საქართველოს ხელისუფლების ყოფნა-არყოფნა ვაშინგტონსა და მოსკოვში არ უნდა წყდებოდეს
დასავლეთის შეცვლილი განწყობა
ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დიდხანს ვეღარ გაძლებს და ქვეყნის მართვის სადავეებს დათმობს. აქცენტები კეთდება დასავლეთის პოზიციაზე. პოლიტიკურ და პოლიტოლოგიურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ გადამწყვეტი, შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებული დასკვნა გახდეს. მიუხედავად იმისა, თუკი გამოძიება აჩვენებს, რომ ომი მართლაც რუსეთმა დაიწყო, ასეთ შემთხვევაში სააკაშვილის ხელისუფლებას პასუხის შეიძლება იმის გამო მოსთხოვონ, რომ ის მოსკოვის ხაფანგში იოლად გაეხვა და ცეცხლი გახსნა. ერთი სიტყვით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა განწყობა ექნება დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
- ”გამოსაძიებელი ბევრი არაფერია. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დადებულ დოკუმენტებში ცალსახაა შეხედულება, რომ რუსეთმა, რა თქმა უნდა, დააგო ხაფანგი, მაგრამ ცეცხლი გახსნა ქართულმა მხარემ. ყველა საერთაშორისო და მათ შორის ამერიკულ კომენტარებშიც სწორედ ასეთი განწყობაა შექმნილი. ეს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება ჩვენთან მიმართებაში, თუ პირიქით, კიდევ უფრო გაიოლდება, ეს ცალკე საკითხია, თუმცა, არა მგონია, რომ ამან რაიმე შეცვალოს. ფაქტია, რომ დასავლეთის მხრიდან დამოკიდებულება იცვლება, განსაკუთრებით ევროპა უფრო და უფრო ცივდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ცუდია, რადგან ამ შემთხვევაში მეტი მხარდაჭერა ექნება საკუთრივ ქვეყანას და არა მის ხელისუფლებას”, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
შესაძლოა, ბევრი რამ მას შემდეგ გამოიკვეთოს, რაც ამერიკას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ერთია, რას ამბობდნენ წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატები და სხვა საკითხია, რა იქნება გამარჯვებულის მთავარი პრიორიტეტი თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ.
- ”ცხადია, ამერიკის ახალი პრეზიდენტის უპირველესი მიზანი არ იქნება სააკაშვილის ხელისუფლების ბედზე ფიქრი. მისთვის ბევრად უფრო პრიორიტეტული იქნება, მოახერხოს არჩევიდან 10 დღეში მკაფიო მესიჯის გაგზავნა ბრიუსელისთვის. ევროპა 15 ნოემბრამდე ინფორმირებული უნდა იყოს, თუ რა ტიპის კონტრზომების მიღება ძალუძლს ახალ ადმინისტრაციის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ასე რომ, უახლოეს ხანებში დასავლეთის მთავარი საზრუნავი სწორედ რუსეთზე გავლენის მოხდენა იქნება, ამისთვის ერთ-ერთი ბერკეტი ბარელი ნავთობის ფასის კონტროლია”, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
სად უნდა წყდებოდეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა
ასეა თუ ისე, დღეს სააკაშვილის ხელისუფლებას დასავლეთი მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ეს დამოკიდებულება რამდენ ხანს გაგრძელდება, რთული სათქმელია. უკვე მინიშნებები კეთდება იმაზე, რომ ევროპელი თუ ამერიკელი მეგობრების მხრიდან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სააკაშვილის შემცვლელის ძიება მიმდინარეობს.
თუმცა, ქართველი ექსპერტები ღიად მიანიშნებენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ხელშეუხებელია და ვინ იქნება ქვეყნის სათავეში ამას ქართველი ხალხი წყვეტს და არა დასავლელი მეგობრები ან ჩრდილოელი მტრები.
სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: ”ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლების სათავეში ეს არც ვაშინგტონის და არც მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დროს განსაზღვრავენ თბილისშივე, თუნდაც ავლაბრის რეზიდენციაში. სააკაშვილის ეყოლება საკმარისი მრჩევლები იმისათვის, რომ მისი მხრიდან მშვიდობიან ფარგლებში მოხდეს ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარება, მაშინ როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო გარემო იარსებებს. თუ დღევანდელი ხელისუფლება ამ გარემოს შექმნის შეფერხების მიზეზი იქნება, მაშინ ალბათ, საერთაშორისო საზოგადოება ბევრად უფრო ტოლერანტული იქნება ნებისმიერი წესით ხელისუფლების შეცვლის მიმართ, ვიდრე შეიძლებოდა ეს ყოფილიყო საომარი მოქმედების დაწყებამდე”.
გია ხუხაშვილი, ექსპერტი: ”ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა წყდებოდეს საქართველოში, თანაც არჩევნების გზით. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, მას შეუძლია თავისი დასკვნები გააკეთოს, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ საქართველოში უნდა გადაწყდეს”.
საგულისხმოა, რომ აგვისტოს მოვლენების გამო ოპოზიცია ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს, თუმცა სააკაშვილის წასვლის მოწოდება ნაკლებად ისმის. ეს მაშინ, როცა აქამდე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს მხოლოდ მიზეზი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინათ. დღეს კი ასეთ განცხადებები თითქმის არ ისმის. რატომ არ იყენებს ოპოზიცია ამ შანსს?
- ”შესაძლოა, საგარეო საფრთხის სინდრომი მოქმედებს. თანაც თავად ოპოზიციის პრობლემაც არის. თავადაც არ არის ბოლომდე იმდენად ძლიერი, რომ თავისი მოსაზრებები მკაფიოდ ჩამოაყალიბოს და პრინციპულად დაიცვას. ამასთან საგარეო საფრთხის ინერცია იმდენად მაღალია, რომ ყველა ერიდება ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებით დაწოლას და შიდა რყევების დაწყების პროვოცირებას. ამას ორი მიზეზი აქვს: ობიექტური და სუბიექტური. ობიექტური მიზეზი გახლავთ ის, რომ შიდა სისუსტეებით შეიძლება მტერმა ისარგებლოს. მეორე შემთხვევაში კი, ოპოზიციას შესაძლოა არ სურს, რომ მტრის აგენტის იარლიყი მიეწებოს, მით უფრო რომ ხელისუფლებას ასეთი დაბრალება ეხერხება. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთი მხრივ, ოპოზიციის კომპლექსი და მეორე სახელმწიფოებრივი სიფრთხილე”, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
განწირულნი
საგულისხმოა ისიც, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა ოპოზიციისთვის სულაც არ იქნება მომგებიანი. შესაძლოა, ოპოზიცია კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს, თუკი ”ნაციონალები” პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოეცლებიან და ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა. საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდებათ, რომლისთვისაც თავის გართმევა მცირე დროში სრულიად შეუძლებელი იქნება. ხალხი კი პასუხს ახალ ხელისუფლებას მოსთხოვს.
სოსო ცისკარიშვილი: ”დღეს ხელისუფალთა მდგომარეობა ისეთია, რომ შეიძლება ძალაუფლების სხვა პოლიტიკური პარტიბისთვის შეჩეჩებით უარეს მდგომარეობაში ჩავვარდეთ. გარემო იმდენად არადემოკრატიულია და სისტემა ტოტალიტარულია, რომ მხოლოდ ამ კვანძის გახსნას შეეწირება მომავალი და შესაძლოა, არა მხოლოდ ერთი ხელისუფლება. ძალიან რთულია, წაგებული ომის შემდეგ მოვიდეს ვინმე ხელისუფლებაში და იყოს წარმატებული. თუკი ახალი ხელისუფლება ქვეყნისთვის დაშვრება, მისი მოღვაწეობის მაქსიმალური დრო მხოლოდ ერთი ვადა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე პერიოდში მოუწევს ქვეყნის მართვა და წინამორბედი ხელისუფლების მიერ დატოვებული ტვირთის საკუთარ მხრებზე აღება. ამ ტვირთს კიდევ უფრო დაამძიმებს არაპოპულარულ ნაბიჯთა აუცილებლობა”.
- ”დღეს ისეთ მძიმე ვითარებაში ჩავვარდით, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეიძლება უფრო სწორი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ვერ შეძლებს იმ ზეამოცანების გადაწყვეტას, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის რეალიზება”.
- ”განვითარებულმა მოვლენებამ იმდენად უკან გადაგვისროლა, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ამ საკითხების გადაჭრა მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. აქედან გამომდინარე ეს იქნება ძალიან მძიმე ტვირთი ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანისთვის. საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა მასზე გადადის. ამიტომ შემდგომმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ის გაიწირება, თუმცა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ალბათ, ამ ნაბიჯს გადადგამენ და იმედი მაქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი ადამიანები გამოჩნდებიან”, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ თუკი სააკაშვილის ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და დროულად დაიწყებს საჭირო რეფორმებს და ახალი ხელისუფლების მოსვლისთვის ნიადაგს მოამზადებს, ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ყველაფერი უმტკივნეულოდ დასრულდება.
ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების გარკვეული ნაწილი შემდგომ ხელისუფლებებშიც კი აღმოჩნდეს, რადგან დემოკრატიული გარემო მონანიებულ პოლიტიკოსებს ასპარეზზე დაბრუნების საშუალებას აძლევს.
- ”სასურველია, რომ ნაახალწლევს უკვე იყოს იმის მაგალითები, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ქვეყნის დატოვებას და აქედან გაქცევას კი არ აპირებს, არამედ ზრუნავს იმაზე, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ჰქონდეს. პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან და ასე ამთავრებენ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას, საცოდავნი არიან, არშემდგარი მოლოდინითა და გაიდიალებული წარსულით ცხოვრობენ. იმედია, ჩვენი ხელისუფლება გაიაზრებს ამას და სიტუაციის დალაგებას მოახერხებს”, - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4431