შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
[დიტო გელოვანი. გაზეთი ”ვერსია”. ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში]
თუ გნებავთ, რომ ფრინველის ხორცი მაგარი არ იყოს, რამდენიმე დღით წინ უნდა დაკლათ და ცივ ადგილას დაკიდოთ. ისიც კარგია, რომ ინდოურს, ქათამს ან ყვერულს ყელში ძმარი ჩაასხათ, ინდოურს ერთი სტოლის კოვზი, ქათამს და ყვერულს ერთი ჩაის კოვზი - და ორი ან სამი საათი ისეთ ადგილას დაამწყვდიოთ, რომ მოძრაობა შეეძლოს; შემდეგ დაკალით, გაბტყვენით, გამოშიგნეთ და მაშინვე მოხარშეთ ან შეწვით. (”ქართული და ევროპული საჭმელები” - ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფილისი - 1903)
ორი კვირის წინ ვწერდი: ”ამ ამბებზე მხოლოდ მეღიმება. მე მგონი არც თირკმელები აწუხებს და არც წნევას აუწევია. უბრალოდ, რაღაც ესროლეს და წავიდა. შემდეგ, დაბრუნდა და სულ წასასვლელად წნევა აიწია. სულ რომ წავა, ხომ უნდა თქვან, ჯანმრთელობამ არ შეუწყო ხელიო! ნუ გეშინია, გეგა! გისურვებ რკინისებურ ჯანმრთელობას და დიპლომატიურ ასპარეზზე დაბრუნებას. ვიცი, რომ შენც ეს გინდა”.
ზედ შიგ ათიანში მომირტყავს. ანუ, მთავარია, დაფიქრდე და კარგად დაუმიზნო. დაფიქრება უბრალო მოკვდავ-მოქალაქეებს გვმართებს, თორემ როცა მიშა მობილურებს ისვრის, საერთოდ არ ფიქრობს - ისვრის, ათიანში არტყავს და კაი ჩიტს იჭერს. გასულ კვირაში დაიჭირა კაი ჩიტი სახელად ნიკა და გვარად გილაური. საკითხავი ის არის, როგორი ჩიტი დაიჭირა თავად ნიკა გილაურმა. გეგას რა ენაღვლება - CV-ში ჩაეწერა, რომ მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრად და საზღვარგარეთ, რომელიმე სერიოზულ ფირმაში უფროსი კლერკის ადგილი გარანტირებული აქვს. იქნება თბილად და ტკბილად. მაგის თირკმელებს აღარავინ გაიხსენებს. არც თვითონ.
შუა კვირაში მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც, როგორც მივხვდი, მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს - როგორი აღფრთოვანებით მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის სამთავრობო ცვლილება. თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ აღფრთოვანება აუცილებელი იყო. კამათი აღფრთოვანების ხარისხს შეეხებოდა. ბოლოს, გადაწყვიტეს, რომ აღფრთოვანება უნდა ყოფილიყო საშუალოზე დიდი, ამიტომ მიმართეს ისეთ ოპტიმისტურ სიტყვებს, როგორებიც არის ”დარწმუნება” და ”წარმატება”. იაკობაშვილი, ტყეშელაშვილი, კვიტაშვილი, უგულავა... ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა: ”დარწმუნებული ვარ, ნიკა გილაური წარმატებული პრემიერი იქნება”.
როგორც ეკა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, ჩანაცვლება, რომელიც მოხდა, იყო კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის მიხედვით, რომლის საწყისი წინაპირობა გრიგოლ მგალობლიშვილის ჯანმრთელობის გაუარესება გახდა. ე. ი. თუ გილაური საქართველოს ააყვავებს და გააბრწყინებს, ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდება ის დღე, როდესაც გეგა მგალობლიშვილს წნევამ აუწია. ამ დღეს სამთავრობო ტრიბუნის წინ ჩაივლიან ხოლმე ყურში ფონედოსკოპ-გარჭობილი ექიმები და მკლავზე შავზონარშემოხვეული, სუნთქვაშეკრული პაციენტები.
ჩემი არ იყოს, გასულ კვირაში ხუმრობის ხასიათზე გიგი უგულავაც დადგა და აღნიშნა, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობის ცნობა უნდა წარმოადგინოს.
”ახლა ცვლილებების დრო არ არის, უბრალოდ, ეს არის ჩანაცვლება”, -დასძინა გიგი უგულავამ და მინდა გითხრათ, რომ ეს უფრო მაგარი ხუმრობა იყო, ვიდრე წინა.
სამ თვეში მესამე პრემიერი გვყავს. თუ კარგად მოვიქცევით, 2010 წელს მეასე პრემიერთან ერთად შევხვდებით. ამ სამში ერთ-ერთი, ლადო გურგენიძე ახალ თანამდებობაზე მოგვევლინა - მას გაზსადენის პროექტ ”ნაბუკოს” კურირება დაევალება. სააკაშვილის თქმით, გურგენიძე ოჯახური მიზეზების გამო წასული იყო საქართველოდან, ახლა კი აქტიურ სამუშაოს უბრუნდება.
ორ რამეს ვფიქრობ. პირველი ის არის, რომ საქართველოდან ყველა ოჯახური მიზეზების გამო მიდის, ხოლო მეორე არის ის, რომ ნაციონალებს გურგენიძის ვალი აქვთ, ვერ უბრუნებდნენ და ასეთ ხერხს მიაგნეს - თავისი ბანკის საქმეებზე ლადო საზღვარგარეთ რომ ივლის, მგზავრობის, სასტუმროსა და კვების ფულს ბიუჯეტი გადაიხდის, ეს ყველაფერი კი, ”ნაბუკოსადმი” ზრუნვით შეინიღბება.
მთავრობის სხდომის ამბებს კი ისევ ტყეშელაშვილის ციტირებით დავასრულებ: ”სამუშაო რიტმი სრულად არის შენარჩუნებული”.
ქარიშხალო კატრინავ, სწორედ ეგ არის, გულს რომ მიკლავს...
მგალობლიშვილს წნევამ აუწია და გადადგა. ოპოზიცია ცდილობს, რომ წნევამ სააკაშვილსაც აუწიოს და ისიც გადადგეს. ოპოზიციამ შეიმუშავა მემორანდუმი, რომელზეც თითქმის ყველა პარტიამ მოაწერა ხელი. ეს მემორანდუმი პრეზიდენტის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს. ნეტარ არიან მორწმუნენი. მგალობლიშვილს წნევამ მას შემდეგ აუწია, რაც მიშამ მობილური ტელეფონი ესროლა. მიშა მსხვილფეხა ფრინველია და თუ ოპოზიციას მისი გადაყენება სურს, მობილური არ ეყოფა. საჭიროა მაგთის ან ჯეოსელის გამაძლიერებელი. ამის შემდეგ ყველაფერი სროლის სიზუსტეზე იქნება დამოკიდებული.
ჯონდი ბაღათურია მემორანდუმს დაეთანხმა, მაგრამ ხელი ვერ მოაწერა - ბათუმში იყო. ლეიბორისტები მემორანდუმს მიესალმნენ, თუმცა ხელი არ მოაწერეს. ბაღათურიას თავისუფლად შეეძლო ხელმოწერა ფაქსის საშუალებით გაეკეთებინა, ლეიბორისტებს შეეძლოთ ჯვარი დაესვათ. ანუ, ორივეს შეეძლო, მაგრამ არ გააკეთეს. მათი ლოგიკა ასეთია: ”რა იცი, რა ხდება, ეშმაკს არ სძინავს”. ითქვა, რომ ”მემორანდუმს ხელი მოაწერეს საზოგადოების წარმომადგენლებმა - მსახიობებმა”, მაგრამ ის აღარ თქმულა, ხელმოწერის დროს ისინი საზოგადოების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თუ მსახიობები.
გია ცაგარეიშვილმა გაიღვიძა, მარცხენა ფეხზე ადგა და სამუშაო დღე აგრესიული საყვედურით დაიწყო: ”კეთილი ინებონ, მობრძანდნენ, ჩაგვაბარონ ეს დოკუმენტი. ჩვენ განვიხილავთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”. ამ ბოლო დროს ცაგარეიშვილი სულ ასეთ აგრესიულ განცხადებებს აკეთებს. ეტყობა, პარტიის დამფუზნებელ ყრილობაზე რაღაც ხიმია დალია და მდგომარეობიდან ჯერ ვერ გამოდის. არდა, ერთ დროს როგორი ზრდილი და კორექტული იყო... ერთთავად ფორთოხლის წვენს სვამდა და ჯიბლიბოს პროფილაქტიკის მიზნით თვალზე ჩაის საფენებს იდებდა.
ცაგარეიშვილის აგრესიულობა ამით არ დასრულებულა. 29 იანვარს რომ დაიწყო, 1 თებერვლამდე ბურჯანაძის პარტიის ფინანსურ შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა - საიდან ამდენი ფული და ამდენი ოფისიო. საიდან და, ანზორას კრიშიდან!!! არადა, სულ რაღაც ერთი წლის წინ გიორგი თარგამაძე და მისი გაძვალტყავებული ჟურნალისტები პრეზენტაციას პრეზენტაციაზე აწყობდნენ, ორჯერ მეტ ფულს ხარჯავდნენ.
ცაგარეიშვილი გამოეხმაურა თარგამაძის ჟურნალისტებისა და ოპერატორების განცხადებას, რომ ბურჯანაძის პარტიის მიერ მათი რეგიონული ორგანიზაციების წევრების მოსყიდვა მიმდინარეობს და თქვა, რომ მსგავსი რამ სხვა პარტიებთან მიმართებაშიც ხდება.
მეც გამოვეხმაურები და ვიტყვი, რომ, უბრალოდ, თარგამაძის ზოგიერთმა თანაპარტიელმა თარგამაძის ოფისებში ჩამოკიდებულ ფარდა-ჟალუზებს და საოფისე ავეჯს ბურჯანაძის ფარდა-ჟალუზები და საოფისე ავეჯი ამჯობინა. ეს არის და ეს. იდეოლოგია და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები არაფერ შუაშია. როცა არჩევნები დაინიშნება ბურჯანაძე და თარგამაძე ერთი და იგივე სიმღერას იმღერებენ - უფასო წყალი, უფასო განათლება, უფასო მკურნალობა. ამ სიმღერის ტექსტი შალვა ნათელაშვილს ეკუთვნის, მელოდია - ჯონდი ბაღათურიას.
მანანა არჩვაძე კვლავ ძველ სიმღერას მღერის. ამ სიმღერის სახელწოდებაა ”მე საქართველოს დედოფლობა დამშვენდებოდა”. მანანისტების ლიდერმა 30 იანვარს მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, მეორე დღეს კი ჟურნალისტებს უთხრა, დილით რომ სიმშილობა დავიწყე, საღამოს უკვე ცუდად ვიყავიო - წნევა დამივარდაო.
შეეძლო ეთქვა, საღამოს მშიოდა და მწყუროდაო, მაგრამ ახლა ცუდად ყოფნაა მოდაში. აგერ, გეგა მგალობლიშვილი გახდა ცუდად, მერე დავით ბაქრაძეს დარია ხელი ავადმყოფობამ... მანანა თავს პრემიერ-მინისტრად თვლის და ცუდად ყოფნაც ამიტომ მოიმიზეზა. ამის შემდეგ ”დიდ ათეულს” შეეხო და დაიჩივლა: ”მე არ მინდა წმინდანების გვერდით იყვნენ კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები და ამით ცოდვაში ვამყოფო. ისინი საერო პირები არიან. მე არ დავუშვებ, რომ მათ წმინდანებთან ჰქონდეთ შეჯიბრი”.
ამ სიტყვების კომენტირება თქვენთვის მომინდვია. მხოლოდ იმას დავძენ, რომ საავადმყოფოსთან შეკრებილები იყვნენ მანანას მომხრე მანანისტები, რომლებიც, ტრადიციულად, ცუდად გამოიყურებოდნენ - ამ შუა ზამთარში უჩვეულოდ სცხელათ და ოფლი ასხამთ. აწუხებთ ალები, ქარები და მალები. უჩივიან სახსრებს და უსახსრობას.
თუ ვინმე უსახსრობას არ უჩივის, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გასულ კვირაში ასეთი ინფორმაცია გამოქვეყნდა: ”პოლიტიკური პარტიები 2008 წლის ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებას აგრძელებენ. ყველაზე დიდი შემოსავალი გასულ წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა. ანგარიშის მიხედვით, პარტიის მთლიანმა შემოსავლებმა 2008 წელს 27,426 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2007 წელთან შედარებით 6 მილიონით ნაკლებია.
„ნაცმოძრაობამ” 2008 წელს ბიუჯეტიდან 1,8 მლნ ლარი მიიღო, შემოსავლების ძირითადი ნაწილი კი შემოწირულობებზე მოდის. რაც შეეხება ხარჯებს, მათი მოცულობა 26,418 მლნ ლარის მაჩვენებელზე დაფიქსირდა, რაც 2007 წელთან მიმართებაში 7 მლნ ლარით ნაკლებია”.
ელემენტარული არითმეტიკის ამბავია - დღეს ნაციონალური მოძრაობა თითქმის 1 მილიონ ლარს ფლობს. მე კი ვამბობ, უსახსრობა არ აწუხებთ-მეთქი, მაგრამ მე რომ ვამბობ ერთია, როგორ იქცევიან - მეორე.
აი, როგორ იქცეოდნენ გასულ კვირაში: ”მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მომუშავე ქართველ ეკონომისტებსა და ბანკირებს შეხვდა და საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა”. ”საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში მყოფ ქართველებს მოუწოდებს სამშობლოში დაბრუნდნენ და საკუთარი შესაძლებლობები შვილების მომავალს მოახმარონ”.
ეს ორი ნიუსიც საკმარისია. მოკლედ, თუ მიშას დაუჯერებენ და დაბრუნდებიან, თბილისელ ნოტარიუსებს რიგები დაუდგებათ. ყველა დაბრუნებული ბიზნესმენი და შეძლებული მოქალაქე ერთ დღეში გადაწყვეტს თავიანთი წილების ნაციონალებზე გადაფორმებას. მდიდარი პარტია მდიდარი ქვეყანაა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი - ”პარტია ნაშ რულევოი”, ანუ ”პარტია ჩვენი მესაჭეა”.
კონსერვატორებმა პარტიული სალაროს შევსების ორიგინალურ გზას მიაგნეს. ნიუსი: ”კონსერვატიული პარტია” პრიორიტეტად მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას აცხადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ქვეყანაში წარმოებს ანტიქართული კამპანია, სახელმწიფო გლეხებს ფულს იმაში უხდის, რომ საქართველოს სიმბოლო - ვაზი აჩეხონ.
ძიძიგურის თქმით, ”კონსერვატორები” ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც მთავრობას აყოლილმა გლეხებმა ვაზი გაჩეხეს, ახალი ვაზს ჩაყრიან. მისივე ინფორმაციით, პარტიამ უკვე ჩამოასხა ღვინო ”კონსერვატორები”, რომელიც სწორედ ღვინის პოპულარიზაციას მოემსახურება და საჩუქრად გადაეცემა უცხოელ სტუმრებს, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს.
მალე დახლებზე გაჩნდება შემდეგი ღვინოები: ”ცქრიალა ლეიბორისტები”, ”შუშხუნა რესპუბლიკელები”, ნახევრად ტკბილი ”მემარჯვენეები” და მშრალი ”ჯონდი ბაღათურია”. ასევე, ლიქიორი ”გუგული მაღრაძე”, არაყი ”იგორ გიორგაძე” და ჟიპიტაური ”ირინა სარიშვილი”.
იმედია, ამ ღვინოებს უკვე მომავალ კვირაში დავაგემოვნებთ და ამიტომაც ერთი კვირით გემშვიდობებით.