შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
გული ჩემი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის, სული - ნაციონალურ მოძრაობას, ღვიძლი - პრეზიდენტს, თირკმელები და შარდის ბუშტი - პარლამენტს, ხერხემალი - შსს-ს, ლავიწის ძვალი - მთავრობას, შენთვის კი მხოლოდ მარჯვენა ხელის შუა თითი მემეტება
დიდი მარშალი ედმონდო ბეტანკური კი გამომცდელად შეჰყურებდა უცნაურ სერჟანტს - ისეთი გაჭიმული შემოვიდა და ისე მოკლე-მოკლედ ადგამდა ნაბიჯს, ცოტა არ იყოს, გაოცდა კიდეც: რამ გააამაყა ასე - თორმეტ უჯიშო მაწანწალაზე ოცდაათკაციანი რაზმის გამარჯვებამ? მაგრამ გრძელ სერჟანტს თავ-პირი ძლიერ ჩამოსტიროდა და დიდი მარშალი, მრავლისმომსწრე ედმონდო ბეტანკურიც კი განცვიფრდა - ბევრი ენახა დამარცხებული, მაგრამ ისინი მომჩვარულნი და მოხრილნი იყვნენ, ხმელ სერჟანტს კი მანამდე მარად ჩავარდნილი, უხილავი მუცელი გამოეზნიქა ახლა, და მხრებიც უკან გადაეჭიმა: ხმელი და მუცელგამოზნექილი, წინმორკალული, მშვილდს ძლიერ ჰგავდა, და ბეტანკური ერთბაშად მიხვდა: ალბათ, გამომშვიდობებისას კაი მაგარი პანღური ამოარტყეს... და ეგრევე დარჩა.
(გურამ დოჩანაშვილი, ”სამოსელი პირველი”)
კუტალიები, დოლიძეები, გუგეშაშვილები, მიქიაშვილები, სოფრომაძეები, იაკობაშვილები, თერგიაშვილები, რთველაძეები... რომელი ერთი ჩამოვთვალო? ჰო, ნინო დგებუაძე - ფილადელფიაში, მარი შათირიშვილი - ადვოკატურაში და ივლიანე ხაინდრავა - რესპუბლიკელებში. ბევრია, ბევრზე ბევრი და რაც მეტი - მით უკეთესი.
მათ დოჩანაშვილისტები ეწოდებათ. ისინი უბრალოდ კი არ კითხულობენ, არამედ - ესმით. ესმის მას, ვინც იგებს, ხოლო მთავარი გაგებაა. მთავარია გაგება. გაგებაა მთავარი!
გასულ კვირაში გურამ დოჩანაშვილი 70 წლის გახდა. ჩუმად ვადღეგრძელეთ, ჩვენთვის, როგორც ყოველთვის. ასე ვადღეგრძელეთ, როდესაც ორმოცდაათის გახდა, როდესაც გახდა სამოცის, როდესაც გახდა 67 წლის 4 თვის და 11 დღის; როდესაც გახდა 68 წლის 6 თვის და 27 დღის...
როდესაც საქართველოს პრეზიდენტი (ერთ-ერთი ვერსიით) გახდა 41 წლის, 3 თვის და 5 დღის, მრჩევლებმა მას უთხრეს, რომ არის ასეთი მწერალი - გურამ დოჩანაშვილი, რომ აქვს იუბილე და რომ მისთვის დაბადების დღის მილოცვა მაღალდადებითად იმოქმედებს პირადად პრეზიდენტის და, ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგზე. მივიდა, მიულოცა.
ამ დღეებში გადავიკითხე თქვენი ერთ-ერთი ბოლო მოთხრობაო, მივხვდი, რომ თქვენი ოცნება ფლორენციასა და რომში მოგზაურობა ყოფილა და აჰა, ორი ბილეთი და წადით და იმოგზაურეთო.
გურამ დოჩანაშვილის ოცნება თავისუფალი, ერთიანი, აყვავებული და ძლიერი საქართველოა. ფლორენცია და რომი მეათეხარისხოვანია, მაგრამ პირველხარისხოვანი მასაჟის მოყვარულ პრეზიდენტს მეათეხარისხოვანი საქმეების პირველ რიგში კეთება უყვარს, მაგალითად - ფასადების შეღებვა, შადრევნების მოწყობა... აეროპორტში წყალი კვლავ ჩადის და ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს. გვერხევა!!! რატომ? რატომ, რატომ... ი-მი-ტომ!!!
ამბობენ, რაც ხელისუფლებაა, ოპოზიციაც ისეთი ჰყავს, ორივე ერთი კვერცხია და ერთ ორგანოს - საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს ეკუთვნიანო. ანუ -ცუდები არიანო. გემოვნების საქმეა. მე, მაგალითად წიგნისა და მეგობრების მოყვარულ ადამიანებს ვცემ პატივს. ხელისუფლებას, სააკაშვილის სახით, ყვარებია წიგნი, ხოლო ოპოზიციას, ბადრი ბიწაძის სახით, მეგობრებზე აბოდებს.
”რუსთავი 2”-მა (პროვოკატ 2”-მა, ”დეზინფორმატ 2”-მა) უკვე იმდენი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომ უკვე ვფიქრობ, სომხებს დავასწროთ და თბილისში ფარული ჩანაწერების მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩავატაროთ. გულზე გასკდებიან. საუკეთესო რეჟისორის, ოპერატორის, სცენარისტის, მსახიობების და სპეცეფექტების პრიზები ჩვენ შეგვხვდება. ჩვენი იქნება ყველაზე პრესტიჟული პრიზი - პრიზი საუკეთესო კასტინგისთვის.
მეგობრობაზე მოგახსენებდით. რუსთავმა და მასთან გათანაბრებულმა მაუწყებლებმა მორიგი კადრები გაავრცელეს - ბადრი ბიწაძე კიევში შეხვდა რუს ბიზნესმენს შალვა ბრეუსს (ისე, სადაც ბრეუსს შალვა ჰქვია, წესით და რიგით, ბადრის პასპორტში სტანისლავი ან სვიატოსლავი უნდა ეწეროს). ბიწაძის თქმით, პოლიტიკა არაფერ შუაშია: ”კიევში მართლაც ვიმყოფებოდი და მეგობრებს შევხვდი, მაგრამ ეს არ არის იმის დადასტურება, რომ რუსეთი მაფინანსებს და ამ ფულით იარაღს ვყიდულობ. მე უამრავი მეგობარი მყავს უკრაინაში, გერმანიაში, რუსეთში. მათ ვხვდები და პირად საქმეებზე ვესაუბრები. პოლიტიკის გამო მეგობრებზე უარს ვერ ვიტყვი”.
აი, მესმის მეგობრობაააა!!! ასეთ დროს კიევში მეგობრების მოსანახულებლად რომ წახვალ, ბოლო ფულს თვითმფრინავის ბილეთებში რომ გადაიხდი... მართლაც დასაფასებელია!
”ჩვენ 9 აპრილის აქცია არ განგვხილავს. მას სრულიად არ აინტერესებს, არც პოლიტიკა და არც 9 აპრილის აქცია”, - განაცხადა ბადრი ბიწაძემ. მართლაც, სულ სხვა თემებზე საუბრობდნენ, ბრეუსმა თქვა: ”რუდაკოვი, ფომენკო, რეშკო, ონიშჩენკო, კოლოტოვი, ბურიაკი, ბლოხინი”. ბიწაძემ უპასუხა: ”გაბელია, ხინჩაგაშვილი, დარასელია, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია”. მერე, ბრეუსმა თქვა: ”ლესია უკრაინკა”, ხოლო ბიწაძემ უპასუხა: ”იაკინთე ლისაშვილი”.
ეს იყო და ეს. ვფიქრობ, არ ღირდა ერთი მეგობრული შეხვედრის გამო ასეთი ამბის ატეხვა, უკრაინული გაზეთებისთვის და უკრაინელი პაპარაცებისთვის ფულის გადახდა. ბადრის აქვს დრო და ხვდება მეგობრებს, მიშას კი. ოფიციალური ვერსიით, აქვს გემოვნება და კითხულობს დოჩანაშვილის მოთხრობებს.
თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ მიშა მხოლოდ ფარული ჩანაწერების სუბტიტრებს კითხულობს. რაც შეეხება იმას, რომ თურმე დოჩანაშვილის მოთხრობიდან შეიტყო მწერლის მოკრძალებული ოცნების შესახებ... ალბათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დოჩანაშვილის ტელეფონს უსმენს და ძირითად, იმ მომენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიშას აწვდის.
არ ვიცი, უსმენენ თუ არა ჩემს ტელეფონს. თავს დავიზღვევ და ხმამაღლა ვიტყვი ჩემს სათქმელს: ზვიადისტებო, ხმა ჩაიწყვიტეთ; ედუარდ, შენი ხმა არ გავიგონო; მიშა, წადი; ნინო, არ მოხვიდე; დიდო გრეჩიხავ, ხმა არა გაქვს ამოსაღები; თავისუფლება პატარა გრეჩიხას; დაცული ტერიტორიები და უღრუბლო ზეცა გიგა მაქარაშვილს!!!
ერთხელ, ერთმა ბრძენმა იკითხა: ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან?” მაშინ ვერავინ უპასუხა. ამ კითხვას პასუხი გასულ კვირაში გაეცა – მომავლიდან მოდიან თი-ბი-სი-თი-ვის ლევან ყუბანეიშვილი, საზოგადოებრივი თი-ვის გიგა მაქარაშვილი და ვინმე თენგო.
ჟურნალისტმა გიგა მაქარშვილმა განაცხადა, 15 მარტს სახლთან უცნობი მამაკაცი დახვდა, რომელმაც მანქანაში ჩასვა და ოპოზიციის მხრიდან 9 აპრილის აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად, ვინემ თენგოდ გაეცნო. მისივე ინფორმაციით, უცნობმა ტელევიზიიდან წამოსვლა და სტუდია ”მაესტროში”, უცნობის გადაცემაში მისვლისკენ მოუწოდა, სანაცვლოდ კი, ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერობას, კრედიტების დაფარვასა და ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეობას დაპირდა; უარის შემთხვევაში კი, მაქარაშვილის ფეხმძიმე მეუღლეს კიბეებიდან დაგორებით დაემუქრა.
და რა უაპასუხა ცოტნე დადიანისა და ძმები მხეიძეების ღირსეულმა შთამომავალმა? უპასუხა ასე: გული ჩემი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის, სული - ნაციონალურ მოძრაობას, ღვიძლი - პრეზიდენტს, თირკმელები და შარდის ბუშტი - პარლამენტს, ხერხემალი - შსს-ს, ლავიწის ძვალი - მთავრობას, შენთვის კი მხოლოდ მარჯვენა ხელის შუა თითი მემეტებაო.
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს...
ის თენგო თუ ვიღაცა ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერობასთან ერთად კვიპროსზე საქართველოს ნაკრების მოგებასაც შეპირებია... გიგამ უარი თქვა და ექტორ-რაულმა წააგო. ის თენგო... ისტორიამ მისი გვარი არ შემოგვინახა. მისი გვარი იციან ვანომ, მიშამ და ახალაიებმა (დვა ბრატა - აკრაბატა, აძინ - ლომ, დრუგოი - ლაპატა). ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ვარაუდები გამოვთქვათ. ჩემი ვარაუდით, ის თენგო გვარად კიტოვანი იქნებოდა. ნაცნობი სახელი და გვარია... ღმერთო, გამახსენე.
ასეა თუ ისე, ლევან ყუბანეიშვილმა აღნიშნულ ფაქტი გააპროტესტა და საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გადაიქცევა არც ერთი პოლიტიკური პარტიის პროპაგანდისტულ იარაღად. მართლაც, ნაციონალურ მოძრაობაზე ვერავინ იტყვის, პოლიტიკური პარტიააო.
პოლიტიკური ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი აპოლიტიკური ადამიანები, ვეღარ იტყვიან, ხელისუფლება კონფრონტაციაზე მიდისო. გასულ კვირაში ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე და მსოფლიოში ერთადერთი გოკა - გოკა გაბაშვილი, მშვიდობის ფრთებს ატყლაშუნებდნენ.
”უმრავლესობა მზად არის, ოპოზიციასთან პარლამენტის როლის გაძლიერების შესახებ დიალოგი დაიწყოს” - თქვა ბაქრაძემ ვაშინგტონში და ცხოვრება აიწყო – ვაშინგტონიდან კოპენჰაგენში გადაფრინდა, იქიდან კი ჰელსინკში გადაფრინდება და ფრენის დროს პირში ზეთისხილის რტო ექნება გაჩრილი.
ახლა, გოკა და ნიუსი გოკაზე: ”საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში რიგი ადამიანების მიერ არეულობის მოწყობას, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზციაც არ დაუშვებს. როგორც გოკა გაბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც იარაღს ყიდულობენ, ქვეყნის მომავლის საკუთარი ხედვები აქვთ. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამ ხედვებს საერთო არ აქვს არც ოპოზიციურ და არც სხვა რაიმე მოძრაობასთან”.
ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ”ადამიანებს, რომლებიც იარაღს ყიდულობენ, ქვეყნის მომავლის საკუთარი ხედვები აქვთ”.
როდესაც გოკა გაბაშვილი კირკიტაძესთან, ვარძელაშვილთან და უგულავასთან ერთად ცხინვალში ქართულ ჯარს სარდლობდა, ქვეყნის მომავლის საკუთარი ხედვები ჰქონდა. 2009 წლის აპრილს და მიხაილოვკად წოდებულ წეროვანის დევნილთა დასახლებას გოკა უკვე 8 აგვისტოს ხედავდა.
ოპოზიციას 9 აპრილის საკუთარი ხედვა გააჩნია. კუკავა-ძიძიგურმა ამ ბრძოლას დაარქვეს ”ბრძოლა შიშველი ხელებით” და ამის დემონსტრირებისთვის მათაც და ჭადრაკის სასახლეში გამართული კონფერენციის მონაწილეებმა ხელები ასწიეს. ზუსტად ისე, როგორც ”ის უბედური აკიმი” ”არაჩვეულებრივ გამოფენაში”. ხომ გახსოვთ - ”მე და მამა ვმუშაობთ”. ბავშვობაში ვხუმრობდით ხოლმე: ”ხელები მაღლა, ტრუსიკი დაბლა”.
”ბრძოლა შიშველი ხელებით”, ანუ სამბო - სამააბარონა ბეზ არუჟია. 9 აპრილს პარლამენტთან სამბისტთა ტურნირი იგეგმება. მთავარ პრიზი - ოქროს მიკროფონი, დამამშვიდებელი პრიზი - ვერცხლის მეგაფონი.
ეკა ხერხეულიძე მსჯავრდებულებს შეხვდა, შვება მოჰგვარა, იარებზე სალბუნად დაედო, რაღაცეები განუმარტა, რაღაც-რაღაცეები აუხსნა და თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა - 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებისთვის საუკეთესო ადგილებს არჩევდა. რამდენიც არ უნდა არჩიოს, რამდენიც არ უნდა ეძებოს, დღევანდელი (და, გუშინდელი) ქართული პოლიტიკური სპექტრის 90 პროცენტის ადგილი მაინც პარაშასთანაა. როცა ბენზინს ვირის შარდით აზავებდნენ, მაშინვე უნდა ეფიქრათ ამაზე.
პატარა ნიუსი: ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი პარტიის მიზანი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაა”. პატარა შეკითხვა: როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება, ნინო პარტიას დაშლის? ეჰ, ნინიკო, ნინჩი... რამდენი ტანჯვა გადაიტანე სამშობლოს სიყვარულის გამო... რაც შენს თავზე წისქვილის ქვებმა იტრიალეს, რამდენჯერ გძინებია ხორბლის მარცვალზე...
ერთი ძაან მაგარი ნიუსი შემოვინახე თქვენთვის: ”ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის პროვოკაციებისგან თავდაცვის მიზნით ”საქართველოს ქალთა პარტია” მხოლოდ პირდაპირი ეთერის შემთხვევაში ითანამშრომლებს”,- ასეთი განცხადება გააკეთა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა გუგული მაღრაძემ.
როგორც მაღრაძემ აღნიშნა, გადაცემა ”პოზიციაში” მიწვეული იყო ალიანსი, რომელშიც შედის ოთხი, მათ შორის ”ქალთა პარტია”; გადაცემაში მონაწილეობდა მხოლოდ სამი პარტიის - ”თავისუფლების”, ”ტრადიციონალისტებისა” და ”მომავალის პარტიის” ლიდერები და გადაცემაში ”ქალთა პარტიის” ლიდერი მიწვეული არ ყოფილა. ”ალიანსის ლიდერებისთვის აღნიშნული ფაქტი მოულოდნელი იყო და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ”ქალთა პარტიის” ლიდერის ნაცვლად, გადაცემა ”პოზიციაში” სამი პარტიის ლიდერებს დახვდათ ”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე”, -განაცხადა მაღარძემ.
მიშველეთ, ხალხო, ვიგუდები!!! ვა-ჰა-ჰა – გიორგი თარგამაძემ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, რა დროსაც ბუდეში ისხდნენ კოკო გამსახურდია, გია მაისაშვილი და აკაკი ასათიანი. იფ, რა სანახავი იქნებოდა გია მაისაშვილი ბუდეში ჰანტელებით, კაკო ასათიანი - ისტორიის სახელმძღვანელოთი... და კოკო? მოდით, კოკოს ხელში საპარსი მოწყობილობა დავაჭერინოთ. თარგამაძემ შტატივზე გადამჯდარმა გადაუფრინათ. გუგული მაღრაძეს სხვა რაღა დარჩენოდა? იჯდა და გუ-გუს იძახდა. რამდენ გუ-გუსაც დავიძახებ იმდენი დღე დარჩა მიშას ხელისუფლებაში ყოფნისო. ამას რომ წარმოვიდგენ, მაგარი მეცინება. ხუმრობა მერე იყოს, დავუბრუნდეთ სერიოზულ თემებს.
”ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში ნიანგების ფერმა აშენდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფირმა ”ჟაკარეს” მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ჩიკორაიამ განუცხადა, ნიანგის კვერცხები არგენტინიდან ჩამოიტანეს. ინკუბაციისთვის სილაში ჩაფლული კვერცხებიდან 4 ნიანგი უკვე გამოიჩეკა და სამეგრელოს კლიმატთან შეგუების მიზნით ისინი სერპენტარიუმში არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელოვნურ ტბორში გაუშვებენ.
ნიანგების ფერმის მთავარ სპეციალისტს მიაჩნია, რომ სამეგრელოში წარმოებული ნიანგის ხორცის და ტყავის ექსპორტი არ გაჭირდება. მისი თქმით, ევროპაში 1 კილოგრამი კაიმანის ხორცი 40 ევრო ღირს, ხოლო საქართველოში სოციალური პრობლემების გამო, ეგზოტიკური საკვების მოყვარულები ნიანგის ხორცის შეძენას გოჭის ხორცის ფასად შეძლებენ”.
თუ ბადრი ბიწაძის საუკეთესო მეგობარი არის შალვა ბრეუსი, მე ”ინტერპრესნიუსზე” მეკეტება ჭკუა. რას არ გაიგებს კაცი! მთავარია გაგება, ქართველი და არგენტინელი ერები ოდითგანვე მეგობრობენ და ნუ გაგვიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს მთავრობა და პარტია საქართველოში მარადონას კვერცხებს ჩამოიტანს და ზედ, ავლაბრელების გულის გასახარად, დავიდ ნალბანდიანის კვერცხებსაც მოაყოლებს.
სპორტი გაკვრით ვახსენეთ. გასულ კვირაში მხოლოდ ფეხბურთი იყო და გავკარი ასეთ სპორტს და გავკარი ასეთ ფეხბურთს. გადავიდეთ კულტურაზე.
შესაძლოა, გასულ კვირაში არ მოხდა, მაგრამ მე მხოლოდ გასულ კვირაში შევიტყვე, რომ ქართული პოლიტიკის ამაგდარი მოღვაწის, კობა ხაბაზის მეგობარი და ქართული კულტურის ამაგდარი მოღვაწე ნინა წკრიალაშვილი კულტურის სამინისტროში ერთ-ერთი სამსახურის უფროსად დაინიშნა, ჯერ არ ვიცი, რა დაევალება ნინას. ალბათ, ”პლეიბოის”, ”პენტჰაუსისა” და ”ჰასტლერის” გარეკანებზე დახატული კდემამოსილი შიშველი ქართველი ნაშების ჩაცმულობაზე ზრუნვა.
ასევე, კულტურის სფეროს განეკუთვნება ის ამბავი, რომ ”ლეიბორისტი” ნუგზარ ერგემლიძე ფრაქცია ”ძლიერ საქართველოში” გაწევრიანდა.
ჰო, მართლა - დავით სანიტარ-მესხიშვილი თბილისის საკრებულოში მერის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა და საკრებულოს სხდომებზე მერიისა და მერის ოფიციალურ ინტერესებს დაიცავს. ვიცოდი, რომ რაღაც გამეხარდებოდა...
და, ბოლოს, ისევ ერთადერთი გოკა მსოფლიოში. მან თქვა: ”ცნობილია, რომ რუსეთს სურს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და აგვისტოს ომიც ამის მცდელობა იყო”.
ოპოზიციის მცდელობაც ეგ არის. ანუ, ომი გრძელდება. ანუ, თუ დავკარგავთ სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლს და ისანი-სამგორის რაიონს, მაგრამ მიშა მაინც პრეზიდენტი იქნება, წამოვდგებით და მთელი მსოფლიოს გასაგონად ამაყად ვიტყვით: ”საქართველომ გაიმარჯვა. რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია”.
ეჰ... წავედი. კეჟერაძეებს გადავიკითხავ. სანამ ვწერდი, ვერ წავიკითხავდი და ამიტომ, ვუსმენდი და ვიგებდი. მთავარია გაგება. ვუსმენდი ვიქტორ ცოის - ჯგუფი ”კინო”: Если к дверям не подходят ключи, вышиби двери плечом. Мама мы все тяжело больны, мама я знаю - мы все сошли с ума.
რ.კ. (როგორც ”კურიერში”) კამორაში კი მძლავრად ისმოდა: - ღა-ამის ოთხი საათია და ყველაფერი გეენიიალურააადააააა! (გურამ დოჩანაშვილი, ”სამოსელი პირველი”)