წარუმატებელი პოლიტიკოსების წელი
წლის ბოლოს ყველაზე აქტუალური განვლილი წლის მოვლენების შეფასებაა. არა ერთი გამოკითხვა ტარდება, თუ რა იყო წლის ყველაზე წარმატებული მოვლენა, ვინ იყო წარმატებული პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი, რა იყო წარუმატებელი და ვისმა რეიტინგმა განიცადა სრული კრახი.
გამოკითხვები ტრადიციად იქცა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელს საქართველოში იმდენად მძიმე პოლიტიკური ვითარება იყო, რომ რაიმე წარმატებაზე, ან რომელიმე პოლიტიკოსის პირად გამარჯვებაზე საუბარი სირცხვილიც კი არის.
ეს იყო რთული, მძიმე და პოლიტიკური დაპირისპირებებით სავსე წელიწადი. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობდა და კონფრონტაციის რეჟიმი დღესაც გრძელდება.
ქვეყანამ 2008 წელი საპრეზიდენტო არჩევნებით დაიწყო. სააკაშვილმა გაჩეჩილაძეს მოუგო, თუმცა გაიმარჯვა თუ არა, ეს სხვა საკითხია. “ნაციონალების” ლიდერის ხელახლა აღზევებას მოჰყვა მიტინგები, საპროტესტო მსვლელოები და უშედეგო შიმშილობები
შემდეგ იყო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოპოზიციისთვის არცთუ სასურველი შედეგებით დასრულდა. მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ “ნაციონალები” მომაკვდავი გედის სიმღერას იმღერებდნენ და პარლამენტში მცირე ჯგუფს გაიყვანდნენ, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების სრული უმრავლესობა ჩაითვალა და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიყვანა. ოპოზიციამ კი ”ბოიკოტირება” დაიწყო და წაგებული ისევ თავად დარჩა.
ყველამ ერთად კი აგვისტოში წააგო, როცა ქვეყანამ ომის მარცხი განიცადა. ერთი სიტყვით, ეს იყო სრული წარუმატებლობის, პოლიტიკური შიდა დაპირისპირებისა და იმედგაცრუების მძიმე წელი. სწორედ ამიტომ ალბათ, ყველაზე დიდი სირცხვილი იქნება რომელიმე პოლიტიკოსის წარმატებაზე საუბარიც კი. წარუმატებელთა გალერეა კი საკმაოდ ჭრელი და მრავალფეროვანია.
- “ამ დღეებში გიორგი თარგამაძე ხომ დავაჯილდოვეთ, როგორც წლის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი. რაღა უჭირს საქართველოს. როცა გიორგი თარგამაძე პოლიტიკურ სპექტრში ნომერ პირველია, საინტერესოა, მეორე ვინღა უნდა იყოს? სხვა რომ არაფერი, ეს უკვე ნიშნავს, რომ ყველა წარუმატებელია”, - აღნიშნავს ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ირაკლი შენგელაია.
სააკაშვილის მარცხი
Presa.ge ექსპერტებს დაუკავშირდა და შემდეგი კითხვით მიმართა: ვინ იყო წლის ყველაზე წარუმატებელი პოლიტიკოსი? გამოკითხვის თანახმად, წარუმატებელი პოლიტიკოსის ტიტულს მიხეილ სააკაშვილი არავის უთმობს. ის ერთპიროვნული ლიდერია. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რამ განაპირობა მისი ასეთი იმიჯი.
რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი: “წლის წარუმატებელი პოლიტიკოსი იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა, ადამიანების დაკარგვა და ბოლოს რეიტინგის დაკარგვა, სამივე მნიშვნელოვანია. მე ამ პოლიტიკოსის სახელს და გვარს არ დავასახელებ, თუმცა ალბათ, რთული მისახვედრი არ არის, ვინ არის ეს ფიგურა”.
ირაკლი სესიაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში: “ალბათ, საუბარიც არ უნდა იმას, რომ წლის ყველაზე წარუმატებელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი იყო. საქართველოს ისტორიაში აგვისტოს მოვლენებმა დიდი შავი ლაქა დატოვა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ისტორია შეაფასებს არა როგორც მიხეილ სააკაშვილის მარცხს ან შეცდომებს, არამედ როგორც ამ თაობის წარუმატებლობას. ამ ადამიანმა საკუთარი ქვეყნის წინაშე დიდი შეცდომა დაუშვა და თანაც იმდენად დიდი, რომ ეს მხოლოდ პასუხისმგებლობით ვერ შემოიფარგლება. ამას ისტორია განსჯის უკეთესად, ვიდრე ჩვენ. სერიოზული შეცდომა იყო მთელი ის პოლიტიკა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, ამ ყველაფრის ლოგიკური შედეგი კი აგვისტო იყო. სააკაშვილი წარუმატებელი იყო არა მარტო ამ წელს, არამდე მთელი მისი მმართველობის პერიოდში.
პოლიტიკოსი წარუმატებლად მიიჩნევა ქვეყნისთვის მისი მოქმედების შედეგებიდან გამომდინარე, - ფიქრობს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე და დასძენს, როც “ყველაზე წარუმატებელი მიხეილ სააკაშვილია, მთელი იმ შედეგების მიხედვით, რაც დღეს საქართველოშია. წაგებული ომი და ოკუპირებული ტერიტორიები - ეს არის სააკაშვილის 2008 წლის შედეგი. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი რომ არის, ამას სააკაშვილს ბრალად ვერ წავუყენებთ, მაგრამ ის, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი, ხელისუფლებას სწორად რომ ემოქმედა, ცხადია. ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკირსება ხელისუფლებას და მთელი მმართველი გუნდის პოლიტიკა იყო აბსოლუტურა წარუმატებელი. ხოლო იმის გამო, რომ ხელისუფლების მოდელი ისეა აწყობილი, რომ ყველა და ყველაფერი სააკაშვილზეა ჩამოკიდებული, სწორედ ამის გამო ყველაზე მეტი სწორედ მისი პასუხისმგებლობაა”.
გია ხუხაშვილი, ექსპერტი: “წარუმატებელი პოლიტიკოსი არის პრეზიდენტი, რომელიც ომში დამარცხდა. სამწუხაროდ, მე ეს არ მიხარია, ამით მთელი ქვეყანა დამარცხდა. დღეს ხელისუფლებას ყველა მიმართულებით სერიოზული პრობლემა აქვს, როგორც შიდა პოლიტიკური, ასევე საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. ანუ, პრობლემების მთელი ბუკეტი აქვს. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, არამედ ქვეყანაზეა გადასული”.
სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: “ძალიან მინდა ორიგინალური ვიყო, მაგრამ არ გამომდის. წარუმატებელია ალბათ ის, ვისაც საზოგადოების უმრავლესობა ასეთად მიიჩნეს. ეს გახლდათ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები. საქართველომ შეძლო ის, რაზეც ოცნებობდა რუსეთი, ხოლო რუსეთმა თავისი პოლიტიკით მოახერხა ის, რომ ეს ქვეყანა მთელმა მსოფლიომ გულიდან ამოიგდო. შესაბამისად, ყველაზე წარუმატებელია ის პოლიტიკოსი, რომელიც ვნებს საკუთარ ქვეყანას. ასეთად მეგულება დღეს საქართველოს პრეზიდენტი. ასევე, რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერი ერთად. ეს 2008 წლის ყველაზე წარუმატებელი ტრიოა”.
- ”მიხეილ სააკაშვილისთვის კარგი იქნება, თუ ის საკუთარი ნებით გაერიდება პრეზიდენტის თანამდებობას. ამით მოახერხებს პოლიტიკაში დარჩენას, რათა სამომავლოდ კიდევ ეთქმოდეს სიტყვა ქართულ პოლიტიკაში”.
კახა კაციტაძე, სამხედრო ექსპერტი: “ყველაზე წარუმატებელი პოლიტიკოსი არის ის, ვინც ჩაატარა წარუმატებელი აქცია წლის განმავლობაში. ეს ომი საქართველოს ისტორიაში იყო ერთადერთი, როდესაც ქვეყანამ ომი დღენახევარში წააგო და თანაც მოწინააღმდეგის ბევრად ნაკლებ ძალასთან. ეს ზღაპრები, რომ მილიონი რუსი გვებრძოდა და თანაც იმაზე მეტი ტანკით, ვიდრე ჰიტლერი უტევდა საბჭოეთს, მხედველობაში არ მიიღება. ქართული თუ უცხოური დამოუკიდებელი კვლევების შედეგის მიხედვით, ჩვენი სამხედრო ძალა ერთნახევარჯერ აღემატებოდა რუსების პირად შემადგენლობას, ხოლო მძიმე ტექნიკაში დაახლოებით თანაბარი ძალა იყო. ცხადია, ყველაზე წარუმატებელი პოლიტიკოსი არის ის, ვინც ყველაზე წარმატებულად მიაჩნია სახელისუფლო უმრავლესობას”.
წარუმატებელი ოპოზიციონერები
მაშ ასე, ექსპერტებმა წლის ყველაზე წარუმატებელ პოლიტიკოსად მიხეილ სააკაშვილი დაასახელეს. Presa.ge შეეცადა, გაერკვია, ვინ მიაჩნიათ მათ ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე წარუმატებელ პოლიტიკოსად.
ირაკლი სესიაშვილი: “ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე წარუმატებელი ლევან გაჩეჩილაძე იყო. მან ვერ მოახერხა საზოგადოების ძალიან გამოკვეთილი მხარდაჭერის გამოყენება. გაჩეჩილაძემ ვერ შეძლო ხალხის მხარდაჭერის მართვა და შედეგის მიღწევა. მას ჰქონდა დიდი შანსი, რომელიც ხელიდან გაუშვა”.
გია ხუხაშვილი: “წლის ყველაზე წარუმატებელი ოპოზიციონერი პაატა დავითაიაა. მან წლის ბოლო დიდი სკანდალით დაასრულა. “ტიტანური შრომა” გასწია იმისათვის, რათა დაემტკიცებინა, რომ აგრესია რუსებმა დაიწყეს და შემდეგ ჟურნალისტს ყურში ჩასჩურჩულა, რა თქმა უნდა, ომი ჩვენ დავიწყეთო”.
რამაზ საყვარელიძე: “ოპოზიციაში წარუმატებელ პოლიტიკოსთა რიცხვი საკმაოდ დიდია. ქვეყანაში არჩევნების ორი რაუნდი იყო იმისათვის, რომ ოპოზიციას გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ ორივე რაუნდში დამარცხდა. ამ მარცხის გამო წარუმატებელია მთელი ის ჯგუფი, რომელიც მაშინ წარმართავდა ოპოზიციის პოლიტიკას”.
სოსო ცისკარიშვილი: “ოპოზიციის წარუმატებლობა გამოიხატება იმაში, თუ რამდენად დაფასებული ხარ ხელისუფლებისგან. ამ შემთხვევაში კი ყველაზე წარუმატებელ ოპოზიციონერად პაატა დავითაია მიმაჩნია. მან წელი დაიწყო ქუჩის მიტინგებით და დაასრულა ხონჩით მირთმეული ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დანიშვნით. არა მგონია, ის თავად ბედნიერი იყოს, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება. დავითაიას შემთხვევა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განვითარდეს რომელიმე ცალკე აღებული ოპოზიციონერის პოლიტიკური ბიოგრაფია
