პოეზია · ლირიკა
სევდა მესხური
ბევრს ვხედავ ამ ბერ, მელოტ ბორცვებთან,თითქოს თავადაც მხედავს ეს ხედი,ყოვლისმომცველი, როგორც ოცნება,დაღონებული, ვით თვით მესხეთი.ამ ბრმა ციხესთან, ამ ხმელ მაღლობთან,როცა ვბრუნდები უმალ ვრწმუნდები, _არსად მიცვნია ასე ახლობლადსაუკუნენი, წლები, წუთები.
არა თავისთავს, ანდა ერთ კუთხეს,არამედ სულმთლად სუნთქვას, _ სამშობლოს,მინდა რამ უფრო მთავარი ვუთხრა,ბოლოს და ბოლოს, ბოლოს და ბოლოს.
გრილ ყვავილებს რომ შევახებ ხელებს,ვფიქრობ, _ თუ ბედი არ მაცლის იმდენს,მე, როგორც მტკვარი, ჟანგისფერ ხევებსჩავეკონები და ვიდენ, ვიდენ.
გულისტკივილო ჩვენო და მუდამგულის წამალო, მხარევ მაგარო,მასვი სათუთად ისეთი თუთა,რომ აქ სირბილით ფეხი დავღალო.აქ ჩვენებურიც ჩანან ოდები,ოდებს ვეროდეს ვერ დაამხობენ,ახალმოსახლევ, მესხეთს გოდერძითმომიყვანე და დიდხანს მამყოფე.
1999