სოზარ სუბარი: მაშინ ვერ გავბედე, მეთქვა
2009 წლის აპრილში ომბუდსმენს კიდევ ერთი - 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიში დარჩა და არაა გამორიცხული, დეპუტატებმა მისი ნამუშევარი ამჯერადაც არ მოიწონონ. საქმე ისაა, რომ მის მრავალგვერდიან მოხსენებებს, დეპუტატები ჭორებს ან სიცრუეს უწოდებენ. ასე მოხდა 30 დეკემბერსაც. სუბარმა დეპუტატებს გაანდო, რომ 7 ნოემბრის დარბევა ჯერ კიდევ 4 ნოემბერს შს მინისტრის კაბინეტში დაიგეგმა, რომელსაც ქვეყნის პირველი ძალოვნები ესწრებოდნენ. ინფორმაცია სუბარს პირველწყაროსგან ჰქონდა, მაგრამ ვინაიდან მისი ვინაობა არ დაასახელა, პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვა.
ამის მიუხედავად, სახალხო დამცველი მაინც ელოდება, რომ პარლამენტში ამ საკითხის გამოსაძიებლად კომისია შეიქმნება. მანამდე ლოგიკურად ჩნდება კითხვა - სახალხო დამცველმა, რომელმაც სამი დღით ადრე იცოდა, როგორ გაუსწორდებოდა ხელისუფლება 7 ნოემბრის მიტინგს, რატომ თქვა თითქმის წელიწადის გასვლის შემდეგ?
ამ და სხვა საკითხებზე, ”ვერსია” თავად სახალხო დამცველს ესაუბრა.
თქვენს ყველა მოხსენებას პარლამენტი მხოლოდ ”ცნობად იღებს” და არა დადგენილებად. თავს გაწბილებულად არ გრძნობთ?
- მე ვგრძნობ, რომ კანონზომიერება ზეიმობს - დადგენილებად რომ მიიღონ, საკუთარი თავი უნდა დასაჯონ. თუმცა, ვერც იმას ამბობენ, რომ მოხსენება არადამაკმაყოფილებელია, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ. მაგალითად, ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვლმა შენიშნა, ამ მოხსენებაში რელიგიაზე რატომ არაფერი ვთქვი, წინა მოხსენების დროს კი დავობდა, რატომ ჰქონდა რელიგიას ამხელა ადგილი დათმობილი.
2008 წლის პირველ ნახევარში რელიგიურ ნიადაგზე დარღვევის არც ერთი ფაქტი არ ყოფილა და მომეგონებინა? შემდეგ ქალბატონმა ჩიორა თაქთაქიშვილმა თქვა, იმედი გვაქვს 2008 წლის მეორე ნახევრის მოხსენებაში მაინც იქნება ამაზე საუბარიო. დალოცვილო, თუ იცი, რომ რამე მოხდა, მომაწოდე ინფორმაცია, ანდა თვითონ თქვი, უფლება არა გაქვს? საერთოდაც, უმრავლესობის მხრიდან საოცარი მიდგომაა - ერთია, რასაც მოხსენებებზე საჯაროდ ამბობენ, მეორეა - რასაც ფარულად, გულში ფიქრობენ.
7 ნოემბრიდან წელიწადზე მეტი გავიდა და თქვენ მხოლოდ ახლა თქვით, როგორ დაიგეგმა ეს დღე. რატომ არ თქვით აქამდე? მით უმეტეს, თურმე ეს ამბავი 4 ნოემბერს იცოდით. გამოდის, რომ ხალხი თქვენ გაგიწირიათ...
-კი, მე ვცემე ხალხი!.. მკაფიოდ უნდა განვასხვაოთ, რომ მე ვიცოდი არა კონკრეტული რიცხვი, არამედ თათბირი, სადაც ითქვა, რომ ადამიანებს უნდა სცემონ. იქ საუბარი არ ყოფილა მიტინგის დარბევაზე, მაგრამ როცა ეს გავიგე, ვილნიუსში წასვლა გადავდე. ამას დაადასტურებენ გაეროს წარმომადგენლები, რადგან ისინიც მოდიოდნენ და შოკი მიიღეს. მათ აეროპორტში შეიტყვეს, რომ აღარ მივდიოდი. მით უმეტეს, ეს ვიზიტი ჩემთვის იყო დაგეგმილი.
რომ გამოვსულიყავი 5-ში და გნებავთ, ”იმედში” განცხადება გამეკეთებინა, გნებავთ, პრესკონფერენცია მომეწყო, ხვდებით, ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა? არსებობდა საფრთხე, რომ ოპოზიციის რომელიმე ლიდერს ეთქვა, ნახეთ, კრიმინალური ხელისუფლება გვყავს და შევიჭრათ პარლამენტშიო. ამით სისხლი დაიღვრებოდა და ეს მე უნდა ამეღო ჩემს თავზე. ამიტომ ვერ გავბედე. ვერ წავედი ამაზე! თუმცა, ამის ნაცვლად მიტინგებზე მონიტორინგი გავაძლიერე. ჩემი თანამშრომლები დღე და ღამე იქ იყვნენ.
საერთაშორისო ორგანიზაციებს, ძალიან მაღალი დონის დიპლომატებს ვუთხარი ეს ინფორმაცია. საჯაროდ კი მაშინ რომ არ ვთქვი, დღესაც მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი. თანაც, იქ იყო ინფორმატორის უსაფრთხოების დაცვის საკითხიც.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა მაინც რატომ არაფერი თქვეს?
- მე ისინი გავაფრთხილე, რომ ეს იყო კონფიდენციალური და ამიტომ ვერ გამოიყენებდნენ. ისინიც ხშირად მეკითხებოდნენ ხოლმე - გაასაჯაროებთ ოდესმეო? ვპასუხობდი, რომ როცა წყაროსთან შევთანხმდებოდი, მაშინ ვიტყოდი. რაც შეეხება იმ მომენტს, რატომ მოვითხოვე მაინცდამაინც საგამოძიებო კომისიის შექმნა - საქმე ისაა, რომ პროკურატურას ვერ ვიმართავ, რადგან გენერალური პროკურორი იმ თათბირზე იყო, ისევე, როგორც შს მინისტრი. საერთოდ, იქ ყველა ძალოვანი იყო. თანაც, თუ გამოძიებას დაიწყებენ, სამი წელი მაინც გაგრძელდება და ჩვენ მარტო იმას გვეტყვიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
ანუ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის იმედი გაქვთ?
- არა მაქვს, მაგრამ კომისია უფრო ღიაა, ვიდრე პროკურატურის გამოძიება. იქ იქნებიან ოპოზიციის წევრები, რომლებიც დასვამენ კითხვებს. ვეტყვით, რომ ესა და ეს მტკიცებულებები გამოითხოვეთ და ა.შ. თუ კითხვებს არ დასვამენ და არ გამოითხოვენ, ესეც გვეცოდინება. პროკურატურაში კი არასდროს გვეცოდინება, რა კითხვა დაისვა ან არ დაისვა. ამითაა საგამოძიებო კომისია კარგი ბერკეტი. მკითხავთ, რატომ მაინცდამაინც პარლამენტის საგამოძიებო კომისია და არა სხვა ტიპის კომისია? იმიტომ, რომ საგამოძიებო კომისიას პასუხისმგებლობის დაყენების უფლება აქვს. იქ ცრუ ჩვენების მიცემა ისჯება. ვთქვათ, პაატა დავითაიას კომისიაში ან ანტიკრიზისულ საბჭოს კომისიაში ცრუ ჩვენება არ ისჯება.
გამოდის, თქვენი წყარო, რომელიც თათბირს ესწრებოდა, იმ მომენტისთვის იმ გუნდის წევრი იყო, რადგან სხვანაირად შს მინისტრის კაბინეტში ვერ მოხვდებოდა. ეს პიროვნება დღესაც ამ გუნდის წევრია? საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან მისი ინფორმაცია საჯარო გახადეთ?
- ის რომ მათი გუნდის წევრი ყოფილიყო, იმავე ღამეს მე არ მეტყოდა. თათბირიდან გამოსულმა პირველი მე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ამიტომ გადავდე ვილნიუსში წასვლა. როცა იმ პიროვნებას შევხვდი, შოკში იყო.
არ ჯობდა, თავად მას ეთქვა მაშინვე საჯაროდ, ან ორივეს... გმირები იქნებოდით...
- ისიც იგივე სიტუაციაში იყო, როგორშიც მე. გმირობა რად მინდა, თუ ერთი კაცის სისხლი მაინც დაიღვრებოდა?!.. ვინმეს რომ ეთქვა, პარლამენტში შევიჭრათ და დავარბიოთო, შეიძლება, იქ ვინმე გარდაცვლილიყო. მართალია, ხალხს სცემეს, მაგრამ ცემა და ვინმეს გარდაცვალების ალბათობა სხვადასხვა რამაა.
7 ნოემბერს არჩევნები მოჰყვა და შემდეგ თქვენი და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა თქვენს კაბინეტში. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ პრეზიდენტი თქვენს კაბინეტში არსებული ნიღბებით და სხვა ნივთებით დაინტერესდა, რაზეც უთხარით, რომ ეს ნივთები 7 ნოემბერს გამოიყენეს. ხომ შეიძლებოდა პრეზიდენტისთვის ეს ინფორმაციაც გეთქვათ?
- რა უნდა მეთქვა? ის, რაც მანაც იცოდა? რაც მოხდა, პრეზიდენტის ნების გარეშე ვერ მოხდებოდა. შსს-ში შეხვედრა შეიძლება პრეზიდენტთან არ იყო შეთანხმებული, მაგრამ რა პოლიტიკაც ტარდებოდა, შეუძლებელია, მას არ სცოდნოდა. აქედან გამომდინარე, თქმას აზრი არ ჰქონდა.
მას ველაპარაკე, მაგალითად, სასჯელაღსრულების არმიის გამოყვანის უკანონობაზე. ველაპარაკე რომ სამართალდამცველი უწყებები პოლიტიზებულია. ამბობდა, ბევრი რამის შეცვლას ვაპირებო. მაშინ პრეზიდენტისა დავიჯერე, მაგრამ მოლოდინი მაშინ გაქრა, როცა მაისის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ნათელი გახდა, რომ არაფრის ცვლილება არ იგეგმებოდა.
როგორც ამბობთ, მერაბიშვილის კაბინეტში შეხვედრას ესწრებოდა დათა ახალაიაც. რა უნდოდა იმჟამად უსტატუსო ახალაიას იქ? რატომ არ დააყენეთ პარლამენტში მისი პასუხისმგებლობის საკითხი?
- დათა ახალაია იყო, ”ვოლკი” თუ ”მასტერა”, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მე ვამბობ, რომ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებმა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებმა მიიღეს კრიმინალური გადაწყვეტილება და შემსრულებელი ვინაა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს? სხვათა შორის იქ სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ.
არ აპირებთ ამის თქმას? ხომ შეიძლება მერე გვიანი იყოს?
- თქმას ვაპირებ, მაგრამ მაშინ, როდესაც ლოდინის გონივრული ვადა ამოიწურება. ამჯერად პარლამენტს კიდევ გავუგზავნი წერილს კომისიის შექმნაზე და ოფიციალურ პასუხს დაველოდები.
საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნას, წყაროს პრობლემები არა შეექმნება? ისე, საინტერესოა ხელისუფლებამ იცის, ვისგან გავიდა ეს ინფორმაცია?
- ზუსტად იციან და არაა გამორიცხული, მას პრობლემები შეექმნას.
ამბობენ, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკურად ანგაჟირებულია, რომ უფრო ოპოზიციონერი ხართ. ისეთ განცხადებებს აკეთებთ, როგორც მაგალითად, შალვა ნათელაშვილი, ნესტან კირთაძე...
- თუ ვინმეს ჰგონია, რომ როინ შავაძე ცოცხალია, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ფაქტია - ისაა მოკლული და მისი საქმე გამოუძიებელია. როცა მის მკვლელს დასჯიან, მერე ვილაპარაკოთ, ვარ თუ არა პოლიტიკურად ანგაჟირებული. რობაქიძე 5 წლის წინ მოკლეს. მისი საქმე გაყალბდა და ამის მტკიცებულებები არსებობს. თუმცა, საქმის გამყალბებლები დღემდე მუშაობენ.
სამი მოწმე არსებობს, რომ კარცერში სამი შიშველი პატიმარი ჰყავდათ, მეტი მტკიცებულება რაღა უნდათ? თუ ჩემს მიერ დასახელებულ ამ ფაქტებს პოლიტიკურ განცხადებად მიიჩნევენ, იყოს პოლიტიკური! მეც დავადასტურებ, რომ პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ, ოღონდაც ეს საქმეები გამოიძიონ.
ამბობენ, რომ თქვენი განცხადებებით მშვენიერი გზა გაიკაფეთ, რათა ოპოზიციის ყველაზე სერიოზული ლიდერი გახდეთ. ბოლოს და ბოლოს, რას აპირებს სოზარ სუბარი?
- არ არსებობს უფრო საპატიო საქმე, ვიდრე ის, რასაც ვაკეთებ. ოღონდ აქ ყოფნას აზრი უნდა ჰქონდეს, რასაც ვეღარ ვხედავ. მე რაც შემეძლო გავაკეთე. ამას თამამად ვამბობ. ესაა ძალიან ეფექტური და ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს. აქ არიან პროფესიონალები და საქმეზე თავდადებული ხალხი. მათი შინაგანი მოთხოვნილებაა, ხალხს დაეხმარონ. ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება მათი შუა გზაზე მიტოვება. თუმცა, დგება ეტაპი, როცა გრძნობ, რომ მეტს ვეღარ აკეთებ. თუ შემეძლება, ეს საქმე პოლიტიკიდან გავაკეთო, წავალ ამ გზით, მაგრამ როდის მოხდება ეს, არ ვიცი.
ირაკლი ალასანიასთან თქვენმა შეხვედრამ როგორ ჩაიარა?
- ვილაპარაკეთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და მის გეგმებზე. მისი ხედვა, რაც ტელევიზიით მოვისმინე, ჩემთვის მისაღები იყო. ახლაც გვაქვს ურთიერთობა. რაც შეეხება მის პიროვნებას, ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. განწყობა, რაც მისი შეხვედრის შემდეგ შემექმნა, აბსოლუტურად შეესაბამებოდა იმ განწყობას, რაც მისი საჯარო გამოსვლისას მივიღე
