რა მახეს უგებს კონსტიტუციის 70-ე მუხლი ოპოზიციას
აქედან გამომდინარე, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ გადაყენებით საბოლოოდ ჩამოაშორებს სააკაშვილს ქვეყნის უმაღლესი პირის სავარძელს. ახალი ლიდერის შერჩევამ კი შესაძლოა, ”ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა დაპირისპირება გააღვივოს, რაც მის საბოლოო დაშლას გამოიწვევს. ოპოზიციის პოლიტიკური გათვლები ადრეულ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით საკმაოდ მყარი იქნებოდა, რომ არა მათ მიერ საქართველოს კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია.
კერძოდ, საუბარია კონსტიტუციის 70-ე მუხლზე, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ სააკაშვილმა მომავალშიც იყაროს კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე. საქართველოს მოქმედი კონსტიტუტიციის ძალაში შესვლის (1995 წელი) შემდგომ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რატომღაც დამკვიდრდა აზრი, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევითობა, ამერიკული მოდელის მსგავსად, საქართველოშიც იზღუდებოდა მხოლოდ ორი საპრეზიდენტო ვადით. ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრიათ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, როდესაც ”მოქლაქეთა კავშირის” მხარდამჭერები ხაზს უსვამდენენ, რომ ეს იქნებოდა პრეზიდენტ შევარდნაძისათვის ბოლო საპრეზიდენტო ვადა და ამიტომ ის შეეცდებოდა, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისათვის უფრო აქტიური ხასიათის მიცემას.
საინტერესოა, რომ ამ აზრის დამკვიდრებას წლების განმავლობაში ხელს უწყობდნენ ის ადამიანებიც, ვინც უშუალოდ ღებულობდნენ მონაწილეობას კონსტიტუციის ტექსტის შემუშავებაში. ერთი სიტყვით, ბოლო ცამეტი წლის მანძილზე პოლიტიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები თუ უამრავი ”ექსპერტი” ერთხმად ამტკიცებდნენ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევითობის ორი ვადით შეზღუდვის არსებობას, როდესაც სინამდვილეში, კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არსად გხვდება.
საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც არეგულირებს პრეზიდენტობის არჩევითობის ვადებს, ამბობს: ”საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.” აქ ნათლად ჩანს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ კრძალავს ერთი და იგივე პირის ორზე მეტჯერ თანმიმდევრულად არჩევას, მაგრამ არსად ამბობს, რომ გარკვეული ინტერვალის შემდგომ (მინიმუმ ერთი საპრეზიდენტო ვადა, თუკი, რასაკვირველია, მოქმედი პრეზიდენტი რაიმე მიზეზის გამო უფრო ადრე არ გადადგა თანამდებობიდან) ყოფილ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, კვლავ იყაროს კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე.
მაგალითისათვის, ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა სრული კონსტიტუციური უფლება, მონაწილეობა მიეღო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მეტი თვალსაჩინოებისათვის მოვიყან რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, სადაც საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის იდენტური ჩანაწერი არსებობს. კერძოდ, რუსეთის კონსტიტუციის 81-ე მუხლის, მესამე პუნქტის თანახმად, ”Одно и то же лицо не может занимать должность Президента Российской Федерации более двух сроков подряд”. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, პუტინს კვლავაც აქვს კონსტიტუციური უფლება, კენჭი იყაროს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
ქართულ და რუსულ კონსტიტუციებში ნახსენები სიტყვა ”ზედიზედ” (подряд) არსებითად განასხვავებს მათ ამერიკული კონსტიტუციისაგან. კერძოდ, ამერიკის კონსტიტუციის ოცდამეორე შესწორების თანახმად, ”ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს პრეზიდენტის თანამდებობაზე უმეტეს ორი ვადისა” (”No person shall be elected to the office of the President more than twice”). როგორც ვხედავთ, ამერიკულ კონსტიტუციაში არსად არ ნახსენები სიტყვა ”ზედიზედ” (”consecutively”; ”in a row”), როგორც ეს გვხვდება ქართულ და რუსულ ვერსიებში.
აქედან გამომდინარე, ქართული ოპოზიიციის იმედი, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილს მომავალში არ ექნება იურიდიული უფლება, კენჭი იყაროს პრეზიდენტის თანამდებობაზე, მცდარია. პრეზიდენტ სააკაშვილს მხოლოდ ერთ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოუწევს ტაიმ-აუტის აღება. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის გუნდმა გადაწყვიტოს, გაიმეოროს პუტინ-მედვედევისეული მოდელი და სააკაშვილი მხოლოდ სიმბოლურად ჩამოსცილდეს პირველი პირის თანამდებობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
ქართული პოლიტიკა, ტრადიციულად, იმდენად დინამიურად ვითარდება, რომ პროგრნოზების გაკეთება, თუნდაც მოკლევადიან პერიოდზე საკმაოდ რთულია. უამრავმა გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება, აბსოლიტურად განსხვავებული რეალობა შექმნას ქვეყანაში. ამიტომ სააკაშვილის გუნდის მიერ კონსტიტუციის 70-ე მუხლის მანიპულირების შესაძლო ვარიანტების პროგრნოზირების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, თუკი ორიოდე სიტყვით შევაფასებდით ამ მუხლს და ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებას ამ საკითხთან მიმართებაში.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციაში ერთი და იგივე პირის პრეზიდენტის თანამდებობაზე ორზე მეტჯერ არჩევითობაზე შეზღუდვის დაწესება (აშშ, პოლონეთი), არ ხდის ამ მოდელს ავტომატურად უფრო დემოკრატიულს კონსტიტუციის იმ მოდელებთან მიმართებაში, სადაც დაშვებულია ერთი და იგივე პირის პრეზიდენტად ორზე მეტჯერ არჩევა, თუნდაც გარკვეული ინტერვალის მოთხოვნით (ფინეთი, პორტუგალია). ამერიკა მსგავსი შეზღუდვის დაწესებით 1951 წელს არ გამხდარა აუცილებლად უფრო დემოკრატიული.
სხვათა შორის, ბილ კნინტონს ბოლო წლებში არაერთხელ გაუკრიტიკებია აშშ-ის კონსტიტუციაში არსებული ეს შეზღუდვა. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, თუკი ორი საპრეზიდენტო ვადის მოხდის შემგდომ, პიროვნებას თუნდაც გარკვეული ინტერვალის შემდგომ, ექნებოდა შესაძლებლობა, მესამედაც ეყარა კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის შეფასება უფრო კომპლექსური საკითხია და, სამართლიან არჩევნებთან ერთად, მაღალი დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის არსებობას მოითხოვს. მაგალითად, საფრანგეთის კონსტიტუცია არ აწესებს არანაირ შეზღუდვას ერთი და იგივე პირის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის რაოდენობის შესახებ, რაც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს არანაირად აყენებს ეჭვქვეშ.
ბელორუსიაში კი მსგავსი შეზღუდვის არ არსებობა ხელს უწყობს ლუკაშენკოს მიერ ხელისუფლების შენარჩუნებას განუსაზღვრელი ვადით. ევროპის ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში (ასევე კანადაში, ავსტრალიაში, ა.შ.), სადაც საპარლამენტო მმართველობაა, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ერთი და იგივე პირის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევითობის რაოდენობის ან თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ.
მაგალითისათვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლეერი, რომელიც ქვეყანას 10 წელი მართავდა, 2007 წელს თანამდებობიდან გადადგა არა იმიტომ, რომ მისმა პარტიამ არჩევნები წააგო ან თავად ცუდად მართავდა ქვეყანას, არამედ მისი თანაპარტიელების გადაწყვეტილებით, რომლებმაც ჩათვალეს, რომ უკვე დრო იყო, ქვეყანას ახალი ლიდერი ჰყოლოდა. ერთი სიტყვით, დასავლეთის დემოკრატიული ტიპის ქვეყნებში, სადაც არ არის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის უმაღლესი პირის თანამდებობაზე ორზე მეტჯერ არჩევის შესახებ, თავად პოლიტიკური სისტემა და, რაც მთავარია, მაღალი პოლიტიკური კულტურის არსებობა არ იძლევა ერთი პირის მიერ ხელისუფლების ”პრივატიზირების” საშუალებას, როგორც ეს, ვთქვათ, რუსეთში ხდება.
მოგეხსენებათ, რომ რუსეთის მსგავსად ვერც ქართული პოლიტიკური კულტურა და, ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტები დაიკვეხნიან დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ქვეყანას მუდმივად მართავდნენ ”მესიანისტური” იდეებით შეპყრობილი ლიდერები, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნა უშუალო კავშირში იყო მათი პოლიტიკური გუნდის ეკონომიკურ კეთილდღეობასთან.
ყველას გვახსოვს, ალბათ, ვანო ზოდელავას მოწოდება შევარდნაძის მესამე ვადით არჩევის შესახებ. ალბათობა იმისა, რომ ”ზოდელავები” საქართველოში მომავალშიც გამოჩნდნენ, ძალიან მაღალია. ამიტომ, კარგი იქნებოდა, თუკი ოპოზიციაც და ხელისუფლებაც არა ხელისუფლების მოპოვების ან შენარჩუნების სქემებზე იმუშავებდნენ, არამედ აქცენტს გააკეთბდნენ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური სისტემის და კულტურის განვითარებაზე, რომელიც გამორიცხავდა ქვეყანაში პუტინ-მედვედევისეული მოდელის გამეორებას.
ამისათვის კი ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს კონსტიტუციის 70-ე მუხლიდან სიტყვა ”ზედიზედ”-ის ამოღება, რომლის სხვადასხვაგვარმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა, ქვეყანა მომავალში, მინიმუმ, ახალ პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანოს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, ავტორიტარული ლიდერის (რეჟიმის) მიერ ხელისუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას შეუწყოს ხელი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4522