”მოვიდნენ ერთი და ვანახვებთ, როგორ უნდა ხალხზე გადავლა”!..
ვინ აკეთებდა ამას?
- კაციჭამია ზონდერები, რომლებიც ბლომად ჰყავთ ქართველი საზოგადოების დასაჩაგრად და დასათრგუნავად. ყველა ჩემმა პარტნიორმა, ყველა თანამებრძოლმა ამ ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც სააკაშვილი ჰქვია, ომის დღეებში მორატორიუმი გამოაცხადა. მე კი ერთ-ერთმა პირველმა ვთქვი, რაც ხდებოდა ქვეყანაში. 8 აგვისტოს დილით დამირეკა ერთ-ერთმა სააგენტომ და მომხდარის შეფასება მთხოვა. მაშინ ვთქვი, ეს ომი წმინდა წყლის ავანტიურაა, რომელიც კატასტროფით დამთავრდება-მეთქი.
როდესაც ოპოზიციამ გამოაცხადა მორატორიუმი, რატომ არ გაიზიარეთ მათი პოზიცია?
- როგორ შეიძლება დუმილი განსაცდელის ჟამს? სააკაშვილის გარემოცვაში არიან მონები, რომლებიც მონურად შესციცინებენ ამ გონდაკარგულ ადამიანს თვალებში. იმ ეპიზოდის მერე, რაც გორში მოხდა, რა უნდა ვთქვა სააკაშვილზე? ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად ჩამოსული კუშნერი მიატოვა გორში და სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს დასანახავად გაიქცა. ამის შემდეგ გამოდის დეპუტატი ასანიძე და აცხადებს, მეამაყება ასეთი ვაჟკაცი და მტკიცე ნებისყოფის პრეზიდენტი რომ გვყავსო. გამოდის ამის შემდეგ დეპუტატი ხერხეულიძე და ამბობს, ერთი გოჯი მიწა არ დაუთმია სააკაშვილს არავისთვისო. არ არის ეს საგიჟეთი?!
თქვენ სააკაშვილის მთავრობაში პოლიტიკური თანამდებობებიც გეკავათ...
- ის, რომ ორჯერ მომიწია მინისტრის პოსტზე ყოფნამ, ჩემი პოლიტიკური მიდრეკილებებითა და მიზნებით არ ყოფილა განპირობებული. ორივე შემთხვევითობა იყო. ეს გამოიწვია იმან, რომ კარგად ვიცნობ აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც. ბევრს ვიცნობ ისეთს, რომლებიც მენდობოდნენ. მათი ნდობა ომის დროსაც არ დამიკარგავს. ომის დროსაც შეიძლება ადამიანად დარჩე და ადამიანებს ეროვნების და რაღაც სხვა ნიშნით არ არჩევდე, ამას გრძნობდნენ და ამიტომაც ვიყავი მისაღები...
მეორედ ზურა ჟვანიას თხოვნამ გადამაწყვეტინა მინისტრის თანამდებობაზე თანხმობის მიცემა, - ახლა თუ არა, სხვა დროს როდისო... - მითხრა და დავთანხმდი. მერე კი ზურა მოკლეს და კაციჭამიებში მარტო დავრჩი. სანამ შემეძლო, ვიყავი, მერე კი გამომიშვეს.
ზურა მოკლესო, თქვით. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ირაკლი ოქრუაშვილს. ალბათ, ისაუბრებდით ამ თემაზე.
- მე და ირაკლი მთავრობაში არცთუ კეთილგანწყობილნი დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ მოგვიანებით, როცა შევხვდით, შარშან ზაფხულს, ამ თემაზე ვილაპარაკეთ. პირველივე ჩემი კითხვა ეს იყო, რადგან ამ მკვლელობის ვერც ერთი მონაწილე ვერ იქნება ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი. ადრეც ვიცოდი, რომ ამ საქმესთან ირაკლის კავშირი არ ჰქონია და ეს თვითონაც დამიდასტურა.
ჟვანიას მოცილების მიზეზი რა გახდა?
- ზურაბი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო. სააკაშვილმა იცოდა, რომ ზურას, რომელიც მასზე ბევრად ჭკვიანი და დალაგებული კაცი იყო, ვერ გადაახტებოდა. ზურა მისაღები იყო მთელი მსოფლიოსთვის, ყველამ იცოდა, რომ კაცი, რომელიც საქართველოს ნორმალურად გაუძღვებოდა და დემოკრატიულ სახელმწიფოს ააშენებდა, ზურაბ ჟვანია იყო. ეს აზრი უფრო განმტკიცდა სააკაშვილის ერთწლიანი ”მოღვაწეობის” შემდეგ, რომლის მოწმე მთელი ევროპა იყო. კაცმა ლაპარაკი არ იცის, მოქცევა და საერთოდ, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც აღარ იწვევს ეჭვს... საქართველოში კი მაინც უყვართ... საქართველოში დიდი ხანია კერპთაყვანისმცემლობამ მოიკიდა ფეხი და ეს გვღუპავს სწორედ.
როგორც ლევან გაჩეჩილაძემ მითხრა, თქვენ და ირაკლი ოქრუაშვილი ევროპაში ბევრ გავლენიან პირს ხვდებით.
- ყველაზე დიდ საქმეს ევროპაში ახლა სალომე ზურაბიშვილი აკეთებს. მის შესაძლებლობებს ჩემსა და ირაკლისას ვერ შევადარებ. მისი როლი გადამწყვეტი იყო საფრანგეთის აქტივობაში, თანადგომასა და საქართველოს პრობლემით დაინტერესებაში.
ირაკლი ოქრუაშვილს ხშირად ხვდებით?
- ხშირად, რადგან ერთ ქალაქში ვართ. ტელეფონით ყოველდღე ვსაუბრობთ. მიშა ქარელსაც ხშირად ვნახულობ. პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს საფრანგეთი. მე პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ. ჩემი თავშესაფარი საქართველო იყო და იქნება ყოველთვის. მხოლოდ დროებით გამოვერიდე, ბარბაროსებს ოჯახს ხომ არ შევაკლავდი? მალე დავბრუნდები. სხვათა შორის, აქაც დამდევენ.
ვინ?
- ვიღაც 4 ჯუჯა შემხვდა ქუჩაში რამდენიმე დღის წინ. შევხედე თუ არა, იმ წუთში ვიცანი, ვინც იყვნენ. აქაც არ მასვენებენ. ეგენი ხომ ვერ ძლებენ, რაიმე გოთვერნობა თუ არ გააკეთეს.
მანდ რას ამბობენ სააკაშვილზე?
- არაფერს. რა უნდა თქვან კაცზე, რომელიც მსოფლიოს დასანახავად ჰალსტუხსა და ”სალფეტკებს” ჭამს?! სააკაშვილს უხარია, მსოფლიომ გაიგო, რაც არის რუსეთიო. მსოფლიომ ძალიან კარგად იცის, ვინც არის რუსეთი. საქართველო ტყუილზე დგას. ტყუილი ისმის ”რუსთავი 2”-დან, ”იმედიდან”, რომელსაც თაღლითი ქეი და სააკაშვილი დაეპატრონენ და ხალხს აბრიყვებენ.
რამდენადაც ვიცი, ოპოზიცია გააქტიურებას გეგმავს...
- მარტო ოპოზიცია ვერაფერს გახდება. Oოპოზიცია წელიწად-ნახევარი აქტიურობდა, უამრავი საფრთხე და უბედურება შეხვდა ამის გამო. Oოპოზიციას შეუძლია შექმნილი ვითარება აჩვენოს ხალხს და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ასეთ ავადმყოფურ მდგომარეობაში აპირებს თუ არა დარჩენას. ჩვენ მძიმე ინფექციური დაავადება გვჭირს, რომელსაც სააკაშვილი და ”ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია. თუ მისგან არ განვიკურნეთ, დავიღუპებით. თუ საზოგადოება მზად არის ამ ჭირის მოსაშორებლად, დავინახავთ. სადაც ქართველი საზოგადოება იქნება, იქ ვიქნები 7 ნოემბერსაც და სხვა დროსაც.
ანუ 7 ნოემბერს საქართველოში იქნებით?
- აუცილებლად. სადაც ქართველი ხალხი წავა, მეც იქით წავალ.
ნოღაიდელის, ბურჯანაძისა და ეროსი კიწმარიშვილის ოპოზიციაში წასვლა რამდენად გააძლიერებს საპროტესტო მოძრაობას?
- სასაცილოა მათ ოპოზიციონერობაზე ლაპარაკი. სინამდვილეში, ეს თავის გადარჩენის მცდელობაა. ისინი მონაწილეები არიან ყველა იმ უბედურებისა, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა. კიწმარიშვილი ამ ყველაფერს საინფორმაციო უზრუნველყოფას უწევდა, ნოღაიდელი და ბურჯანაძე კი უშუალოდ მონაწილეობდნენ ყველაფერში, სააკაშვილის ბრძანებებს ასრულებდნენ. ამის უშუალო მოწმე ვარ. რა აქვს სალაპარაკო ბურჯანაძეს? იქნებ როგორმე აპატიოს ქართველმა ხალხმა ის, რაც ჩაიდინა სააკაშვილთან ერთად. პირადად მე არ ვაპატიებდი.
ასეთი რა დააშავა ბურჯანაძემ?
- ყველაფერი, რაც სააკაშვილმა დააშავა. ბურჯანაძე იყო მფარველი, ფარი და გამკეთილშობილებელი ამ პოლიტიკური გვამისა. ნოღაიდელი კი იმ ქვაბში იხარშებოდა, საიდანაც იძარცვებოდა და იყიდებოდა საქართველო. კიწმარიშვილი კი საერთოდ... რას წარმოადგენს, რომ ოპოზიციაში წავიდა? ვირთხები გარბიან გემიდან, რომელიც იძირება! ეს ჰქვია სინამდვილეში მათ საქციელს და ახლა ცდილობენ, სხვა ნავში გადახტნენ, მაგრამ იმ ნავში ვინმე ელოდებათ? თუ ელოდებათ, გადახტნენ. მე იმ ნავში არასოდეს ვიქნები, სადაც კიწმარიშვილი, ნოღაიდელი და ბურჯანაძე იქნებიან.
როგორი ნოემბერი გვექნება?
- ამაზე უარეს დღეში წარმოუდგენელია ვიყოთ. სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გარეშე წყდება ჩვენი ბედი. იმედი მაქვს, ამ კლინიკური მდგომარეობიდან გამოვალთ, თვალს გავახელთ და გავაცნობიერებთ, რომ ვიღუპებით. Pპოლიტიკურ გუნდებზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. ან ეს განგრენა ერთიანად დაგვაწყლულებს და დაგვღუპავს, ან ვიბრძოლებთ და გადავრჩებით. სხვა პერსპექტივა აღარ გვაქვს.
ქვეყნის ხელისუფლებაში ბიჭბუჭები და ავაზაკები არიან, რომელთაც ფორმები ჩაიცვეს, გენერლის ჩინები მიიღეს და ჯიპებს მოახტნენ. ერთი გენახათ, იმ ჯიპების კოლონა როგორ გამორბოდა ომიდან, ბიჭები კი მიატოვეს. 11 ათასი მანქანა გადავიდა ომის დღეებში აზერბაიჯანის საზღვარზე. ერთი გენახათ, როგორ ყრიდნენ ფულებს...
მაგათ რომ ქვეყანა და ხალხი უყვარდეთ, დიდი ხნის წასული იქნებოდნენ. ნებით არსად წავლენ. სროლას ატეხენ? აბა, ერთი ატეხონ და მერე ვნახოთ... კარგ პასუხსაც მიიღებენ.
შარშანდელი ხელკეტები არ გახსოვთ?
- მოვიდნენ ერთი და ვანახვებთ, როგორ უნდა ხალხზე გადავლა.
