მოგზაურობა კორუფციის ისტორიაში
როგორც არაბი ისტორიკოსები გადმოგვცემენ, ისკანს ხაზინდარის თამამდებობის დაკავებისთვის ათას ხუთასი ოქრო დასჭირდა. ეს თანხა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, არაბეთის სახალიფო ისე იყო კორუფციის ჭაობში ჩაფლული, რომ აბდულ ალ ისკანი ხაზინდარის თანამდებობით სულაც არ დაკმაყოფილდა და უკვე 10’000 ოქროდ ხალიფას პირველი მრჩევლის, ანუ ვაზირის სავარძელი იყიდა.
ასეთი უტიფარი აღზევების წინააღმდეგ არაერთმა არაბმა დიდგვაროვანმა გაილაშქრა, მაგრამ ცბიერმა პირველმა ვაზირმა ისინიც ოქროთი გააჩუმა და მოხდა ისე, რომ ხალიფას გარდაცვალების შემდეგ ისკანმა მისი ტახტი ჩაიგდო ხელში, ოღონდ ეს ყველაფერი 50’000 ოქროდ დაუჯდა. როგორც ისტორიკოსები იუწყებიან, ამ ფასად თავისუფლად შეიძლებოდა დიდი საღვთო ომის წამოწყება თითქმის ყველა ქრისტიანული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ქრთამის საშუალებით ტახტზე ასული ხალიფა ორი წლის განმავლობაში მართავდა არაბეთს და ასეთი ცბიერი მმართველი რომ ათმაგად ამოიღებდა დახარჯულ ქონებას, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.
კორუმპირებული იმპერატორი ვესპასიანე
ჯერ კიდევ არაბეთის სახალიფოს დაარსებამდე კორუფციას მთელ მსოფლიოში ჰქონდა ფესვები გადგმული. რომის იმპერიაში ყველა თამანდებობა, დაწყებული კონსულითა და დამთავრებული ლეგატით, მთლიანად ფულზე იყიდებოდა. ასევე დიდი განძის გაღება იყო საჭირო იმპერატორის მანტიაში გასახვევად.
სიმდიდრემ, განსაკუთრებული მნიშვნელობა იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობის ხანაში შეიძინა. თავად იმპერატორი იმდენად იყო მას დახარბებული, რომ მთელი იმპერიის ტერიტორიაზე საპირფარეშოებით უზრუნველყოფაზეც კი უზარმაზარი გადასახადები დააწესა.
იმპერატორის სურვილებს კარგად აუღეს ალღო შედარებით დაბალი რანგის მოხელეებმა. ტალანტებზე (იმ დროის ფულის ერთეული რომში) იყიდებოდა პრაქტიკულად ყველაფერი. წარმოიდგინეთ, უბრალო მოკვდავს ხანჯლის ტარების უფლება რომ მოეპოვებინა, ქრთამი უნდა მიეცა ადგილობრივი მოხელისთვის. ასევე ქრთამი იყო საჭირო ერთ სულზე მეტი პირუტყვის ყოლის უფლების მოსაპოვებლად. ერთი სიტყვით, კორუფცია სახელმწიფო პოლიტიკად იქცა და რაც ყველაზე საინტერესოა ეს ბუნებრივ და მისაღებ მოვლენად ითვლებოდა.
ინდულგენციებით ნაშოვნი მილიონები
რაკი რომი ვახსენეთ, როგორ შეიძლება რომის პაპებსაც არ შევეხოთ. შუა საუკუნეებში მათი დიდი ნაწილი ხომ ერთიანად გარყვნილებისა და კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული. ყოველი მათგანის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ მათ შორის პაპ ნიკოლოზ მეექვსეს გამოვარჩევთ.
მისი მმართველობის პერიოდში რომი და მისი სასახლე აღებ-მიცემობის მსოფლიო ცენტრად იქცა. იყიდებოდა ყველა თანამდებობა - უბრალო მღვდლისათი დაწყებული, კარდინალის ტიტულით დამთავრებული. მეფეები და მთავრები უკანონო ქორწინების უფლებას პაპისთვის მიცემული დიდი ძღვენის საშუალებით ახერხებდნენ. ბავარიის ჰერცოგს, პაპმა უზარმაზარი თანხის სანაცვლოდ საკუთარ დაზე დაქორწინების უფლებაც კი მისცა.
თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ნიკოლოზ მეექვსემ თავისი მმართველობის მეექვსე წელს გააკეთა - მან გამოსცა ინდულგენციები (ცოდვების მიტევების მოწმობები), ანუ თუკი ადამიანი პაპის სალაროში გარკვეულ თანხას შეიტანდა, მიეტევებოდა ნებისმიერი ცოდვა, მათ შორის საკუთარი დედ-მამის მკვლელობა, მამათმავლობა, ზოოფილობა და ა. შ.
ასევე არსებობდა ისეთი ინდულგენციებიც, რომლებიც ჯერ კიდევ არჩადენილ დანაშაულზე გაიცემოდა, ანუ, თკი ვინმე კაცის მოკვლას მოისურვებდა, მას წინასწარ უნდა ეყიდა ინდულგენცია და შემდეგ რამდენსაც მოისურვებდა იმდენი ვინმე დაეხოცა.
ამ გზით შემოსულმა თანხამ პირთამდე შეავსო რომის პაპის სალარო და შესაბამისად მთელი ევროპა საშინელმა უბედურებამ მოიცვა.
სუტენიორი გრაფი იაკობი
დიდი კორუმპირებული ვინმე იყო იორკშირელი გრაფი იაკობი. იგი გარეგნულად საშინლად მახინჯი და საზარელი კაცი იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, მთელ ინგლისში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დიდებულებისგან ცოლები ეყიდა. დიახ, ეს გონჯი იაკობი მთავრებს ფულს აძლევდა და სანაცვლოდ მათი ცოლები თავის სასახლეში მიჰყავდა. შემდეგ კი, როდესაც თავად მობეზრდებოდა ისინი, ევროპის სხვა ქვეყნების დიდებულებს მიყიდდა ხოლმე ბევრად უფრო სარფიანად. ხოლო თუ რომელიმე დიდებულს ძალიან მოენატრებოდა თავისი ცოლყოფილი, იაკობი ამ შემთხვევაშიც ფულს აკეთებდა - ყოფილი ცოლ-ქმრის რამდენიმე დღით შეხვედრის უფლებას უზარმაზარი თანხის სანაცვლოდ იძლეოდა.
ეს გახლდათ ერთგვარი სუტენიორული ბიზნესი. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ქალები მდაბიური წარმოშობის კი არა, ინგლისელი დიდგვაროვნების შთამომავლები იყვნენ. ამ გზით იაკობ იორკშირელმა აუწონავი სიმდიდრე დააგროვა, ინგლისელმა დიდებულებმა კი საშვილიშვილოდ შეირცხვინეს თავი.
გაიძვერა სულთანი ახმედი
ისტორიულ წყაროებს თუ დავეყრდნობით, თურქეთის ულთანი ახმედიც მთლიანად კორუმპირებული ყოფილა. ეს განსაკუთრებით თურქეთისა და ვენეციის მთავრებს შორის ურთიერთობაში გამოიხატებოდა. ახმედ სულთანს ყოველთვიურად ტყვედ აჰყავდა ვენეციელი ვაჭრები და მათ.
გასათავისუფლებლად ვენეციელ დიდებულებს დიდ თანხებს სთხოვდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ვენეციელებს ყელში ამოუვიდათ და გადაწყვიტეს საერთოდ გაეწყვიტათ თურქეთთან ყოველგვარი ურთიერთობა.
ფულის იოლად შოვნის გზის დაკარგვამ ძალიან დააფიქრა სულთანი, თუმცა არ დაბნეულა და ახალი გზა მალევე გამონახა. მან ვენეციელებს გაუგზავნა დესპანი, რომელმაც იტალიელები დაარწმუნა, რომ სულთანი პირობას დებს ვენეციელთა ყოველ სავაჭრო გემს თითო თურქული სამხედრო ხომალდი გაჰყვება და დაიცავსო. ვენეციელებიც ენდნენ მის სიტყვას და კვლავ განაახლეს ვაჭრობა.
თუმცა, როგორც გაირკვა, სულთანს ამჯერად მორიგი ხრიკი ჰქონდა ჩაფიქრებული - ზღვაში გასულ ვენეციელებს ახლა მეკობრეებად გადაცმული სულთნის ფლოტის მებრძოლები ძარცვავდნენ და ტყვეების გამოსასყიდი თანხის გადახდა ვენეციელებს ამჯერად უკვე ვითომდა მეკობრეებისთვის უწევდათ. ერთი სიტყვით სულთან ახმედის კორუფციულმა გეგმამ კიდევ ერთხელ გაამართლა, ვენეციელები კი მოტყუებულები დარჩნენ.
ხარბი ლევან დადიანი
დაბოლოს, საქართველოს ისტორიასაც გავიხსენებთ. ფულის სიყვარულის მხრივ სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი გამოირჩეოდა. იგი თავის ყმებს, ყოველწლიურად გურიის მთავარს ან იმერეთის მეფეს მიჰყიდდა ხოლმე და ამით კაი სიმდიდრესაც შოულობდა. ლევანი თურქეთთანაც ვაჭრობდა მონებით და სანაცვლოდ ქონებას იზრდიდა. ერთხელ კი მთლად სამარცხვინო საქმე ჩაიდინა და გურიის მთავარს თავისი ყმები, არც მეტი არც ნაკლები მწევარ ძაღლებში გაუცვალა. ის კი არადა, აქეთ დაუმატა ფული, თითქოსდა ძაღლი ადამიანზე ძვირად ფასობდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ლევან დადიანს ბევრი ქართველი სიტორიკოსი დღესაც კარგი მთავრის სახელით მოიხსენიებს.
