სად გაქრა საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი და რატომ არ ერევიან საქმეში სამართალდ
ხსენებულ მიღება-ჩაბარების აქტში ვკითხულობთ:
“მე, ლალი ორმოცაძე ქალბატონ ლია ურუშაძეს ვატან ტვირთს 28 ყუთს + 39 ცალი ფუთის რაოდენობით, შესაბამისად, აღნიშნული ტვირთის ზედნადებს, მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც გადაეცემა ამავე საქველმოქმედო საზოგადოების “მზე” გამგეობის აპარატის უფროსს, ქალბატონ ციცინო უგრეხელიძეს, რომელიც უფლებამოსილი პირია ტვირთის ღირებულებაზე და გადანაწილებაზე.
ჩავაბარე: ლ. ორმოცაძე (დაფიქსირებულია ხელწერა)
ჩავიბარე: ლ. ურუშაძე (დაფიქსირებულია ხელწერა)
ჩავიბარე: ც. უგრეხელიძე (ხელმოწერა არაა დაფიქსირებული)
საქველმოქმედო საზოგადოება “მზის” პრეზიდენტი: ლალი ორმოცაძე"
ციცინო უგრეხელიძე: _ “მარშუტკას” საბარგულზე არაფერი ჰქონდა, არადა, ყუთებს ველოდი, რადგან ლალისგან ვიცოდი, რომ ყუთებიც უნდა ყოფილიყო ფუთებთან ერთად. ფუთები გახსნილი იყო. მძღოლს ვკითხე, ბავშვების საქონელი სადაა-მეთქი. მაკა ურუშაძესთან დავტოვე 3-4 ყუთიო, _ მიპასუხა. ამის შემდეგ ვიგებ, რომ ლია ურუშაძემ ლალი ორმოცაძეს უთხრა, საქონელი გამგეობის შენობაში მიწყვიაო. რადგან ეს ვიცოდი, რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა ჰუმანიტარული დახმარება ჯიხეთის მონასტერში ავიტანეთ, იქიდან დაბრუნებისას ლალის ვუთხარი, გამგეობაში ლიასთან მივსულიყავით და ტვირთი წამოგვეღო. ასეც მოვიქეცით. მე თვითონ ვუთხარი ლია ურუშაძეს, აქ რაც გიწყვია, ახალშობილებისათვის ამოვიღებ საქონელს და დანარჩენებს დაგიტოვებთ-მეთქი. ზურაბ ჩხაიძემ მითხრა, იმ ყუთებში ახალშობილებისათვის არაფერი არ არისო. რა იცი-მეთქი, _ ვკითხე, _ თუ გახსნილი არ გაქვთ-მეთქი და არაფერი მიპასუხა. ქალბატონმა ლიამ კი გვითხრა, ყუთები მაკა ურუშაძესთან არის დაწყობილიო. მე და ქალბატონი ლალი იმავე საღამოს მივედით მაკასთან. მაკა ურუშაძემ ტრანსპორტირების თანხა, 200 ლარი მოგვთხოვა, ეს ის თანხაა, რისი საწვავიც ჩავასხითო. რაც შეეხება ტვირთის გატანებას, ლია ურუშაძემ მითხრას, რომ თქვენ მოგცეთ და გაგატანთო. ლალი ორმოცაძემ მაშინვე დარეკა ლია ურუშაძესთან, სახლშიც მივაკითხეთ. ლიამ გვითხრა, 120 ლარი მომეცით ტრანსპორტირების და წაიღეთ თქვენი საქონელიო. გამოვბრუნდით უკან. მეორე დღეს, უთენია ვისესხე 320 ლარი და შევედი გამგებელთან. მოვუყევი ყველაფერი, რამაც მისი გაოცება გამოიწვია. ჩემი თანდასწრებით დაურეკა ვიღაცას და უთხრა, ამ ქალბატონს საქონელი სახლში დაახვედრეთო. სახლში ჩემს მისვლამდე დამირეკა ლალი ორმოცაძემ და მითხრა, ირმა მგელაძე იყო მოსული და გამლანძღაო. ცოტა კი გამირკვირდა ირმასგან, მაგრამ... ამის შემდეგ ლია ურუშაძის ნებართვით, წამოვიღეთ მაკა ურუშაძის სახლიდან 9 ყუთი და ერთი პატარა ყუთი სათამაშო, რომელიც ალტერნატიული ბაღებისთვის გადავეცით ამირან გიგინეიშვილს. ახლა მე მდებენ ბრალს, თითქოს საქონელს ვყიდდე. ჯერ ერთი, არ გავყიდი არავითარ შემთხვევაში, არ მიღირს, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ორგანიზაციის დებულების თანახმად, მე მაქვს ტვირთის გაყიდვის უფლება და რეალიზაციიდან მიღებული თანხა ისევ საქველმოქმედო საქმიანობას უნდა მოვახმარო.
ეს ადამიანები ასე უსინდისოდ მოიქცნენ, მათ გამო კი ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტა. ერთადერთი კითხვა მაქვს მათთან, რატომ არ მოიტანეს საქონელი პირდაპირ ჩემთან, როცა გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ჩემს სახლში უნდა დაეცალათ ყველაფერი?"
“ფაქტი” კომენტარისთვის ლია და მაკა ურუშაძეებს დაუკავბშირდა.
ლია ურუშაძე: _ “ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ საზოგადოება “მზეს” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული. დაგვიკავშირდა უშუალოდ ქალბატონი ლალი ორმოცაძე და დაგვპირდა ჰუმანიტარულ დახმარებას ბაღებისათვის. ამასთან, გვთხოვა, მიგვეწოდებინა ყველა სააღმზრდელო ჯგუფის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ამსახველი ფოტო-მასალა. ჩვენ ფოტოსურათები დავამზადეთ და გადავუგზავნეთ ქალბატონ ლალის. 15 დღის შემდეგ გამგებლის მოადგილე, დავით ჩხაიძესა და გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, გოჩა ჯანაშიასაგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საჭირო იყო ჰუმანიტარული ტვირთის წამოსაღებად ბათუმში წასვლა. ვიცოდით, რომ საქონელი სააღმზრდელო ჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი. ბათუმში “მარშუტკას” გავყევით მე, მაკა ურუშაძე და ზურაბ ჩხაიძე. ქალბატონმა ლალიმ საწყობიდან გამოგვიტანა 12 ყუთი, ერთი დიდი ყუთი სათამაშოები და 39 ფუთა. ფუთებში არ ვიცი, რა იყო, ყუთებში კი ბავშვებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი. ერთი ყუთში პლედები ელაგა. დატვირთვისთვის 50 ლარის გადახდა მოგვთხოვეს, არ გვოქნდა თანხა და ამიტომ ჩვენ თვითონ დავტვირთეთ “მარშუტკა” საქონლით. ამის შემდეგ ქალბატონი ლალი დოკუმენტებით მოვიდა ჩემთან და მეუბნება, რომ ეს საქონელი უნდა მივიტანო ციცინო უგრეხელიძესთანო. მე ვიცოდი, რომ ეს საქონელი განკუთვნილი იყო საბავშვო ბაღებისთვის. ის რომ მცოდნოდა, ციცინო უგრეხელიძესთან უნდა მიმეტანა, რა თქმა უნდა, ბათუმში არ წავიდოდი. ქალბატონ ლალის ავუხსენი, რომ ჩამოსულები ვიყავით სააღმზრდელო ჯგუფების ტვირთისთვის და არა _ ორგანიზაცია “მზის” ტვირთისთვის. მაშინ ქალბატონმა ლალიმ მითხრა, ტვირთი, რომელიც ბაღებისთვის იყო განკუთვნილი, ანუ 12 ყუთი და ერთი დიდი ყუთი სათამაშოები, არ შესულიყო დოკუმენტში, ხოლო 39 ფუთა გადასცემოდა ციცინო უგრეხელიძეს. საბუთს სწორედ ამის შემდეგ მოვაწერე ხელი. სხვათა შორის, ხელთ მაქვს ქალბატონი ლალის მიერ გამოტანებული წერილიც, სადაც შემდეგი წერია: “ეს ერთი (საუბარია მიღება-ჩაბარების აქტზე) ლიას და ერთი ციცის (ციცი _ საქმეში ჩააკარი)”.
აი, რა წერია იმ მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც ქალბატონ ლია ურუშაძესთან ინახება:
“მე, ლალი ორმოცაძე ქალბატონ ლია ურუშაზეს ვატან ტვირთს 39 ცალი ფუთის რაოდენობით, შესაბამისად, აღნიშნული ტვირთის ზედნადებს, მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც გადაეცემა ამავე საქველმოქმედო საზოგადოების “მზე” გამგეობის აპარატის უფროსს, ქალბატონ ციცინო უგრეხელიძეს, რომელიც უფლებამოსილი პირია ტვირთის ღირებულებაზე და გადანაწილებაზე.
ჩავაბარე: ლ. ორმოცაძე (დაფიქსირებულია ხელმოწერა)
ჩავიბარე: ლ. ურუშაძე (დაფიქსირებულია ხელმოწერა)
ჩავიბარე: ც. უგრეხელიძე (ხელმოწერა არაა დაფიქსირებული)
საქველმოქმედო საზოგადოება “მზის” პრეზიდენტი: ლალი ორმოცაძე”
ლია ურუშაძე: _ “კატეგორიულად მოვითხოვ, დაიკითხოს ყველა ადამიანი, ვინც “მარშუტკის” დატვირთვას ესწრებოდა. ჩვენს გარდა იქ იყო მძღოლი და ერთი მუშა. ჩვენ ჩვენთვის განკუთვნილი ტვირთი, 12 ყუთი დავცალეთ მაკა ურუშაძესთან და მძღოლს, სოსო ჭეიშვილს 39 ფუთა გავატანეთ ციცინო უგრეხელიძის სახლში. სამი დღის შემდეგ ლალი ორმოცაძე და ციცინო უგრეხელიძე მოვიდნენ ჩემთან სამსახურში და მთხოვეს, თუ შეიძლება, იმ ყუთებიდან ბავშვებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელს ამოვიღებთო. რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი, ან როგორ ვეტყოდი უარს, ეს ხომ მათი ტვირთი იყო? მაკას სახლში გახსნენს ყუთები და ამოირჩიეს, რაც სურდათ. ერთი კვირის შემდეგ ისევ მივიდნენ მაკასთან. მაშინ მაკამ უთხრა, რომ ჩემს გარეშე ვერ გაატანდა საქონელს. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, კვლავ ამოვარჩევთო. რადგან ამდენი ამოსარჩევია, სულ წაიღეთ-მეთქი, ვუთხარი, ოღონდ ტრანსპორტირების ხარჯი, 120 ლარი და ფოტოგრაფირების დროს ყველა თემის შემოვლისთვის დახარჯული 80 ლარი, ჯამში 200 ლარი გადაგვიხადეთ-მეთქი. ამის შემდეგ ვიგებ, რომ ციცინო უგრეხელიძე გამგებელთან მისულა და თან თანხაც წაუღია. სხვათა შორის, მან გამგებელთან ისეთი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი მიიტანა, რომელზეც ტვირთის ოდენობა დაფიქსირებული არაა. ამის გამო ბატონმა გიამ საყვედური მითხრა, რაზე მოაწერე ხელიო. კიდევ კარგი, ბათუმიდან წამოღებული აქტი ხელთ მქონდა. როგორც ვიცი, ბატონმა გიამ ციცინო უგრეხელიძეს უთხრა, ეს საკრებულოს დაფუძნებული ცენტრია და მიმართე საკრებულოსო. სხვათა შორის, იმ ტვირთიდან ჩვენს სააღმზრდელო ჯგუფებში არაფერი შეგვიტანია".
როგორ დამთავრდება “მზის” ჰუმანიტარული სკანდალი, ჯერ უცნობია. ისე, გამორიცხული არ არის, რომ საქმე სასამართლოში გაგრძელდეს, სადაც მტყუან-მართალი გაირკვევა. დღეს “მზე” აღარ ფუნქციონირებს...
მარი ჯაყელი
სპეციალურად საინფორმაციო სააგენტო “ფაქტისთვის” ლანჩხუთიდან

