თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იგი ვარაუდობს, მაშინ შესაძლოა, სადღაც 23-დან 25 სექტემბრამდე მიხეილ სააკაშვილი გადადგეს. მანამდე კი იგი 15 სექტემბერს ნიუ-იორკს ეწვევა და გარკვეულ კონსულტაციებს გაივლის.
იმავე წყაროს ვარაუდით, სარკოზი-მედვედევის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსები საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ ამერიკელებიც გავლენ აქედან. ოღონდ, ამ შემთხვევაშიც უმთავრეს მოთხოვნად სააკაშვილის გადადგომას აყენებენ, ანუ გადადგება სააკაშვილი და ამერიკული გემებიც თუ დატოვებენ საქართველოს, მაშინ რუსებიც აქედან აუცილებლად გავლენ.
ისე, არც ევროპელებს მოსწონთ, თურმე, ამერიკელთა აქ ყოფნა და მათი ამოცანაც რეგიონში ამ ძალების განეიტრალებაა. სხვათა შორის, კულუარული ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბერნარ კუშნერს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისთვის თითქოს უსაყვედურია კიდეც: თქვენი გემების საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოყვანამ სიტუაცია გაამწვავა კიდეც, თორემ კონფლიქტი მოგვარებული გვქონდაო.
საქართველოში 15 სექტემბერს ჩრდილოატლანტური ალიანსის წარმომადგენლები ჩამოდიან. ამის შემდგომ პერიოდში მოელიან სააკაშვილისგან გადადგომაზე განცხადებით გამოსვლას, რადგან იგი ამის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადის. ოღონდ, თუ ამერიკული გემები არ გავლენ და სააკაშვილი არ გადადგება ყველა ეს ვარაუდი, თუ შეთანხმება ჰაერში გამოკიდებული დარჩება და რუსები საქართველოდან არ გავლენ.
თუ ამერიკული გემები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, ხოლო ნიუ-იორკში კონსულტაციების შემდეგ სააკაშვილი გამოვა განცხადებით, რომ ვადამდე გადადგება, რადგან მას არ სურს, პირადად მის გამო საქართველო ისჯებოდეს, ცხადია, მას ყველა გმირად აღიარებს. ამ შემთხვევაში, მისი სახელი, როგორც თავდადებულისა, ისე ჩაიწერება ქვეყნის ისტორიაში დარჩება უგვირგვინო მეფედ, რომელიც ისევ პროცესების მართვაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ჩანს შემთხვევით არ უჩუქნია ნინო ბურჯანაძისთვის წყნეეთის მიწები ერთ ლარად. ისე, ამერიკული გემები უკვე ტოვებენ საქართველოს და ახლა ჯერი სააკაშვილზეა.
ოღონდ, მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, გადადგომამდე, მიხეილ სააკაშვილი, ჯერ კიდევ როგორც მოქმედი პრეზიდენტი, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოაცხადებს. თუ, ვთქვათ, სააკაშვილი გადადგა 23 სექტემბერს, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. კონსტიტუციით გათვალისწინებული 40-დღიანი ვადა სწორედ ამ თარიღს ემთხვევა. ამ დღესვეა დანიშნული აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებიც. ასე რომ, მომზადებისთვის მაინცდამაინც დიდი თანხების დამატება საჭირო არ გახდება.
თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ჩვენი ინფორმატორი ვარაუდობს, მაშინ სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში საპრეზიდენტო მარათონში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან "რესპუბლიკელი" დავით უსუფაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციიდან "ახალ მემარჯვენეთა" ლიდერი დავით გამყრელიძე, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი გია ბარამიძე, "დემოკრატიული განვითარების ფონდის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, გაეროში საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანია და "ლეიბორისტთა" ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ალბათ, შემთხვევითი არ უნდა იყოს დავით გამყრელიძის ბოლოდროინდელი გააქტიურება, რომელიც ამერიკიდან ახლახან დაბრუნდა და ინფორმირებულია იმის თაობაზე, რაც სააკაშვილის გარშემო ხდება.
თუმცა, წყაროს ინფორმაციით, ამერიკელები, როგორც "დემოკრატები", ასევე "რესპუბლიკელები" ნინო ბურჯანაძეზე უფრო დებენ ფსონს. სხვათა შორის, იგი არც რუსებისთვისაა მიუღებელი პერსონა, თუმცა რუსეთუმეს ნამდვილად ვერ უწოდებ. ასე რომ, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი, ამ შემთხვევაში, ნამდვილად მას გააჩნია. იმავე ინფორმატორის ცნობით, ყველა ტექნიკური საკითხი ახლა ამერიკაში იხილება და დავით ბაქრაძის ამჟამინდელი იქ ვიზიტიც სწორედ ამას უკავშირდება.
თუ არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში პოზიციებს ინარჩუნებენ, თან არც რუსები იქნებიან ამით მთლად განაწყენებულნი. ამიტომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე ამერიკისა და ევროპის მოთხოვნებსაც ანგარიში გაუწიოს.
ოღონდ საქართველო გარდაიქმნება ფედერაციად, ან კონფედერაციად. კონფედერაციას რუსეთი მოითხოვს, ხოლო დანარჩენები ფედერაციას მიემხრობიან. რომელი პოზიცია გაიმარჯვებს, ძნელი სათქმელია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მანამდე ახალ პრეზიდენტს აუცილებლად მოუწევს ჯერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებაზე ხელის მოწერა, შემდეგ კი მათთან ერთად საქართველოს ფედერაციულ, ან კონფედერაციულ ვარიანტზე შეთანხმება. ისე, ამისთვის "რესპუბლიკელებიც" გამოდგებიან, რომლებიც ამაზე ოცნებობდნენ და გარკვეულ გეგმებსაც აწყობდნენ კიდეც.
თუმცა ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები, ვიმეორებთ, ისეთი სცენარით განვითარდება, როგორც ამას ჩვენი ინფორმატორი თავის კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსები აქტიურად ჩაერთონ და თავიანთი კანდიდატიც წამოაყენონ. ვინ იქნება იგი, უცნობია და რა მოხდება ამ შემთხვევაში, ამის პროგნოზირებაც ძნელია. გამართლდება თუ არა ჩვენი ინფორმატორის ვარაუდი-პროგნოზები, ამას მალე შევიტყობთ. თუმცა, მოვლენათა მსვლელობას თვალს თუ გადავავლებთ, ჯერჯერობით, ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი, მაგრამ ვინ იცის?
ექსპერტთა და მიმომხილველთა აზრით, გაურკვეველია, შეასრულებს თუ არა მოსკოვი თავის სიტყვას. როგორც ვხედავთ, საქართველოდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ იგი შავი ზღვიდან ამერიკული გემების გაყვანას და სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს. ეს კი უკვე სარკოზის კომპეტენციას აღემატება. ამასთან, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დღეისთვის პრესტიჟის საკითხად იქცა. თუ ისინი შავი ზღვიდან გავლენ, მაშინ რუსეთი გეოპოლიტიკურ გამარჯვებას იზეიმებს. მოვლენათა ასეთმა განვითარებამ, შესაძლოა, ჩვენში შიდაპოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. მით უმეტეს, ნოემბრისთვის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე უკვე დაიწყეს საუბარი. |