“ნაციონალები” ბურჯანაძის ახალ გარემოცვაზე დოსიეებს აგროვებენ
ამის შესახებ, ალბათ, სპიკერყოფილმაც იცის და ალბათ, ამიტომაც, თავისი გუნდის შესახებ სიტყვას არ სძრავს, ანუ როგორც ამბობენ, ბურჯანაძის ახალი გუნდის, ასე ვთქვათ, ვინაობა ცნობილი 23 ნოემბერს გახდება. სწორედ 23 ნოემბერს, ანუ “ვარდების რევოლუციის” 5 წლისთავზე დაფუძნდება ბურჯანაძის პარტია.
მაინც, ვინ დადგება ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის გვერდით? ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბურჯანაძის პარტიაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიუგურა ყოფილი დეპუტატი რომა კუსიანი იქნება. სხვათა შორის, ბატონი კუსიანი ე.წ. ჟვანიას კადრია და “ნაციონალებთან” მაინცდამაინც თბილი ურთიერთობით არასოდეს გამოირჩეოდა...
ნინო ბურჯანაძის პარტიის სახე, როგორც “ფაქტისთვის” გახდა ცნობილი, ეროვნული მოძრაობის ძირძველი წევრი, ყოფილი დეპუტატი დავით ჭეიშვილი იქნება. სხვათა შორის, ბატონი ჭეიშვილი 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში კრწანისის მაჟორიტარობას “ახლების”, ასე ვთქვათ, ქვოტით გეგმავდა. იმჟამინდელი მონაცემებით, მან კონკურენტი, გია გეწაძე დაამარცხა კიდეც, მაგრამ როგორც ამბობენ, “ახლებსა” და იმჟამინდელ მმართველ გუნდს შორის გარიგება მოხდა და დეპუტატი გეწაძე გახდა. სხვათა შორის, გეწაძე ჯერ კიდევ შარშან ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელად ითვლებოდა, თუმცა 2008 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დროს “ნაციონალ” ლაშა ჟვანიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა...
“ფაქტის” წყაროების თქმით, ბურჯანაძის გვერდით შესაძლოა, ძველი პოლიტიკოსები _ თენგიზ შარმანაშვილი და გია კობახიძეც ვიხილოთ, თუმცა როგორც წყაროები ამბობენ, ექსსპიკერი აქცენტს ახალგაზრდა, ნიჭიერ და ზომიერად ამბიციურ ახალგაზრდებზე აკეთებს. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილსაც თავის დროზე, ანუ მაშინ, როცა პარტიის შექმნა დაიწყო, მოთხოვნა სწორედ ასეთ ახალგაზრდებზე ჰქონდა...
www.Fact.ge
