ოქრუაშვილის პარტიული ოფისი ბრძოლის ველად გადაიქცა
ჩხუბი ღამით დაიწყო და დილას გაგრძელდა... შუადღით ოფისთან მისულს კი, უზარმაზარი რკინის კარი დაკეტილი დამხვდა. შენობაში შეღწევა შეუძლებელი იყო. ”შესვლაზე არც იოცნებო, კარს არავინ გაგიღებს”, - მითხრეს კართან შეკრებილმა ქალბატონებმა. ისინი გორის რაიონის მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ.
ქეთი ლიჩელი, ტყვიავიდან: ”დაიმახსოვრეთ ჩემი სახელი და გვარი. თუ მომკლეს ან დამიჭირეს, იცოდეთ, რომ ამ მთავრობამ შური იძია. ყველაფერს ვიტყვი, გუშინ ღამით, ბავშვთან ერთად, ოთახიდან გამომაგდეს. ამ მათხოვრებმა ტანსაცმელი წამართვეს და რაც გაგვაჩნდა, ისიც კი დაგვილეწეს. 26-შიც იყვნენ მოსულები, 5 კაცი, ოთახებში შესვლა უნდოდათ, მაგრამ ლტოლვილები ვიყავით, ძირითადად - ქალები და რას იზამდნენ? ჩვენზე ხელი არ აწიეს და წავიდნენ. ახლა კი, ქალები მოგვიქსიეს. ღამით ქალები და კაცები ერთიანად გვირტყამდნენ და ოთახებიდან გვყრიდნენ. ეს გოგონები ფანჯრებიდან გადმოყარეს”.
კიბის მოაჯირზე მსხდომი გოგონებიდან, ყველაზე აქტიური მარიამ ჩიხლაძე იყო, ისიც ტყვიავიდან. მისი თქმით, სახლი დამწვარი აქვს და ღამის გასათევი არსად ეგულება. ”სიმართლე გითხრათ, ამათ ამბიცია ამოძრავებდათ. სპეციალურად გააკეთეს ყველაფერი. მოგზავნილები არიან. დევნილმა დევნილი ოთახიდან გამომაგდო. ყველაფერი დამიმტვრიეს. ერთ ღამეს მაინც გავათევ-მეთქი და ”დაახვიეო”, მითხრეს. ეგ სამართალია?!
ამოდიოდნენ იმ სამ ცარიელ ოთახში პარტიის წევრები და მუშაობდნენ. სახელმწიფო არ გვაქცევდა ყურადღებას და ამ პარტიამ რამდენჯერ მოგვიტანა საჭმელი. არც არაფერი უთქვამთ, როცა კარი გავტეხეთ და შენობაში შემოვედით. დიდი პატივი გვცეს”, - განაცხადა ”ვერსიასთან” საუბრისას მარიამ ჩიხლაძემ. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, ტყვიავიდან დევნილი ადამიანებისთვის რა დიდი მნიშვნელობა აქვს მათ გვერდით, დაკეტილ ოთახებში, პერიოდულად, პარტიის წევრები მოვლენ და იმუშავებენ, თუ მათსავით იძულებით გადაადგილებულები იცხოვრებენ? ”თუ მაინცდამაინც ამ ოთახებში ვინმე უნდა შესულიყო, ჩვენ გადავნაწილდებოდით და ასე, ვიწროდ არ ვიცხოვრებდით”, - მიპასუხა ტყვიაველმა ჩიხლაძემ.
ის, რასაც გორის რაიონის დევნილები ”შენობაში შეჭრას” უწოდებენ, მოძრაობა ”ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის ეკა ბესელიას ტერმინოლოგიით ”პარტიისგან კეთილი ნების გამოვლინებაა”. ეკა ბესელიას თქმით, გორის რაიონის დევნილები პარტიის წევრებმა შენობაში თავად შეუშვეს. ერთი სართული დაუთმეს, დანარჩენ ორ სართულზე განლაგებულ ოთახებში კი, პერიოდულად, თავად მუშაობდნენ მანამ, სანამ ”ლიახვის მაჟორიტარი ბადრი ბასიშვილი 50-მდე კაცს ოფისის შენობაში შეუძღვა” და პარტიის წევრები გარეთ არ გამოყარა.
ეკა ბესელია: ”ბასიშვილი სისხლის სამართლის დამნაშავე და კრიმინალია. ის შემოუძღვა ხალხს და დევნილებს უსწორდებოდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უწიგნური და უცოდინარია. უბედურებაა, ასეთი დეპუტატები რომ გვყავს, მაგრამ ამ პარლამენტს ეს, ალბათ, ძალიან კარგად ესადაგება. ფაქტი კი ისაა, რომ ის გუშინ, 50 თანამოაზრეს კერძო საკუთრებაში შემოუძღვა”.
ეს ”თანამოაზრეები” ლიახვის ხეობიდან დევნილი ადამიანები არიან!
- დევნილები მათ ფარად აიფარეს თორემ, ძირითადად, ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები, საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ. ასე თუ შესტკივა გული, დევნილები ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში რატომ არ მიჰყავს? დიდი ოფისები ჩაიგდეს ხელთ. გეუბნებით, დეპუტატი ოპერაციას ხელმძღვანელობდა, ქალები და ბავშვები ფანჯრებიდან გადმოყარეს. ჟურნალისტებს სცემეს. რა უფლება აქვთ, კერძო საკუთრებაში რომ შედიან?
კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება არც 2 თვის წინ გორის რაიონიდან დევნილებს ჰქონდათ. როცა მათ შენობის კარი გატეხეს, პროტესტი იმიტომ არ გამოთქვით, რომ ტყვიაველები იყვნენ?
- ჩვენ მათ ნებაყოფლობით დავუთმეთ შენობის გარკვეული ნაწილი. ახლა კი, გამოგვყარეს და ჩვენ ვიქეცით დევნილებად. რა შუაშია ლიახვი და ტყვიავი? ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ეს კერძო საკუთრებაა და გვინდა, შემოვუშვებთ აქ დევნილებს და გვინდა - არა. მაგრამ აქ დევნილები არაფერ შუაშია. ისინი ფარად აიფარეს, გამოიყენეს, ეს ყველაფერი სააკაშვილი-მერაბიშვილის შურისძიებაა!”
შენობაში მყოფ ადამიანებთან რამდენიმე წუთის განმავლობაში საუბრის შემდეგ, შენობაში შესვლა შევძელით. კარი გაგვიღეს და ოთახები დაგვათვალიერებინეს. სიმართლე გითხრათ, მათში ”ნაციონალების” აქტივისტები, პოლიციელები და მითუმეტეს, საკრებულოს წევრები ვერ ამოვიცანი. შენობაში საკმაოდ ციოდა, ავეჯიც საკმარისი არ იყო, მაგრამ... ეს პირობები გასაძლისია, იმისგან განსხვავებით, სადაც აქამდე ვიყავითო.
ლიახვის ხეობიდან დევნილი ეს 25-მდე ოჯახი, აქამდე, ცხვარიჭამიაში იყო. აგვიცივდა, ვეღარ გავძელით და წამოვედითო - გამოუტყდნენ ”ვერსიას”. კერძო საკუთრებაში რომ შევიდნენ, კარგად აქვთ გააზრებული. სამაგიეროდ, ვერ გაუგიათ, რატომ არის ის კარი ღია გორის რაიონის დევნილებისთვის, რომელსაც მათ ცხვირწინ უხურავენ. რატომ ეთვლებათ მათ შენობაში შესვლა ”კერძო საკუთრების შელახვად”, სხვა დევნილებს კი - არა.
ნანა გოგიძე თამარაშენიდან: ”ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ტყვიაველები და დიცელები ამ შენობაში არიან. მათ თავის სოფლებში სახლები აქვთ. წესით, უნდა დაბრუნდნენ იქ. ჩვენ კი არაფერი გვაბადია. ნაცრადაა ქცეული ჩვენი სახლები. ვერავინ გაიგებს, რა გადავიტანეთ. გავიგეთ, რომ ამ შენობაში დევნილები იყვნენ და ცარიელი ოთახები იყო. გადავწყვიტეთ და მოვედით.
ჩვენი ინიციატივით მაჟორიტარს მაშინ დავურეკეთ, როცა სიტუაცია დაიძაბა. ვერ გეტყვით, რა სიტყვებით გვლანძღეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს. იმ სიწმინდეებს გეფიცებით, რომელიც დამიწვეს, ნანგრევებიც კი რომ მეგულებოდეს ჩემი სახლის ადგილას, წავიდოდი, გადავაფარებდი რამეს და იქ ვიცხოვრებდი. ასე მოიქცეოდა ლიახვის ხეობის ყველა მკვიდრი. ჩვენ ხომ, 18 წელი იქ ტყვიების ზუზუნში, შიშში ვიცხოვრეთ, მაგრამ არ დაგვიწუწუნია და სახლები, ბოლო წუთამდე, ჰაერიდან დაბომბვის დაწყებამდე, არ დაგვიტოვებია. თუკი ამ შენობაში დევნილები ისედაც იყვნენ, რა შავდება, კოტეჯების აშენებამდე ჩვენც რომ იქ ვიყოთ?»
ლიახვის ხეობის მკვიდრი შოთა კობერიძე კი ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ, გორის რაიონის დევნილებს მართლაც სთხოვეს - ცარიელ ოთახებში შევალთო, მაგრამ ცივი უარი მიიღეს. ”ამიტომ, გადავწყვიტეთ, დროებით აქ შემოვსულიყავით. მოხუცებიც გვყავს, ბავშვებიც... რუსის ჯარის გასვლა ყველას გაგვიხარდა, ამათ ადგილას, ჩვენ უკვე სახლებში ვიქნებოდით. იმედია, ლიახვის ხეობის ყველა დევნილი მალე დაუბრუნდება თავის სახლს”.
ცოტა გავოცდი, როცა საუბრისას შევამჩნიე, რომ ტყვიაველი ჩიხლაძე შენობაში, მეორე სართულზე იჯდა. გაირკვა, რომ გორის რაიონიდან დევნილების რამდენიმე ოჯახი შენობაში ისევ რჩება. ”ეს ქალბატონი მერეთიდან არის, მაგრამ... გარეთ როგორ გავაგდებდით, 4 შვილი ჰყავს”, - მითხრეს ლიახველებმა.
ჯერ უცნობია, როდის მოხერხდება ლიახვის ხეობიდან დევნილების შინ დაბრუნება, მაგრამ ცნობილია, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება 6 000 კოტეჯის მშენებლობა. ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის, ბადრი ბასიშვილის მტკიცებით, ოქრუაშვილის პარტიის ოფისში შეჭრილი დევნილები შენობაში, დაახლოებით, 2 კვირით დარჩებიან, რადგან მათ წასასვლელი არსად აქვთ:
- ლიახვის ხეობიდან 16 ათასი დევნილი გვყავს. მათი დაბრუნება ჯერ ვერ ხერხდება _ ხეობა მიწასთანაა გასწორებული. გაიგეს, რომ შენობაში გორის რაიონის დევნილები იყვნენ და ცარიელი ოთახები იყო. სთხოვეს, ჩვენც შემოვალთო, მაგრამ უარი მიიღეს. მამასახლისმა, რომელიც ჯერ ლიახველად ასაღებდა თავს და მერე ტყვიაველი, ოქრუაშვილის ნათესავი აღმოჩნდა, ვინმე კერაშვილი, დაუმალა, რომ ცარიელი ოთახები ჰქონდათ. მერე გაირკვა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. სხვათა შორის, ეს ხალხი მერიის თანამშრომლებსაც ატყუებდა, ლიახვის ხეობიდან ვართ და საბუთები არ გვაქვს, ყველაფერი დაგვეწვაო. კარგია, რომ სიმართლე გაირკვა. ლიახველებიც გამწარდნენ, მივიდნენ იქ და როცა მათ შორის უთანხმოება მოხდა, დამირეკეს და მივედი.
ეკა ბესელიას თქმით, ამ ხალხს თქვენ მიუძღვოდით წინ და ეს «ოპერაცია» ხელისუფლების შურისძიებაა.
- დევნილები დამიკავშირდნენ და მეც მივედი. ეს ადამიანები უკიდურესად გაჭირვებულები არიან, ყველაფერი დაკარგეს. შენობაში კი ის ადამიანები ჰყავდათ, ვისაც სახლები აქვთ ტყვიავში. მათ, ეტყობა, სხვა ინტერესები ამოძრავებთ. მივედი და ვცდილობდი, სიტუაცია დამერეგულირებინა, იმაზე დამეყოლიებინა ხალხი, ღამით მოესვენათ და დილას გაგვერკვია ყველაფერი. მერე გაჩეჩილაძე, გამყრელიძე, ბესელია, ტლაშაძე, გუნავა, ძიძიგური, კუკავა... მოვიდნენ თავიანთი ”ზონდერ-ბრიგადით” და შენობიდან ქალების გამოყრა დაიწყეს. საბოლოოდ, ყველაფერი მუშტი-კრივში გადაიზარდა.
ამათ ტყუილებს ფარდა რომ აეხადა, მაგიტომ დაიწყეს ახლა იმაზე ლაპარაკი, თითქოს, ეს ყველაფერი პოლიტიკის ნაწილია. 2 კვირაში კოტეჯების მშენებლობა დამთავრდება და ამ ხალხს შენობიდან გავიყვანთ. მესმის, რომ კერძო საკუთრებაა, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებებშიც შევიყვანეთ დევნილები და რამდენიმე კერძო სასტუმროშიც. არსად მათ ასე არაადამიანურად არ დახვედრიან. ნუთუ არ შეიძლება, ამ ადამიანების მდგომარეობაში შევიდნენ?
ამჟამად, ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ოფისში ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულები რჩებიან. რამდენიმე ოთახში, მათთან ერთად, დროებით ცხოვრობენ გორის რაიონიდან დევნილებიც. ბოროტ ხმებს თუ დავუჯერებთ, ოქრუაშვილის პარტიის წევრებმა ოფისის შენობაში გორის რაიონიდან დევნილები იმიტომ შეუშვეს, რომ შენობას ყადაღა ედო და მისი დაკარგვის შეეშინდათ.
ეკა ბესელიას განმარტებით, შენობას მხოლოდ გასხვისების შესახებ ადევს ყადაღა, სარგებლობაზე პრეტენზია კი, პარტიის წევრებისთვის არასდროს არავის გამოუთქვამს. ეკა ბესელია დიპლომატიურ კორპუსთან საკითხის განხილვასა და იმის დამტკიცებას აპირებს, რომ მისი პარტიის ოფისში ლიახვის ხეობიდან დევნილების შეყვანა მერაბიშვილის შურისძიებაა და კერძო საკუთრებაში შეჭრა დაუშვებელია.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4461