ივლიანე ხაინდრავა: ქვეყანაში საღი აზრის აშკარა დეფიციტია.
- დასავლეთი აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას, შორს ნუ შეტოპავთ, თორემ ძალიან სახიფათო მიმართულებით განვითარდება მოვლენებიო. რუსეთი რომ კონფლიქტის ესკალაციით დაინტერესებული იყო ცხადია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა მოვლენათა ამგვარი განვითარება.
რაღა მაშინ მოუნდათ “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა”, როცა რუსეთის მთელი ჩრდილოკავკასიური სამხედრო დაჯგუფება და შავი ზღვის ფლოტი სრულ სამხედრო მზადყოფნაში იყო? იქით - მანევრები, აქეთ - მოსახლეობას ხიზნავენ ცხინვალიდან, ჯავაში მაგრდებიან, კაზაკების მობილიზაცია ხდება, ჩრდილოკავკასიელები ამოძრავდნენ, როკის გვირაბი მოქმედებს. ასეთ პირობებში რას ფიქრობდნენ? მომხდარს აქვს პოლიტიკური, სამხედრო დაჰ უმანიტარული ასპექტები და ვერც ერთში საქართველოს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა.
ჩვენი ხელისუფლება ინფანტილური და სულსწრაფია, რაც არაერთგზის დადასტურებულა; ახლაც, როგორც ჩანს, ვიღაცეებს ნერვებმა უმტყუნა.
გამოდის, რომ ხელისუფლება ხალხს ატყუებს, როცა ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და ცეცხლი უნდა გაეხსნათ?
- ტყუილისა და ტრაბახის ნაზავი ამ ხელისუფლების საარსებო გარემოა. როგორც ვიცი, ჩვენი მოკავშირეები ემუდარებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ახლა კი სააკაშვილს ჰყოფნის თავხედობა, რომ ევროპა დაადანაშაულოს მომხდარში.
ოპერაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო, აშკარად სცილდებოდა შეთანხმებულ, თუ გნებავთ - ნებადართულ, რაციონალურ საზღვრებს. “საქართველო დემოკრატიის შუქურაა” - ამ კონტექსტში გაიყინა ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ერთი რამ უდავოა: არც ამერიკა, არც დასავლეთი ზოგადად საქართველოს გამო მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებენ.
სარკოზის დოკუმენტთან მიმართებით თქვენი დამოკიდებულებაროგორია?
- შემაშფოთებელია დოკუმენტის მეექვსე პუნქტი: როგორ ფორმატშია გააზრებული კონფლიქტების მოგვარება. ვიღაცას შეუძლია თავი დაიმშვიდოს იმით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დღეს საქართველოს აღიარებულ საზღვრებშია, მაგრამ მედვედევმა სხვაგვარად დასვა საკითხი: სტატუსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნების საფუძველზე უნდა გადაწყდესო. შექმნილ ვითარებაში, როცა ორივე ტერიტორია დაცლილია ქართველებისგან (გალის გამოკლებით), იმთავითვე გასაგებია, თუ როგორია ეს ნება. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: ვითარება მკვეთრად შეიცვალა ჩვენთვის საზიანოდ.
არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები დაზავდნენ: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის იქნება.
- მეც მომიკრავს ყური, თითქოს მოისინჯება იდეა აფხაზეთისა (ან მისი ნაწილის) და ცხინვალის რეგიონის გაცვლაზე საქართველოს ნატო-ში წევრობაზე. მაგრამ ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის მიერ განიხილება, როგორც დაცვითი მექანიზმი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი აზრი ნატო-ს მიმართ მკვეთრად შეიცვლება. ცხინვალიც და აფხაზეთიც ქართული იდენტობის, მენტალიტეტის შემადგენელი ნაწილია. დროთა განმავლობაში ცვლილებები მენტალიტეტშიც ხდება, მაგრამ მისი მომენტალური გადასხვაფერების წარმოდგენა მიჭირს. არ მგონია, ამაზე დათანხმდეს თვით ეს ხელისუფლებაც კი.
მიგაჩნიათ, რომ რუსეთის ინტერვენცია მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას?
- დიდი ხანია, ვამბობ, რომ რუსეთის ნებისმიერი მტრული გამოხდომა საქართველოს მიმართ აძლიერებდა სააკაშვილს და არა პირიქით. სხვათა შორის, ასე იყო შევარდნაძის დროსაც. ახლაც, როგორც კი რუსეთში პოლიტიკოსებმა თქვეს, სააკაშვილის გადაყენება არის საჭიროო, პრაქტიკულად მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა საქართველოში უპასუხა: “ეს თქვენი საქმე არ არის”. პარადოქსია: რუსეთი სააკაშვილს პოლიტიკურ წუთისოფელს უხანგრძლივებს, თავად სააკაშვილი კი - პირიქით.
თუკი რუსეთი თბილისის მიმართულებით ცეცხლს გახსნიდა, საქართველოს ხელისუფლებას რა ზომებისთვის უნდა მიემართა?
- ოცდაოთხ საათში სრული სამხედრო კრახი მოულოდნელი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ექსპერტებისთვისაც, ვისაც საკმაოდ მაღალი აზრი ჩამოუყალიბდა ქართულ ჯარზე. აქ, რა თქმა უნდა, უმაღლესი ოფიცრობის პრობლემაა და არა ჯარისკაცების; ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების პრობლემაა, განსაკუთრებით - მსხვილი შენაერთების დონეზე. არ ვიცი, დედაქალაქის დაცვისთვის რა გაკეთდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი რუსები შეტევას განახორციელებდნენ. ის კი ვიცი, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სახალხო ლაშქარი რამის გამკეთებელი იყო.
ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტი შენიშნავს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა, შიდა დაპირისპირებებში რომ არ დახარჯულიყო დრო და რესურსი.
- ეს კრიზისის კიდევ ერთი მხარეა. საგარეო მტრის საკითხი მოგვარებულია: აგერაა რუსეთი! მაგრამ ავტორიტარული რეჟიმებისთვის საგარეო მტრის არსებობა საკმარისი არ არის; საჭიროა საშინაო მტერიც. თუ სააკაშვილი დარჩა ხელისუფლებაში, არ გამოვრიცხავ, რომ განახლდება მოღალატეების, ხალხის მტრებისძიება. იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავდაჯერება, დასჭირდება განტევების ვაცების მოძებნა. სხვათა შორის, ოპოზიციური სპექტრი იმაზე უფრო კოლეგიურად ექცევა ამ ხელისუფლებას კრიზისის დღეებში, ვიდრე ეს ხელისუფლება იმსახურებს.
2004 წლის ზაფხულის ცხინვალის მოვლენების შემდეგ თქვენ პარლამენტში აღნიშნეთ, რომ “საქართველოში არის დღისა და ღამისმთავრობები; დღისით სამშვიდობო მოლაპარაკებები, ღამით - ომი”. შექმნილ სიტუაციაში რომელ ხელისუფლებას ადანაშაულებთ?
- ახლა მხოლოდ ღამის მთავრობაღა შემოგვრჩა. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც რაციონალური ტვინები მაინც დარჩნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში; ალბათ, ყველა არ იყო მილიტარისტულ-თვითმკვლელურ პოზიციაზე, მაგრამ საღად მოაზროვნეთა ხმა, თუკი ასეთი იყო, დაითრგუნა. საერთოდ, ქვეყანაში საღი აზრის აშკარა დეფიციტია.
საერთაშორისო საპოლიციო ძალების შემოსვლის პერსპექტივა არსებობს?
- ასეთი ძალების შემოყვანა გაჭიანურდება იმიტომ, რომ ამას რუსეთიც, აფხაზებიც და ოსებიც კატეგორიულად ეწინაააღმდეგებიან. ევროპისთვის კი არ არის დამახასიათებელი საკუთარი აზრის სხვის თავზე მოხვევა. თანაც, ახლა რუსებმა ყველაფერი რომ დათმონ, ნამდვილად გასაკვირი იქნება. საქართველოს ხელისუფლებაში ტალეირანი არ ჩანს, რომ წაგებული ომის შემდეგ მოგებაში დავრჩეთ. არ მინდა, საქართველოს ფუნქცია შემოიფარგლოს იმით, რომ იგი საკუთარი დასახიჩრებული სხეულით მუდმივად ახდენდეს იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი ცუდია. გონიერი ხელისუფლების დანიშნულება სულ სხვა უნდა იყოს.
