პოეზია · ლირიკა
შავი ნაღველის რომანსი (მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი)
განთიადს ეძებენ მამლები,ნისკარტებს იქნევენ სოლებად,როდესაც ბინდიან მთებიდანეშვება მზისფერი სოლედად.სხეული - სპილენძის მორევი,ფაშატის სუნთქვა და გესლია,ძუძუნი - გრდემლია ორივე,მრგვალ საგალობლებად კვნესიან.- სოლედად, მითხარი რა გინდა,რას ეძებ, რატომ ვერ ისვენებ.- მე მინდა იგი, რაც მე მინდა,მომეშვი და ნუღარ მიხსენებ.მე მინდა შვება და ხალისიდა ჩემს გულს დავეძებ ისევე!- სოლედად, შენ ჩემი დარდი ხარ. . .შმაგი და ავხორცი ფაშატიმირბის და ბნელ ზღვაში ვარდება,რომ იქვე მოკვდეს ან დაშავდეს.- ო, ზღვაზე ნუ მეტყვი ნურაფერს.შავლეგა წუხილის ბალახიკვლავ ხარობს მიწაზე, როდესაცნიავი აჟრჟოლებს ჭალაკებს.- სოლედად, დარდი შენ თვითონ ხარ,ნაღველი მწარე და საშური,შენ სტირი ლოდინის სიმწრისგანმოგვრილი ლიმონის ნაჟურით.- დარიო? სიშმაგე მაწვალებს,მე ვბორგავ სიგიჟის სახადით.და მიწით მივათრევ ნაწნავებსსამზადის კარიდან სახლამდე.დარდიო? მივალ და მცვივდებასურვილთა მღვივანი ფურცელი,ო, ჩემი პერანგის შრიალიდა ყაყაჩოსფერი მუცელი- მტრედების ნაბანი ისხურე,სიმშვიდით დაიწყე ზმორება,ნანა და ნანინა, მზისფერო,თვალები დახუჭე სოლედად.იქ, დაბლა მდინარე ხმაურობს,ცისა და ჩიტების ქარიადა გოგრის ყვითელი ყვავივლითთავს იმკობს ნამგალა კალია.ო, ბოშა ქალების ნაღველი,ყოველღამ ცეცხლად რომ ანთია -დაკარგულ კალაპოტს მისტირისდა გზათა შორეულ განთიადს.