პოეზია · ლირიკა
ყვარლის მთებს
ილია ჭავჭავაძე 1837–1907
სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,იგი არ იყო ძვრა გულისა, ფრთხალი და მხდალი.მე თრთოლვით ვსჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზედ თქვენსა სიმაღლესდა შევნატროდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავენ შიშით სრბოლასა,სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლასა,სადაც წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,თქვენ თავთან იყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, -იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ტრფობის სიმარტივითა,ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსაან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,ვით ას მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი, -ვითა ფოთოლი, ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმომწონება,აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადებათქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი,როს ყმაწვილური მრისხანება ჩემს ყმაწვილურს გულსსჩაგრავდა ხოლმე, თქვენს წინ ვღვრიდი მე ცრემლთ ნაკადულს,თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს...და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთაჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..
რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემს ყმაწვილ ყრმობის,და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის-სოფლის,მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა,და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?!ყოვლი ნაბიჯი ჩემის ცხენის თქვენთან მაშორებს,ყოვლი წუთი გკარგავს თქვენა და მეც მაობლებს...აგერ თქვენც ჰქრებით თანდათანა... თქვენსა მწვერვალსაძლივს ვარჩევ... წუთიც!.. მხოლოდღა ვჭვრეტ ციაგსა ცასა,ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქესდა მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს!..თქვენი მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცასაღარ უმკობენ ერთნაირსა ციაგს კამარას!..
მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა...უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქვასა გული.
1857-სა წელსა, 15-სა აპრილსა,ს. კარდანახი