↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კახაბრის გზაზე

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52773 ნახვა

—
პალმა სევდით რომ დავარცხნის ჰაერს,
გზად მოჩურჩულეს ვუსმენ ჩინარებს:
_ სირცხვილი მას, ვინც ამ ჩემი მხრის
ქართველობაში იეჭვიანებს.
მოკლულ წარსულზე დარდით და ვიშით
მითხრა ნატაძრალ ხინოს ფერდობმა:
_ სირცხვილი მას, ვინც აქ ჩემი ჯიშის
ძველქართველობას არ დაენდობა.
ნუთუ არ გესმის თუ რაზე მღერის
ძველი, ჭკვიანი ჩემი ჭიბონი?
სირცხვილი, ვინაც აქ ჩემი ერის
ერთგულებაში გულს ვერ იპოვნის.
ჩვენი ბედკრული ბედის დუშმანი
სულ ჩვენი ჟუჟვის ჟინით გიჟობდა,
იმ ტკივილთაგან ახლაც კურცხალი
ცრემლი ლოყაზე ისევ მიჟონავს.
სხვადასხვაობა სალოცავთაო,
არ გვაშინებსო, ილიამ ბრძანა,
ქართველობაო ოღონდ ატაროს
რწმენაში სისხლმა, ხორცმა და ძვალმა.
საქართველოსთვის აკუწეს, დაფლეს
თავი სტამბულს და ტანი _ აჭარას...
სირცხვილი, თუ ვერ ვენდობით ამფერ
კაცს, განათებულს ხიხას ხანძარით.
პალმა, სევდით რომ დავარცხნის ჰაერს,
გზად მოჩურჩულეს ვუსმენ ჩინარებს:
_ სირცხვილი მას, ვინც ამ ჩემი მხარის
ქართველობაში იეჭვიანებს.
1991
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი