პოზიციაცაა და ოპოზიციაც სამთავრობო ცვლილებებისთვის ემზადება
აქტიურად ლაპარაკობენ კოალიციურ მთავრობაზე და თუ თანამდებობები უმტკივნეულოდ განაწილდება, შესაძლოა, ახალი ხელისუფლება თავისი კოალიციური მთავრობით უკვე სახეზეც გვყავდეს: პრეზიდენტი - ბურჯანაძე, რომელსაც პრეზიდენტობის სულ ცოტა, სამთვიანი გამოცდილება აქვს, პრემიერი - ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც უკვე იყო პრემიერ-მინისტრი. რჩება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა, რომელიც ალბათ, მოლაპარაკების საგანი გახდება. ეს თანამდებობა, შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს ჩააბარონ, მაგრამ რამდენად შეეგუება კიწმარიშვილი კვლავ თამაშგარე დარჩენას, ეს უკვე ძნელი სათქმელია. ასევე გაურკვეველია, რა ამბიციები შეიძლება ჰქონდეს პაატა შევარდნაძეს.
პოლიტიკაში ყველაფერი დასაშვებია. მოკლედ, ვინ როდის და ვის ნავში აღმოჩნდება, წინასწარ არ ვიცით. ალბათ, ამიტომაც გაჩნდა მოლოდინი, რომ ერთ დროს ბურჯანაძესთან მკვეთრად დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიები სავსებით შესაძელბელია, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ერთ ნავში ვიხილოთ.
პოლიტიკურ კულუარებში უკვე კარგა ხანია, საუბრობენ ერთი მეტად საინტერესო გეგმის შესახებ, რომელიც ნინო ბურჯანაძისთვის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ძალაუფლების გადაცემის გეგმას ეხება და რომელსაც თურმე ამერიკული მხარეც მოწონებით ხვდება. ამბობენ, რომ ამ ცვლილებით აშკარად მოიგებს მიხეილ სააკაშვილიც, რადგან მისი პრეზიდენტობის დროინდელი საქმეების რევიზიას ნინო ბურჯანაძე ვერ დაიწყებს, რადგან თავადაც ამ სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო. საუბრობენ იმაზეც, რომ ბურჯანაძის ხელისუფლებაში მოყვანა არა ამერიკული, არამედ რუსული გეგმაა.
ახალი შესაძლო მმართველი ძალა, თუ მოახერხებს, კოალიციური მთავრობის შექმნასა და თანამდებობების ისე გადანაწილებას, რომ გავლენის სფეროები ყველა მათგანს ერგოს, შესაძლოა, ახალი ალიანსიც შედგეს. თუმცა ეს ყველაფერი რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ძნელი სათქმელია. ხელისუფლებაში მოსვლას არა უცნობი ძალა, არამედ, ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები გეგმავენ. ისინი დიდი ხანია, პოლიტიკის აქტიურ ნაწილს წარმოადგენენ. ზოგიერთ მათგანს ხელისუფლებაში ყოფნის შანსი თუ არა, საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება მაინც ჰქონია, თავის საარჩევნო პროგრამაზე უმუშავია, ქვეყნის მართვაზე უფიქრია და ასე თუ ისე, წარმოდგენა მაინც აქვს, რა არ მოსწონს ამ ქვეყანაში და რის შეცვლას აპირებს.
ამ ეტაპზე იკვეთება, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალთა შორის, ფაქტობრივად, ორ გაერთიანებას ეყრება საფუძველი, პირველი, ყოფილი ოფიციოზი (ბურჯანაძე, ნოღაიდელი, კიწმარიშვილი) და მისი ყოფილი ოპოზიცია (გაჩეჩილაძე, გამყრელიძე, უსუფაშვილი).
ლაპარაკობენ სოზარ სუბარის მომავალ პარტიაზეც, სადაც ვასილ მაღლაფერიძეს უეჭველად მოიაზრებენ და როგორც ამბობენ მომავალ ხელისუფლებას მისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტიც აქვს მომზადებული.
თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, ნაციონალები ხელისუფლებას ნებით რომ არ დათმობს, გულის სიღრმეში ყველამ კარგად იცის და სხვათა შორის, არც თავისუფლების ინსტიტუტი შეეგუება გავლენის სფეროების დაკარგვას.
და თუ მართლაც დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, კიდევ ერთხელ ვნახავთ, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი ამბიცია, სამოქმედო გეგმა და პროგრამა აქვს. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს საკუთარი პროგრამები არ შეუცვლიათ. სავარაუდოდ, ქვეყნის მშენებლობის სამოქმედო გეგმას არც მესამე არჩევნებისას შეცვლიან, ამიტომ შეგვიძლია, თამამად გადავხედოთ მათ საარჩევნო პროგრამებს და დაახლოებით მაინც მივხვდეთ, ახალი ხელისუფლება როგორ საქართველოს აგვიშენებს.
წინა არჩევნებზე ერთი ტენდენცია შეინიშნებოდა, საარჩევნო პროგრამებში განსაკუთრებულ ადგილს სარწმუნოება იკავებდა, ხოლო სხვა დანარჩენი სიკეთეები ამის შემდეგ მოდიოდა. პარტიების პროგრამებში მეორე მთავარი საკითხი ეკონომიკა იყო.
დღევანდელი მმართველი პარტია გამარჯვების შემთხვევაში, რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გეგმავდა, ახალი კურსი საპრეზიდენტო არჩევნებისას აიღო და დღესაც მას მიჰყვება. 50-დღიანი პროგრამა 50-თვიანით გაგრძელდა და ძირითადი აქცენტი სოციალურ კეთილდღეობაზე გადავიდა. ომის მიუხედავად ეს გეგმა არ შეცვლილა.
ძნელი სათქმელია, ნოღაიდელი რაიმე ახალს მოიფიქრებს, თუ კვლავ ბენდუქიძის გეგმით იხელმძღვანელებს, მაგრამ პირველ რიგში, საბანკო-საფინანსო სიტემას რომ მიხედავს, ეს აშკარაა. ექნება საკუთარი ბანკები და საკუთარი ბიზნესები.
”რესპუბლიკური პარტია” მუშაობის პირველსავე თვეში 30 საკანონმდებლო ინიციატივის შემოტანას გვპირდებოდა, რომელიც არსებულ მდგომარეობას ფუნდამენტურად შეცვლის. აქედან ერთ-ერთი მთავარია ეკონომიკური პროგრამა, რომელიც რიგითი ამომრჩევლისთვის უკეთ ცხოვრების, ბიზნესისთვის მეტი გასაქანის, ქვეყნისათვის კი განვითარების გარანტია უნდა გახდეს.
”გაერთიანებული ოპოზიციის” ”გზა არის გზა ევროპული კეთილდღეობისაკენ”, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე. ის შექმნის სტაბილურ გარემოს ეკონომიკის განვითარებისთვის, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. დაცული იქნება თითოეული ადამიანის საკუთრება და ყველა ოჯახს შეექმნება ეკონომიკური კეთილდღეობა. უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოსა და მეწარმის სამართლებრივი თანასწორობა. პოლიტიკური და ადმინისტრაციული წნეხისა და სახელმწიფოს ჩარევისგან გათავისუფლდება ბიზნესი. სახელმწიფოსთან დავებში აღდგება კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტი. 5 წლის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლდებიან სოფლის ტერიტორიაზე შექმნილი გადამამუშავებელი საწარმოები. ყველა სოფელს ექნება თავისი სკოლა, ეყოლება თავისი ექიმი. დაწესდება ჯილდო მთის შენარჩუნებისთვის, ვაზის გადარჩენის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან მოხდება დარგის სუბსიდირება. სკოლის პედაგოგების მინიმალური შემოსავალი გაიზრდება 350 ლარამდე.
ბიზნესის სახელმწიფო რეკეტისაგან გათავისუფლდება, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ხელფასები არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები, მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმით განისაზღვრება, ამოქმედდება დევნილთა სოციალური დაცვის სპეციალური პროგრამები და ა.შ. ეს ყველაფერი კი შეიძლება ითქვას, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საკმაოდ სერიოზული განაცხადია.
ეს გეგმები იმის მიხედვით შეჯერდება, ვინ ვისთან გაერთიანდება და ვისთან გამოძებნის საერთო ენას, თუმცა აგვისტოს ომისა და მსოფლიო საფინანსო კრიზისის ფონზე არავინ იცის, რა კონფიგურაცია დალაგდება ქართულ საჭადრაკო დაფაზე და ვინ იტვირთავს კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4358