სანაკოევის ადმინისტრაცია შესაძლოა გორის რაიონის სოფელ ქვეშში განთავსდეს
სანაკოევის ადმინისტრაცია შესაძლოა გორის რაიონის სოფელ ქვეშში განთავსდეს
დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაცია, რომელიც ომის დაწყებამდე დიდი ლიახვის ხეობაში, სოფელ ქურთაში იყო განთავსებული, შესაძლოა, გორის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ ქვეშში განთავსდეს.სოფელი ქვეში ქართული და ოსური მხარეების კონტროლირებადი ტერიტორიის ე.წ. სასაზღვრო სოფელს წარმოადგენს. მას ოსური მხარის კონტროლირებადი ოსური სოფელი არცევი ესაზღვრება.
სანაკოევის ადმინისტრაციის ქვეშში განთავსებას ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. მათი განცხადებით, დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის განთავსების შემთხვევაში, ამ სოფელს ოსი სეპარატისტების მხრიდან სერიოზული საფრთხე დაემუქრება და, აქედან გამომდინარე, თუ აღნიშნული ინიციატივის შესახებ ოფიციალურად გახდება ცნობილი, ისინი ამ ინიციატივას დაუპირისპირდებიან.
ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება, სანაკოევის ადმინისტრაციის ქვეშში განთავსების შესახებ, არ გაკეთებულა. თუმცა, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა აცხადებს, რომ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი უკვე შეიძინეს და ამ შენობებში სწორედ ადმინისტრაციის განლაგება იგეგმება.
www.InterPressNews.ge
