ბენდუქიძის შემოდგომა
აინ რენდის ნეოლიბერტანული რაციონალიზმი და მე-19 საუკუნის ველური კაპიტალიზმის სოციალური დარვინიზმის ნაზავი, ოლიგარქიული იდეები, სოციალური და კონკურენციული რეგულირების მექანიზმების სრული უარყოფა, მარეგულირებლების გაუქმება, ჰონკონგიზაცია და ხარბი ვაჭრის ფილოსოფიით ყველაფრის გაყიდვის დოქტრინა სხვა უამრავი იდეა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დღვანდელ სოციალური სტაბილურობისა და თავისუფალი კონკურენციის დასავლურ წარმოებასთან. ასეთია, მოკლედ, ბუკეტი იმ მოდელისა, რომელსაც ეკონომიკური, ნამდვილად, არ შეიძლება ეწოდოს.
მისი დევიზი იყო გავყიდოთ ყველაფერი, სინდისის გარდა. ეს უკანასკნელი მას არ გააჩნია და ვერც გაყიდის, ამბობენ მისი ოპონენტები, მაგრამ ეს არაა მთავარი. საყურადღებო ისაა, რომ რატომღაც, ეს ყველაფერი ყველაზე ხშირად რუსული კაპიტალის ხელში აღმოჩნდებოდა, ხოლმე, სრულიად გაუმჭვირვალე აუქციონებისა და კონკურსების გზით.
წლების განმავლობაში ხელოვნურად ხდებოდა რუსული კაპიტალიზაციის წახალისება ქვეყნის ეკონომიკური გუნდის მიერ. “არასპეციალისტები” და ოპოზიცია ამ დოქტრინების შეფასებაში ერთსულოვანნი იყვნენ. ბევრი ბენდუქიძეს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდა და მას კრემლის აგენტად მიიჩნევდა.
ჩვენ შორს ვართ ასეთი რადიკალიზმისაგან და ვთვლით, რომ ყოველივე მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი იყო და არ მოდიოდა წინააღმდეგობაში გლობალურ ეკონომიკურ მიდგომებთან. დასავლეთსა და აშშ-ში რატომღაც ჩათვალეს, რომ “რუსეთთან მეგობრობის დოქტრინა ” და მსოფლიო ეკონომიკურ პარტნიორობაში რუსეთის ჩართვა მისი შოვინისტურ-რევანშისტული მისწრაფებების პრაგმატიზმით ჩანაცვლების კარგი საშუალება იყო. ასე ხდებოდა მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად, საქართველოშიც. ამიტომაც იყო, რომ დენიელ ფრიდი, მეთიუ ბრაიზა და სხვები ჩვენი ოპოზიციის ამ და სხვა განცხადებებს ღიმილით ხვდებოდნენ.
ერთადერთხელ, მაშინ გამოიჩინეს ამერიკელებმა პრინციპულობა, როცა ბენდუქიძემ სტრატეგიული გაზსადენის გაყიდვა გადაწყვიტა და აღნიშნულის თაობაზე მემორანდუმიც კი გაფორმდა 2005 წლის დეკემბერში. საბედნიეროდ, ამერიკელებმა გარიგება ჩაშალეს, მაგრამ ბენდუქიძე დარჩა.
ისმის კითხვა, დღეს გაზსადენი რუსების ხელში რომ იყოს, იქნებოდა თუ არა ეს მათთვის საკმარისი, მთელი ჩვენი ტერიტორია დაეკავებინათ გაზსადენის დაცვის საბაბით? ეს ბენდუქიძეს უნდა ვკითხოთ.
აგვისტოს შემდეგ, როცა აშშ-მ და ევროკავშირმა სრულად განსხვავებულად დაინახა ჩვენი ადგილი ევროსტრუქტურებში და მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგში, როცა იცვლება მსოფლიო ეკონომიკის მახასიათებლები და სუბიექტები, იცვლება მისი შინაარსი, ბენდუნომიკასთან ჩვენი გამოთხოვება გარდაუვალია. სხვაგვარად ვერანაირად ვერ შევძლებთ, ვიყოთ აშშ-ს და ევროკავშირის პარტნიორები, სადაც ეკონომიკური ურთიერთობები აგებულია პრაგმატიზმის, რაციონალიზმის, თავისუფალი კონკურენციისა და სოციალური სოლიდარობის ეკონომიკაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიუღებელია ბენდუნომიკისათვის.
კახა ბენდუქიძის ოთხწლიან საქმიანობას ქართველი ექსპერტები აფასებენ.
ნოდარ ჯავახიშვილი:
- კახა ბენდუქიძეს საქართველოში რეფორმები არ გაუტარებია, მან დაანგრია საქართველო, ყველა სტრატეგიული ობიექტი გაიყიდა და აზრად არ მოსვლია არავის ამას წინ აღდგომოდა. დღეს ყველა სტრატეგიული ობიექტი გაყიდულია და იცით ვისზე? იმათზე, ვისი მსახურიც იყო. მერედა, ვინ ჩამოიყვანა ბენდუქიძე ან რისთვის? ამ კაცმა უზარმაზარი ფული იშოვა საქართველოში და ახლაც შოულობს, ის საქართველოში თავისი ბიზნესის გასაზრდელად ჩამოვიდა და გააკეთა დიდი ფული.
კაცი, რომელმაც დიდი ფული იშოვა რუსეთში, იმ ქვეყნის წინააღმდეგ არასოდეს წავა. ბენდუქიძე ბიზნესმენია, მაგრამ არა ეკონომისტი. რა გაკეთდა ბოლო წლებში საქართველოში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვქონოდა? დღეს ემბარგო რომ გამოგვიცხადოს მსოფლიომ, რა გვაქვს, რომ არ გავწყდეთ შიმშილით? არც ჩაი, არც პომიდორი, არც კარტოფილი, ყველაფერი თურქეთიდან შემოგვაქვს. ნავთობის ქარხანა მუშაობდა და მილიონ ნახევარი ნავთობი გადამუშავდებოდა, ახლა არავინ არ კითხულობს, ეს ქარხანა სად წავიდა?
ხელისუფლებამ პროფესიონალები უნდა მოიყვანოს მთავრობაში და არა უცოდინარი გოგო-ბიჭები. ახლა მე რომ მზარეულად დამნიშნონ, ხომ ვერ გავაკეთებ კერძებს? საქართველოში გინდა, ბალცეროვიჩი ჩამოიყვანონ და გინდა, მამაღმერთი, მაინც არაფერი ეშველება, რადგანაც უცოდინრები არიან თანამდებობებზე. ამდენი ხანია უმუშევარი ვარ. ვინმემ თუ მოინდომა ჩემი ცოდნის გამოყენება? საქართველოს ბალცეროვიჩები კი არა, ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც ქვეყანას ააშენებს. ბენდუქიძე ქვეყნის აღმშენებელი მინისტრი იყო?! ან რატომ ჩამიყვანეს? გადახედეთ, მაგის ბიოგრაფიას.
ახლა მე რომ წამიყვანოთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კლინიკაში და მთავარ ქირურგად დამნიშნოთ, ეჭვი გეპარებათ, რომ ყველა პაციენტს არ მოვკლავ? გამსახურდიას ხელისუფლებაში ერთ ადამიანს ვაჭრობის მინისტრად ნიშნავდნენ. მან თქვა, რომ ეს საქმე არ იცოდა, მაგრამ იყო ერთგული ჯარისკაცი და ნებისმიერ საქმეს გააკეთებდა. მე კი ვუთხარი, შენზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო, მაგრამ ოლიმპიადაზე რომ გამაგზავნონ, 2 მეტრზე ვერ გადავხტები, მეთქი. სამწუხაროდ, დღეს იმის მიხედვით ინიშნებიან, ვინ ვისი გუნდის წევრია. ხელისუფლებაში 25 წლის მინისტრები არიან, ჩვენ თინეიჯერების ქვეყანა ვართ.
ავთანდილ სილაგაძე: მე ვფიქრობ, კახა ბენდუქიძემ ხელი შეუწყო საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას და მსხვილი ობიექტების პრივატიზაციას. გარდა ამისა, ბიზნესის დაწყების გამარტივებას. პრივატიზაცია უცხოელ ინვესტორებზე მოხდა და მათ შორის, რუსული კაპიტალი საკმაო რაოდენობით შემოვიდა. რა თქმა უნდა, იყო ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება რეფორმების შედეგებს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ვიტყვი იმას, რომ სტრატეგიული ობიექტები არ უნდა გასხვისებულიყო, გაზსადენი რომ არ გასხვისდა, ეს დადებითი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არასწორი იყო რკინიგზისა და პორტის გასხვისება. ის, რომ ჩვენი ეკონომიკა რუსეთზე იყო მიბმული და სამწუხაროდ, რუსული კაპიტალის ხელში აღმოჩნდა ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტი, უარყოფითი შედეგის მომტანია.
ახლა ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, რუსული აგრესიის პირობებში ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. საჭიროა კაპიტალის დაბანდება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მშენებლობასა და კავშირგაბმულობაში. რეალური სექტორი ქმნის პროდუქტს, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტის სიმყარეს ჩვენთვის გადამწყვეტია საექსპორტო საქონლის ზრდა. ბოლო მონაცემებით, იმპორტი მეტია და ექსპორტი კი უმნიშვნელო. საქართველოდან დიდი ფული გადის, ამიტომ საჭიროა განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება და შევინარჩუნოთ ადგილობრივი ვალუტის სიმყარე ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ხარჯზე.
გია ხუხაშვილი: კახა ბენდუქიძის მოღვაწობას უარყოფითად ვაფასებ. მან ტროას ცხენებით გაავსო ქვეყანა და ფაქტობრივად, საქართველოს ოკუპაცია დღეს კი არა, რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც საქართველოს საინვესტიციო რუკა გაივსო რუსული კაპიტალით და ოფშორული სქემებით.
ჩვენ გვახსოვს “ჭიათურმანგანუმის” დისკრედიტაცია აბრამოვთან დაკავშირებით. ძალიან უცნაური ოპერაცია “კაპიტალ ვოსტოკის” მიერ ადამიანების სახლებიდან გამოყრა, “მულტიფლექსის” ინვესტორების ისტორია, რომელთა ვინაობა არ ვიცით. ეს იყო ბენდუქიძის პოლიტიკა, რომელმაც არასახარბიელო სიტუაცია შექმნა ქვეყანაში. იმდენად არასახარბიელო, რომ დღეს არ ვიცით, ვინ არის “ენერგოპრო”.
არსებობს ეჭვი, რომ ეს რუსული კომპანიაა. ასე რომ, ბენდუქიძემ უარყოფითი გავლენა მოახდინა ქართულ ეკონომიკაზე. მან ძალიან კარგად აითვისა რუსული ლიბერალიზმი და იყო ლობისტი რუსული ინტერესჯგუფებისა, რომელმაც ქართულ ბაზარზე არაჯანსაღი სიტუაცია შექმნა. ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ეკონომიკურ პროცესებში, საჭიროა შეიქმნას დაბალი რისკების საინვესტიციო გარემო და იგი გახდეს მისი დაცვის გარანტი, არ ჩაერიოს ამ ურთიერთობებში და ქვეყანა თავად დადგება ფეხზე.
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ნომენკლატურული კაპიტალისტური ურთიერთობები, სადაც ხელისუფლება ბიზნესის დირექტორია. ქვეყანა ვერ აშენდება და ვერ განვითარდება, თუ არ არსებობს რეალური კონკურენცია და თუ პოლიტიკური რისკები ეკონომიკის გარეთ არ გავიდა. ბენდუქიძე, ერთის მხრივ, ამბობს, რომ ლიბერალია და მეორეს მხრივ, თანამონაწილეა ამ ურთიერთობების.
მიხეილ ჯიბუტმა და რომან გოცირიძემ კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს. როგორც თქვეს, მათ მედიამარხვა აქვთ გამოცხადებული.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4015