ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთის მალულად გეგმებს აწყობენ
- “საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია რეალური დემოკრატიული პროცესების დაწყების არც პოლიტიკური და არც მორალური რესურსი. ასეთ ვითარებაში ქართველი საზოგადოების სასიცოცხლო მიზნად თავისთავად იქცევა ხელისუფლების შეცვლა. სწორედ ამ მიზნის ზღვარზე გადის საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოსა და ჩვენი, როგორც თვითმყოფადი ერის ყოფნა-არყოფნის საბედისწერო პრობლემა”, - აცხადებენ “ქართული აკადემიის” წევრები.
მათი თქმით, 7 ნოემბრის ტრაგიზმის ან ტრაგედიის შემოქმედ ხელისუფლებას, სწორედ 7 ნოემბერს უნდა უთხრას დამარცხებულმა და შეურაცხყოფილმა საზოგადოებამ სიმართლე და უჩვენოს ის გზა, “რომელიც ამ ათასი უბედურების მომტან პოლიტიკურ ძალას მშვიდობიანად ჩამოაცილებს პოლიტიკურ ასპარეზს”.
შეუერთდება თუ არა ნინო ბურჯანაძე გაერთიანებულ ოპოზიციას 7 ნოემბერს, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის ექსსპიკერს ერთი სული აქვს, როდის მოირგებს “ჭეშმარიტი ოპოზიციონერის” მოსასხამს, მაგრამ მისი წარსული არც ხალხს დავიწყებია და არც სააკაშვილს.
- “მიიღებს თუ არა ქალბატონი ნინო მონაწილეობას ნოემბრისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციებში, ჯერ კიდევ განხილვის საგანია”, - აცხადებენ ნინო ბურჯანაძის “ფონდი დემოკრატიული განვითარებისათვის” პრესცენტრში.
როგორც ცნობილია, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან ერთად აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ამასობაში შიდაოპოზიციური გადაჯგუფებებიც გააქტიურდა. ყოფილმა ლეიბორისტებმა, კონსერვატორებმა და პარტია თავისუფლების თელავის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც საკუთარი პარტიები სხვადასხვა დროს დატოვეს, “ახალ მემარჯვენეებში” მოიყარეს თავი.
ისინი თელავში, ”ახალი მემარჯვენეების” ადგილობრივი ოფისის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე სამომავლო გეგმები, კერძოდ, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის მზადების თემა იყო განხილული.
- “ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ინფორმაცია მოვაწოდოთ თელავის რაიონის მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების თაობაზე. ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი 7 ნოემბრის აქციისთვის მზადებაა”, - განაცხადა ყოფილმა ლეიბორისტმა და აწ უკვე თელაველმა მემარჯვენემ, ნიკა ვარდოშვილმა.
სანამ ოპოზიციის ნაწილი გადაწყვეტილებებს იღებს, ხოლო მეორე ნაწილი აქციის დაგეგმვით არის დაკავებული, ხელისუფლება ანტიმიტინგური მეთოდების შემუშავებას ცდილობს.
სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილმა კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებს დაავალა, 7 ნოემბერს მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვის მიზნით კახეთიდან თბილისის მიმართულებით სამგზავრო ავტობუსების მძღოლებს მუშაობა აუკრძალონ.
კახეთი-თბილისის სამგზავრო მარშრუტის შეწყვეტის მიზეზად მინისტრმა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე რეგიონებიდან ხალხის შესაძლო ჩასვლა დაასახელა.
აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მუნიციპალიტეტის გამგებლებმა ეს დავალება დავით ტყეშელაშვილისგან 21 ოქტომბერს, სიღნაღში გამართული შეხვედრის დროს მიიღეს.
შეხვედრას კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც ესწრებოდა. ღვინიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან და სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4467