რომელ ჩინოვნიკებზე აქვს ბადრი ბიწაძეს ვიდეო-კომპრომატები
აღნიშნული ინფორმაცია რეალობასთან რომ ახლოს იყოს, გამორიცხული არაა, რადგან ბოლო დღეებში ბიწაძის ბიზნეს- ობიექტებს ფინანსური მაკონტროლებლები და პროკურატურის თანამშრომლები ეწვივნენ. ცოტა ადრე კი ბიწაძის უწყებაში კონტროლის პალატა შევიდა და გაბერილი ხარჯების კანონიერების შესწავლა დაიწყო. “სტუმრები” ბოლო პერიოდის განმავლობაში თითქმის ყველა იმ ობიექტს ესტუმრნენ, რომელშიც არაოფიციალურად ბიწაძე ან მისი ოჯახის წევრები ფიგურირებენ. პროკურატურის სამიზნე, ერთ-ერთი ინფორმაციით, თითქმის ყველა ის სამონადირეო და სათევზაო მეურნეობა გახდა, რომელიც ბატონი ბიწაძის პატრონაჟის ქვეშაა... გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში თევზსაშენის ტერიტორიით პროკურატურა რამდენიმე დღეა დაინტერესდა, ასევე, _ კახეთის სხვა ტერიტორიებზე მდებარე მეურნეობებითაც.
პროკურატურაში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარისგან თავს იკავებენ. თუმცა, ბიწაძეებს მიწის ფართობებისადმი განსაკუთრებული სიყვარული აქვთ. ნადირობა კი პირდაპირ ბიწაძის სტიქიაა, თურმე საზღვრის შეფი პირდაპირ ვერტმფრენიდან ხოცავს ირმებს. ხელისუფლების “რევიზორების” ჩანაფიქრში ბიწაძის დაჭერა ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან “ნაციონალებში” საუბრობენ, ნინოს მაგის იმედი არც ჰქონდეს, ბიწაძეს დაჭერას პარტიის შექმნის მიზეზად და საპიაროდ არ გამოვაყენებინებთო. არადა, ბურჯანაძის ოჯახზე მასალები იმდენია, თავზე საყრელადო. ბიწაძემაც თადარიგის დაჭერა და ხელისუფლების ჩინოვნიკებზე მასალების შეგროვება დაიწყოო...
მართალია, ბადრი ბიწაძე მაღალჩინოსნების კონკრეტულ გვარ-სახელებს ჯერ-ჯერობით არ ასახელებს და აცხადებს, რომ საზღვარზე გასვლისას შესავსებ გრაფაში თანამდებობები მითითებული არ არის და თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია მომმართავს, ამ სიებს გადავცემო. სამაგიეროდ, “ლეიბორისტების” გენერალურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ ღიად განაცხადა, რომ აზერბაიჯანში, ზაქათალას სპორტულ კომპლექსში იმყოფებოდნენ დეპუტატი დავით დარჩიაშვილი, ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს დეპუტატი დავით დარჩიაშვილი, ხოლო მიხეილ მაჭავარიანმა და კახა ლომაიამ `ფაქტს" არ უპასუხეს.
თამარ მანჯავიძე
www.fact.ge
