ქართული პოლიტ-ტყუილის მარტივი ფილოსოფია
ვინ ამუშავებს სიცრუის მანქანას
ომის შემდეგ სიცრუის მანქანა მთელი დატვირთვით ამუშავდა, - შენიშნავენ ექსპერტები. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ხალხი მითების სამყაროში გადაიყვანოს და ილუზიების შექმნას ახერხებს კიდეც. მძლავრი პროპაგანდის წყალობით ტყუილი იოლად იყიდება. ამ პოლიტიკამ კი თავისი შედეგი უკვე გამოიღო და საზოგადოების ნაწილს გულწრფელად სჯერა ყველაფერი, რასაც მმართველი ელიტა ღაღადებს.
შალვა ფიჩხაძე, ექსპერტი: ”ის, რომ ხელისუფლების მხრიდან ხალხზე რაღაც ზემოქმედებას აქვს ადგილი, ცხადია. ამას მოწმობს გამოკითხვებიც, სადაც ჩანს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი მართლაც არაადეკვატურად აფასებს სიტუაციას. ბევრს მიაჩნია, რომ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ. ამ დღეებში ერთ-ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა მითხრა: გორში დევნილთა ბანაკში ხალხს შევხვდი და ისინი შესანიშნავ ხასიათზე დამხვდნენ. დარწმუნებულები არიან, რომ თავის სოფლებში დღე-დღეზე დაბრუნდებიანო. საუბარია იმ სოფლებზე, რომელიც აღარ არსებობს. ეს ცხადყოფს, რომ ხალხზე ზემოქმედება ნამდვილად ხდება. ასე რომ არ იყოს, ასეთ დასკვნამდე თავად ხომ არ მივიდოდა, მაგრამ ხალხის ასეთ არარეალურ რაღაცეებში დასარწმუნებლად რა აკეთებს ხელისუფლება და რას ჰპირდება შეხვედრების დროს, არ ვიცი”.
დავით ზურაბიშვილი, ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი: ”ეს ხელისუფლება ტყუილებს ამბობდა შარშანაც და შარშანწინაც, მაგრამ ახლა ეს პროცესი მზარდია და კულმინაციას მიაღწია. ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს, აღწეროს რაც თავად სურს და არა რეალობა. ანუ, წარმოადგინოს ის, რაც მისთვის სასურველია. რაც უფრო დაცილებულია სასურველი ობიექტურ რეალობას, მით უფრო მეტი ტყუილი გამოდის”.
- ”ხელისუფლება როცა შეცდომებს უშვებს და ამის აღიარება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ უნდა, ცხადია, იძულებულია, ტყუილებზე გადავიდეს. მით უმეტეს, როცა არ არსებობს დამოუკიდებელი მედია და ყველა ტელევიზია მხოლოდ პროპაგანდითაა დაკავებული”, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი, ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” დირექტორი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ტყუილები საკუთარი დანაშაულის შიშით არის გამოწვეული. ”როდესაც გინდა, ჩადენილი დანაშაული დაფართო, ცდილობ, ფუნდამენტურ ღირებულებებს შეეხო. ანუ, დაარწმუნო საზოგადოება, რომ შენ კი არ დაგიშავებია, პირიქით, კარგი საქმე გააკეთე. სამწუხაროდ, ადამიანების ცნობიერებაში გაჩნდა ახალი ფენომენი, რაც ადრე საქართველოში არ შემიმჩნევია. ადამიანები ვეღარ არჩნევენ, სად არის გამარჯვება, სად დამარცხება, სად არის ტყუილი, სად მართალი. აღრევა მოხდა ცნობიერების და ვფიქრობ, ეს ყველაზე შემაშფოთებელია, რაც ამ სიტუაციაში ხდება. ტერიტორიების დაბრუნებაც შეიძლება, ეკონომიკის ფეხზე დაყენებაც, მაგრამ როდესაც თავად საზოგადოება გადაგყავს არარეალურ სამყაროში, სადაც საგნებს თავისი სახელები არ ჰქვია, მერე იქიდან უკან დაბრუნება ძალიან ჭირს. ეს ჰიპნოზის გარკვეული სახეა, საიდანაც ძალიან კვალიფიციური გამომყვანია საჭირო”, - აღნიშნავს ხუხაშვილი.
ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი
მაინც რა სფეროებს ეხება ის ტყუილები, რომლის გამოც ხელისუფლებას ედავებიან. ექსპერტები და ოპოზიცია შენიშნავს, რომ მთავარი ტყუილი მაინც ომის ვითომ მოგებას უკავშირდება. ხელისუფლების პროპაგანდის წყალობით საზოგადოების ნაწილმა დაიჯერა, რომ საქართველომ რუსეთთან ომი მოიგო. სიცრუე ძირითადად ომის დაწყების მიზეზებსა და ომის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
- ”დღეს ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას ერთნაირი ტყუილები აქვთ. ამბობენ, რომ ეს ომი ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა. ეს სრული სიცრუეა. საქართველოს გონიერი ხელისუფლება რომ ჰყოლოდა, ომი არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა. რუსეთი აგრესიისთვის ყოველთვის რომ მზად იყო, ეს ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ შენ არ შეუწყო ხელი, ის გააკეთოს, რაც სურს. ”ნაცმოძრაობის” მეორე ტყუილი: ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და სხვა ამაზე უკეთ ვერაფერს გააკეთებდა.
მესამე ტყუილი: მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. მეოთხე - რუსეთის აგრესია გრძელდება და მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებას შეუძლია გამოიყვანს ქვეყანა კრიზისიდან. ამ ტყუილების გაყიდვა რთულია, მაგრამ ხელისუფლება მაინც ახერხებს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ამაში დაარწმუნოს”, - აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი.
- ”ტყუილია ომში გამარჯვება, დემოკრატიის ახალი ტალღა, რომელიც რეალურად არსად ჩანს. ტყუილია სასამართლოს წნეხისგან გათავისუფლების დაწყება. ტყუილია საპარლამენტი ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ის, რომ ჩვენთან კარგი საინვესტიციო გარემოა, ესეც ტყუილია, რადგან ქვეყანაში ძალიან მაღალი პოლიტიკური რისკებია. სრული სიცრუეა, თითქოს კერძო საკუთრება დაცულია. ტყუილია, რომ თითქოს ჩვენს ხელისუფლებაში ეკონომიკის მიმართ ლიბერალური ხედვებია, რეალურად ჩვენთან ყველა სფეროში აბსოლუტური მონოპოლიებია ჩამოყალიბებული. შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ საითაც გავიხედავ, ყველგან ტყუილი მხვდება”, - მიაჩნია გია ხუხაშვილს.
ირაკლი სესიაშვილი: ”მთავარი ტყუილი არის ის, რომ ხელისუფლებას მოჩვენებითი დემოკრატიისკენ მივყავდით. ამ გზაზე სიარულში კი ერთ დიდ ორმოში აღმოვჩნდით. ახლა გვეუბნებიან, ამ ორმოდან ამოგიყვანთ, გადავფარავთ და ისევ იმ გზით უნდა წავიდეთ, რომელიც ისევ ორმომდე მიგვიყვანს. ტყუილია, როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ხელისუფლების პირობებში წარმატებებს მიაღწევს, ძლიერი და ერთიანი იქნება. სააკაშვილი რეალურად დემოკრატიულ ნაბიჯებს კი არ დგამს, შენიღბული და ფასადშეღებილი ფორმებით გვაწვდის დემოკრატიის ახალ ტაღლას. ამ ქვეყანას დემოკრატიული ტალღა არ უშველის, ამ ქვეყანას უნდა დემოკრატიული ცუნამი, რომელიც ამ ხელისუფლებას ნაპირზე გამორიყავს”.
დასავლეთი არ ტყუვდება
სააკაშვილის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების ტყუილები მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არ არის გამიზნული და რომ სიცრუის ნიაღვარი დასავლეთის მიმართულებითაც მიედინება, თუმცა ცივილიზებული მსოფლიო ასეთ ფანდებზე არ ეგება.
- ”სხვა ავტორიტარი ლიდერებისგან განსხვავებით სააკაშვილის რეჟიმის თავისებურება არის ის, ძალიან უნდა მთელი მსოფლიო ფიქრობდეს, რომ დემოკრატიის მოწინავე ფრონტზეა. ამ საკითხში დასავლეთის დარწმუნება გარკვეული პერიოდი გამოსდიოდა კიდეც”, - აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი.
გია ხუხაშვილი: ”დასავლეთი ბოლო მოვლენებამდე ძალიან ზერელედ უყურებდა ჩვენთან არსებულ პრობლემებს, დასავლეთში ბიუროკრატიული მიდგომა იყო, ისინი სრულიად კმაყოფილდებოდნენ ხელისუფლებასთან შეხვედრებით. მმართველი ძალა კარგად ახერხებდა იმის მტკიცებას, რომ მის გარდა ყველა მარგინალი და არაკვალიფიციური იყო. დასვლეთის მხრიდანაც არავინ იყო განწყობილი, რომ ძალიან ღრმად ჩაეხედა პროცესებში. აგვისტოს მოვლენებმა კი აიძულა, ცოტა უფრო ღრმად გარკვეულიყო სიტუაციაში და სააკაშვილის ხელისუფლების რეალური სახე დაენახა. დასავლეთი ახლა უფრო ყურადღებით აკვირდება იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია”.
ილუზიების შექმნის მიზანი
ექსპერტებთა აზრით, ხელისუფლების მიერ დაწყებული ტყუილების კამპანია კიდევ დიდხანს გაგრძელდება. სიცრუის მთავარი მიზანი არის ის, რომ ”ნაცმოძრაობამ” რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება.
- ”ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ილუზიებში ჰყავდეს. მთავარია, მოსახლეობაში არ იყოს აზრი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა დამარცხდა. ამიტომ საზოგადოებას უნერგავენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველო გამარჯვებამდე მიიყვანა. ამ ტყუილების მთავარი მიზანი კი არის ის, რომ მმართველმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დრო რაც შეიძლება გაიხანგრძლივოს”, - აღნიშნავს შალვა ფიჩხაძე.
- ”ტყუილების მიზანი არის ის, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ძალაუფლება შეინარჩუნოს. კერძოდ, გვიქმნიან მტრის ხატს, რომ რუსეთის შიშით, ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა არ ამოვიღოთ. თურმე რუსეთის მთავარი მიზანი ყოფილა საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდება და მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია. თუ ვინმე ჩვენს ქვეყანაში ხმას ამოიღებს და იტყვის, რომ ეს ხელისუფლება შესაცვლელიაო, მაშინვე მეხუთე კოლონა გახდება. თურმე ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა არადემოკრატიული გარემო და ხელისუფლების შეცდომები კი არ არის, არამედ ის, რომ მტერი გვყავს, რომელიც ანგრევს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. მთელი პროპაგანდა ამაზეა აგებული. ცხადია, ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს”.
ერთია, რა უნდა ხელისუფლებას და მეორე, რამდენად შეუძლია ხალხისთვის საკუთარი სურვილებისა და შეხედულებების მოხვევა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ომის შემდეგ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ასეთი ტყუილები ხშირად მისაღებია, რადგან რეალობისთვის თვალის გასწორება შეგნებულად არ სურს.
- ”სამწუხაროდ, ხელისუფლების ტყუილებისთვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა. ქართველები დაიღალნენ მუდმივი დამარცხებებით, ანუ შინაგანად ყველას უნდა, რომ მართლა რაღაც გამარჯვება იყოს. ზოგიერთი ადამიანი თავს იტყუებს, ზოგი არც ტყუვდება, მაგრამ დეპრესიაშია. ზოგიერთისთვის ყველაფერი სულ ერთი გახდა. შეიძლება ვინმეს მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ერთი მხრივ, საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობები შეექმნათ და ვინც მოტყუვდებოდა, მოეტყუებინათ, ხოლო ვისაც ხელისუფლების არ სჯერა და პროტესტის გრძნობა აქვს, ის უბრალოდ სამზარეულოში დარჩენილიყო. ამ მხრივ დასახული ამოცანები ხელისუფლებამ შეასრულა”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4518