სოზარ სუბარი: 7 ნოემბერს მეც მივალ და პროტესტს გამოვხატავ
თქვენს მანიფესტში არის დანახული კავშირი აგვისტოს მოვლენების მიზეზებს, შედეგებსა და ადამიანის უფლებათა დაცვას შორის.
- ის, რომ 5 წლის განმავლობაში გვამზადებდნენ და ვემზადებოდით ომისათვის, სწორედ ეს არის პირდაპირი კავშირი. თავდაცვის სამინისტრომ შექმნა არხი ”საქართველო”, სადაც აჩვენებდნენ ჰიტლერის ციტატებს, - ლოცვითა და ერთა ლიგის იმედით დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ, ეს მხოლოდ იარაღით არის შესაძლებელიო. ამით საზოგადოებას ომისთვის ამზადებდნენ. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ომისათვის მზადებას შორის პირდაპირი კავშირია.
დღეს ამბობენ, რომ მალე პარლამენტში შევა კანონი, რომელიც საკუთრების უფლებას უფრო დაიცავს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ როგორ დაიცავს გაუმჯობესებული კანონი მოქალაქეს, რომელსაც ღამის 3 საათზე იბარებენ პროკურატურაში და ეუბნებიან, შენ ახლა დაწერ, რომ მთელ ქონებას ჩუქნი სახელმწიფოსო. სამშობლო ინგლისელებსაც უყვართ, გერმანელებსაც, ფრანგებსაც, ამერიკელებსაც და ჩინელებსაც, რაღა საქართველოში მოუნდა ერთბაშად რამდენიმე ათას კაცს სახელმწიფოსთვის საჩუქრების გაკეთება და შვილების მშიერი დატოვება. ასეთი რამ არსად ხდება.
ასეთი ფაქტები დღესაც არის?
- უკანონობა დღესაც გრძელდება. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ასეთი განცხადება, მიწის ჩუქების ფაქტს ეხება. მიწის ნაკვეთი ერთ ისეთ რეგიონშია, სადაც მიწას დიდი ფასი აქვს. ასევე მივიღე განცხადება ერთ პირზე, რომელზეც ამბობენ, რომ ქურდულ სამყაროსთან არის დაკავშირებული. ის რუსეთის მოქალაქეა, საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა, არც რაიმე დანაშაული უდასტურდება აქ, მაგრამ დედამისს, რადგან შვილი რუსეთში ქურდული სამყაროს წევრია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით სახლს ართმევენ(!).
ქვეყანაში ერთი კაცი და ერთი გუნდი იღებენ გადაწყვეტილებებს, კანონი კი არ კანონობს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
მინდა წერილი გავგზავნო ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე და კონკრეტულ სფეროებზე გაწერილი დახმარება ვთხოვო. მაგალითად, მედია ძალზე მძიმე მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება. ეკონომიკური კრიზისი გაზეთებზეც აისახა. ასეთ დროს შეღავათები აუცილებელია, რადგან პრესა არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი. სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა და მას დახმარება სჭირდება.
მედიის თავისუფლების შეზღუდვის გარდა, სხვა რა კავშირს ხედავთ აგვისტოს მოვლენებთან?
- მედია კი არა, მთავარი პრობლემა ქვეყანაში მართვის სტილია, ის, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. როდესაც პრეზიდენტი გვეუბნება, რთველის გენერალი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილიაო, როდესაც ამბობს, ყვარლის ერთ ნაწილში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჩაატარებს რთველსო, როდესაც მთავრობის სხდომაზე გვეუბნება, მშენებლობა ევალება შს მინისტრ ვანო მერაბიშვილსო და იქვე ზის პრემიერ-მინისტრი და ხმას არ იღებს;
როდესაც სიღნაღის აღმშენებლობისთვის გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს უხდის მადლობას, - სწორედ ეს არის მართვის ის სტილი, რომელმაც ქვეყანა კრახამდე მიიყვანა. დემოკრატია იმიტომაა მართვის ყველაზე წარმატებული ფორმა, რომ გაწერილია პასუხისმგებლობები, ვინ რაზე აგებს პასუხს, ვინ რას აკეთებს.
ეს ახლა არ დაწყებულა. 2004 წელს, როდესაც აეროპორტის ტრასა კეთდებოდა, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გზების მშენებლობის დეპარტამენტი კი არ ხელმძღვანელობდნენ საქმეს, არამედ გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც დაჰპირდა ყველას - მუშას თუ ხელმძღვანელს - დაგიჭერთ, თუ ამდენ ხანში არ ჩამაბარებთ ასეთი და ასეთი ხარისხის ტრასასო.
ყველაფერი ეს აბსურდის თეატრს უახლოვდება, რომელიც გარდაუვალად იწვევს კრიზისს, ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა გაკონტროლება საზოგადოებას არ შეუძლია. შვედეთში ომბუდსმენმა რომ თქვას, ნიღბიანი პირები დადიან, სცემენ პოლიტიკურ ოპონენტებს და პოლიცია ამას არ იძიებსო, ქვეყანაში იმ დღესვე რევოლუცია მოხდება, იმ დღესვე გადააყენებენ ხელისუფლებას.
საზოგადოება 7 ნოემბერს აღნიშნავს, რადგან ამ დღეს არნახული ძალადობა გამოიჩინა ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტონ ძალადობა, იქნება აბსოლუტურად კანონიერი პროტესტი, ოღონდ კანონის ფარგლებში.
მეც მივალ და გამოვხატავ პროტესტს ძალადობისა და უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც სუფევს ქვეყანაში და რომლის მწვერვალიც იყო 7 ნოემბერი. მაგრამ პროტესტი არ უნდა გადაიზარდოს სხვა ტიპის ექსცესსა და სხვა ტიპის ძალადობაში. ეს შეიძლება იყოს პროტესტის ერთი დღე და ყველაფერი ამით უნდა დამთავრდეს. რევოლუციები უნდა დავივიწყოთ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4439