიკა
იანვარი: საქართველოს რკინიგზა თავიდან იყიდება. არველაძის აღმოჩენილი ინგლისელები აფერისტები აღმოჩნდნენ და ყველაფერი თავიდან იწყება... იგივე სიტუაციაა ფოთის პორტთან დაკავშირებით.
აპრილი: ამ ბოლო დროს, ძაან გახშირდა ჩინოვნიკების აქეთ-იქით სიარული, ობიექტების მონახულება და სუბიექტების წარდგენა. “ქვევრისა” არ იყოს, შენს დანახვაზე, რა, ყელი გაუგანიერდებოდაო... გიგი, ლადო და მიშა რომ დადიან, თითქოს რამე იცოდნენ! დადიან და დაშტერებით შესცქერიან. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტი არის ნათელმხილველი, უნდა ვიფიქროთ, რომ მერი და პრემიერიც იქნებიან ასეთ ეშმაკობებში გაწაფულნი. გეხსომებათ ასეთი განცხადება: “ვარჩენ ბუასილს დაჟინებული მზერით”. ანუ, “ვამყარებ ლარს დაჟინებული მზერით”, “ვარიგებ საწვავს დაჟინებული მზერით”, “ვამაგრებ სახლებს დაჟინებული მზერით”.
მაისი: “აჭარაში ახალი ანტალია უნდა აშენდეს”, - ასეთი დავალება მისცა მიშამ აჭარის ხელისუფლებას ქობულეთში ახალი სასტუმროს “ქობულეთი ჯორჯიან ჰოტელ პალასის” გახსნისას. სასტუმრო ხუთვარსკვლავიანია და თემურ ჭყონიას დაფინანსებით აშენდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვისი დაფინანსებით აშენდა თავად ჭყონია?
ნოემბერი: ა, კიდევ ერთი სისულელე - “საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას ეკონომიკის სამინისტრო ახალი ენერგიით შეუდგება”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკატერინე შარაშიძემ განუცხადა. ჯერ ერთი, შარაშიძის კომენტარები არავის აინტერესებს, მეორეც - შარაშიძისა არავის სჯერა.
კულტურა:
იანვარი: ეთერ კაკულია საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. იგი ერთ დროს ლეიბორისტი იყო, მაგრამ ნათელაშვილმა “გრემის” პრემიაზე არ წარადგინა და ლეიბორისტებიდან გამოვიდა - და მე არ მინდააააა ნაჯახი როჟების ყურებაო. მას სხვა ნეტარება სურს და ის კი არ იცის, რომ პარლამენტი ტაშტებითაა სავსე.
ივნისი: გეი, ჯონდ, დონთ მეიქ ით ბედ... “ნა, ნაა, ნაა, ნანანანააა...” - პოლ მაკარტნიმ კიევში კონცერტი ჩაატარა, ჩვენთან კი მოდაში ისევ ნუგზარ ერგემლიძეა. “ჩემი და ჩემი შარდის ანალიზისა შეშურდათ... გადავწყვიტე, პარლამენტში გავაგრძელო მუშაობა”, - განაცხადა ნუგზარ ერგემლიძემ.
ივლისი: ღირსების ორდენი ასევე გადაეცათ მომღერალ ლელა წურწუმიას, რომელმაც დუეტი “ჯორჯია” ფესტივალისთვის მოამზადა და სოსო პავლიაშვილს, რომელმაც ამ ფესტივალზე 1989 წელს გაიმარჯვა.
აგვისტო: გიგა ლორთქიფანიძემ ამ დღეებში თქვა: “ახლა დავრწმუნდი, რომ არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს”. იმ დღეს მე ვთქვი: “ადამიანს თავში ფეხი არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს - ხის ფეხი”.
ომი
თებერვალი: გასული კვირიდან მოყოლებული, კოკოითი და ბაღაფში სულ კოსოვოს ხსენებაში არიან. მე იგივე ვარ მარად - მაგათ დედებს ვახსენებ.
მარტი: კოტე გაბაშვილი ზის და ჩაფხუტიანი ცისფერების წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებს, აგროვებს, აგროვებს... რით ვერ შეაგროვა? მე მგონი, კოტე გაბაშვილი არის ფილატელისტი, მარკებს აგროვებს და ჩვენ გვატყუებს. ანუ, ბურჯანაძე მეწისქვილის ქალიშვილია, გაბაშვილი - ფილატელისტი.
აპრილი: გია ბარამიძემ მორიგი ტყუილი დადო: “საქართველო ადექვატურ პასუხს გასცემს რუსეთს, თუ იგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის წარმომადგენლობებს გახსნის”. ნტ, ნტ, ნტ! ანუ, საქართველო თავის წარმომადგენლობებს გახსნის ხანტი-მანსიისკში, ბირობიჯანში, არმავირსა და სალავატ იულაევის სახელობის ბაშკორტოსტანში.
მაისი: აფხაზეთში დენთის სუნი ტრიალებს. შედიან რუსები, შედიან ჩეჩნები, კაზაკები. მათ ტოლმითა და ბასტურმით დახვდებიან სომხები. გაუშვი, შევიდნენ, ჯერ ნუ ჩავერევით - ამოხოცონ ერთმანეთი, მაგათი დედაც და მაგათი გამზრდელიც. მაგათი კეთილებიც, თუ ჰყავთ სადმე ვინმე და ამათი კეთილებიც, ყოველი არჩევნების წინ რომ გვარწმუნებენ, თქვენი კეთილები ვართო.
აგვისტო: დიღომში, დიდუბეში, ბარათაშვილზე და სხვაგანაც, პირდაპირ ასფალტზე ისხდნენ დაღლილი, გატანჯული, გაშავებული და თავმოყვარეობაშელახული, მაგრამ მაინც თვალებანთებული ჯარისკაცები. სადღაც იწერებოდა “რეზერვისტების საოცარი თავგადასავალი გორში”...
აეროპორტისკენ უკვე კარვების ქალაქს ეყრებოდა საფუძველი. ხალხი ტყე-ტყე გამოდიოდა. უკვე ჩურჩულებდნენ: “მიშას ნინოთი ჩაანაცვლებენ”. ანზორა ძია ფიქრობდა: “მამა ენაცვალოს”...
რამდენიმე უსაქმური ქალი, ქართველი დედები ვართო და, მორიდებული წივილ-კივილით მიადგა რუსეთის საელჩოს. მიიყვანეს გადამღები ჯგუფი. რამდენიმე მომღერალმა დრო იხელთა, დევნილებს რამდენიმე ფუთა მიუტანა. მიიყვანეს გადამღები ჯგუფი. ინტელიგენტებმა ჩააბარეს სისხლი და არც ამ უსისხლო აქციას ჩაუვლია გადამღები ჯგუფის გარეშე.
...საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ტელეკამერების ობიექტივში, უცნობი ჯარისკაცები - მუხათგვერდის სასაფლაოზე.
ოქტომბერი: გასულ კვირაში საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა თვითმფრინავებმა ორჯერ დაარღვიეს. მალაშხიამ და სხვებმა, თითომ სამ ტელევიზიას, მინიმუმ, სამჯერ მაინც განუცხადა, რომ რუსეთმა ამით საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და რომ ეს კიდევ ერთხელ...
ნოემბერი: ზაზა გოგავა აგვისტოს მოვლენებისას სამხედრო ოპერაციების პროცესში ერთ-ერთ დიდ შეცდომად ჯარისკაცებისთვის მობილური ტელეფონების გამოყენების შესაძლებლობის მიცემას ასახელებს. რა საინტერესოა, არა? ჯარისკაცებს მობილურებზე რომ არ ერეკათ, ახლა სოჭში თუ არა, გაგრაში მაინც ვიქნებოდით.
X-ადამიანები
აპრილი: როგორც იქნა, ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა სუფთა და შეურყვნელი წარსულის მქონე ადამიანი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის რწმენისა და თავისუფლების ფასი. კაცი - სიტყვა, კაცი - მიკროფონი, კაცი - სტუდია, კაცი - დროება, კაცი - აღორძინება, კაცი - იმედი, კაცი - კაცი... ყრილობა ფეხზე წამოუდგა ქართული პოლიტიკის კორიფეებს - გიორგი თარგამაძეს, გიორგი ახვლედიანს, მაგდა ანიკაშვილს...
მაისი: ჯონდი უკვე პარლამენტის წევრია. დასრულდა პარტიიდან პარტიაში მოგზაურობა, მფარველების გაუთავებელი ძებნა, იდეოლოგიური წიაღსვლები ულტრამემარჯვენეობიდან ულტრამემარცხენეობამდე.
ივნისი: გივის ბედს შენატრიან და მისი ცხოვრების წესით აღფრთოვანებულნი არიან ცაგარეიშვილი, თორთლაძე და დავითაია... ცოცხალი თავით არ მოაწერეს ხელი პარლამენტში არშესვლის განცხადებას. ისინი შევლენ პარლამენტში და იმედი აქვთ, რომ აღარც გამოვლენ და თუ ბედი გაუღიმებთ, იქნებ, შაჰის ცოლობასაც გამოკრან ხელი.
სექტემბერი: პოლიციის 30-მდე თანამშრომელმა, სულ დარჩეულმა ბიჭებმა დაშალეს მანანისტების აქციის მონაწილე 50 ბიოლოგიური ქალი. აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართ სკანდირებდნენ: “მკვლელებო, მკვლელებო”.
...ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, პოლიტიკური პარტია უნდა შევქმნაო. ალბათ, ჰგონია, რომ მალე მაგის დრო მოვა. რაც მე თავი მახსოვს, სულ ნინო ბურჯანაძის დროა, რაც მამაჩემს თავი ახსოვს - სულ ნინოს მამის დრო.
დეკემბერი: პარტიის თავმჯდომარედ გია თორთლაძე აირჩიეს, გენერალურ მდივნად - გია ცაგარეიშვილი. საერთოდ, ასეთი ყრილობების შემდეგ, ბანკეტები იმართება ხოლმე, მაგრამ რადგან თავმჯდომარეც და გენერალური მდივანიც, ორივენი გიები არიან, ამიტომ მოეწყო ორგია
