საკონტრაქტო არმია სულაც არ ნიშნავს პროფესიონალურს...
გაისმის მოსაზრებები, რომ საკონტრაქტო არმიიდან ისევ უნდა დავუბრუნდეთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცებით შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრინციპს. ეს სრულიად საწინააღმდეგოა იმ დასკვნებისა, რაც ამერიკამ ვიეტნამის ომის შემდეგ გამოიტანა.
რით შეიძლება იყოს გამართლებული ასეთი მოსაზრება?
ისევე, როგორც ვიეტნამის ომის შემდეგ, აშშ-ში გაძლიერდა ანტიმილიტარისტული განწყობა, აგვისტოს ტრაგიკულმა დღეებმაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში ანტისაომარი ფონი შექმნა.
ის სახელმწიფო პიარი, რომელსაც ტელევიზორების ეკრანებიდან ქართული არმიის უძლეველობაზე დღეში რამდენჯერმე თავს გვახვევდნენ, დღეს ნაკლებად მუშაობს და შეიძლება ანტიპიარადაც იქცეს.
ასეთ სიტუაციაში საზოგადოების დიდი ნაწილი ეცდება, სავალდებულო სამხედრო სამსახური შვილებს ათასნაირი ხერხით აარიდოს.
სამხედრო ისეთივე სპეციალობაა, როგორიც ექიმი, ინჟინერი და ა.შ. ამიტომაც არმიაშიც აუცილებლად პროფესიონალმა უნდა იმსახუროს და იქ ძალით წაყვანილი ადამიანი ბრძოლაში არ გამოდგება - თავსაც დაიღუპავს და სხვებსაც დიდ ხიფათს შეამთხვევს.
ამიტომაც ქართული არმიის დაკომპლექტების პრინციპი ისევ საკონტრაქტო საფუძველზე უნდა დარჩეს, რაც არ გამორიცხავს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მცირე ოდენობით ახალგაზრდების გაწვევას, რომლებსაც არასაბრძოლო, დამხმარე ფუნქციების შესრულება მოუწევთ.
მაგრამ ჩვენთან, აგვისტოს მოვლენებამდე, ხელისუფლებაში და შეიძლება საზოგადოების დიდ ნაწილშიც, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საკონტრაქტო დაკომპლექტების პრინციპით შექმნილ არმიას ნებისმიერი საბრძოლო დავალების შესრულება შეეძლო.
ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული შეცდომა იყო, რადგან საკონტრაქტო არმია ჯერ კიდევ არ ნიშნავს პროფესიონალურს.
გასულ კვირას გაერთიანებულ შტაბში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხედროებს განუცხადა, რომ პროფესიონალიზმი წახალისდება.
ნუთუ აუცილებელი იყო აგვისტოს მწარე გაკვეთილები, რომ ხელისუფლება არმიაში პროფესიონალების აუცილებლობაზე დაფიქრებულიყო?
აგრესიის სიმბოლოს - როკის გვირაბს ”თანამოძმეები” უჩნდება
რუსეთი ცხინვალის რეგიონთან უფრო მარჯვედ დასაკავშირებლად მხოლოდ როკის გვირაბს აღარ სჯერდება და გადმოსასვლელი გზისა და აეროდრომის აშენებას აპირებს კრემლს ქართული მიწების მიტაცების სერიოზული გეგმები აქვს.
აფხაზეთში, ფსოუზე, ერთ გადასასვლელს მნიშვნელოვნად აკომპენსირებს საზღვაო მარშრუტები. ფსოუზე ხიდის აფეთქების შემთხვევაშიც კი რუსეთის საბრძოლო დანაყოფები აფხაზეთში ზღვის მხრიდან მაინც შეაღწევენ.
ცხინვალის რეგიონში კი სხვაგვარი სიტუაციაა. ერთადერთი დამაკავშირებელი საკომუნიკაციო საშუალება როკის გვირაბია, რომლის არ (ან ვერ) ჩაკეტვამ ჩვენთვის საბედისწერო როლი შეასრულა აგვისტოს მოვლენების დროს.
საქართველოს ხელისუფლებაში მყოფთაგან განსხვავებით, ეტყობა, კრემლმა უკეთ იცის, რა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო საშუალებებს.
ვთქვათ, აფეთქდა როკის გვირაბი ან მისკენ მიმავალი გზა, აღმოჩნდებიან თუ არა თაგვივით გამომწყვდეული ოსი სეპარატისტები და მათი რუსი მფარველები?
ამიტომ ამ ხიფათის თავიდან ასაცილებლად მოსკოვი სათადარიგო კომუნიკაციების მოწყობას აპირებს. კერძოდ, როკის უღელტეხილის რაიონში იგეგმება სამანქანო გზის გაყვანა, რომელიც, სავარაუდოდ, გვირაბის მარცხნივ გადმოვა.
საერთოდ, ამ რაიონში არანაკლებ 8 გადმოსასვლელია, რომელზეც ზაფხულში მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებს თამამად შეუძლიათ.
კეთილმოწყობილი სამანქანო გზის გაკეთების შემდეგ მოსკოვი აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ვიწრო როკის გვირაბზე და უკეთესად შეეძლება თავისი სამხედრო ბაზების მომარაგება ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიაზე.
ასევე, გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს დიდი ლიახვის ხეობის დანგრეული ქართული სოფლების ადგილზე რუსი დამპყრობლები აეროდრომის აშენებას აპირებენ.
ამ რეგიონში, ცხინვალსა და ზემო ნიქოზს შორის, საბჭოთა პერიოდში არსებობდა შვეულმფრენებისთვის განკუთვნილი სამხედრო აეროდრომი, რომელიც ნაკლებად გამოდგებოდა სატრანსპორტო თვითმფრინავების მისაღებად.
ამ აეროდრომის აღდგენისა და გაგრძელების შემთხვევაში ის ქართული სოფლების სიახლოვეს აღმოჩნდება. ეს, ეტყობა, რუს სამხედროებს ხელს არ აძლევს, რადგან ადვილი იქნება ამფრენ-დამფრენი თვითმფრინავების დაზიანება მიწიდან, ცეცხლსასროლი იარაღით.
თუკი რუსმა ოკუპანტებმა მართლაც დაიწყეს დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლების საბოლოოდ მიწასთან გასწორება და მათ ადგილზე აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, მაშინ ეს უნდა შეფასდეს, როგორც აშკარა გენოციდი, რომელიც რეგიონში ქართული დასახლებების მიზანმიმართულ განადგურებას ისახავს მიზნად.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4262