ზურაბ აბაშიძე - ჩვენ პოლიტიკას და საზოგადოებას პრაგმატული აზროვნება აშკარად აკლია
_ ეს ვიზიტი ადრე, აგვისტოს მოვლენებამდე იყო დაგეგმილი და აგვისტოს ბოლოს უნდა შემდგარიყო, მაგრამ ცნობილი მოვლენების შემდეგ გადაიდო. ორმა პატრიარქმა მოილაპარაკეს ამგვარი ვიზიტის შესახებ. ვიზიტი მნიშვნელოვანია ეკლესიებს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და პოლიტიკურ დატვირთვას არ ატარებს. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე უხელმძღვანელებს, რომელიც საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგორი და მამა გიორგი. მისმა უწმინდესობამ მთხოვა, რომ დელეგაციაში მეც შევსულიყავი, რაც ჩემთვის დიდი პატივია.
რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის სულიერი კავშირი ერთადერთი ძაფია, რომელიც არასდროს არ გაწყვეტილა და კონფლიქტის შემდეგაც არსებობს. ამ ვიზიტს ხელს უწყობს ის ფონი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განცხადებამ შექმნა იმის თაობაზე, რომ იგი ადასტურებს ქართული ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
ამ ვიზიტის დროს განხილული იქნება საკითხები და პრობლემები, რომლებიც ორივე ეკლესიას აწუხებს. ასეთი კონკრეტული საკითხები საკმაოდ არის, მათ შორის სიტუაცია, რომელიც შექმნილია კონფლიქტური რეგიონების ეკლესია-მონასტრებში, ასევე ბევრი სხვა საკითხი, რომელიც ორი ეკლესიის ურთიერთობას უკავშირდება. პირადად მე, მივდივარ როგორც სამოქალაქო პირი. შეიძლება შევხვდე ჩემს მეგობრებს, მაგრამ ამას სხვა პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი დატვირთვა არ ექნება.
_ როგორ აფასებთ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განცხადებას იმის შესახებ, რომ აგვისტოს მოვლენების შესასწავლად ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო კომისია შეიქმნება, რომელსაც შვეიცარიელი ექსპერტი უხელმძღვანელებს?
_ ასეთი კომისიის შექმნა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იგი შეეცდება პასუხი გასცეს იმ კითხვებზე, რომელიც ყველას აწუხებს. პასუხი არა მარტო იმაზე, თუ ვინ ისროლა პირველმა, არამედ იმაზეც, როგორ მივედით კონფლიქტურ სიტუაციამდე, ვინ ემზადებოდა და ვინ დაუშვა ამ ომის დაწყება. კომისია ალბათ შეისწავლის ომამდე არსებულ ვითარებას, ომის მიმდინარეობას და ომის შემდგომ განვითარებულ პროცესებს. მე ასე წარმომიდგენია ამ კომისიის მუშაობა.
მარტო გასროლაზე არ არის საქმე. სანამ ვინმე გაისროდა ძალიან ბევრი რამ ხდებოდა და მეც და სხვებსაც აქვს კითხვები. ვისია ბრალეულობა? ვინ რა შეცდომები დაუშვა? ვინ რას ცდილობდა? ვინ რას აკეთებდა? ვინ რა რესურსი არ გამოიყენა? თუ საერთაშორისო კომისიას ექნება ნდობა ორივე მხრიდან, კომისიას შეუძლია ბევრ კითხვაზე გასცეს პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია პირველმა ვინ ისროლა, მაგრამ ისიც უნდა დადგინდეს მანამდე, ერთი დღით ადრე, ერთი კვირით ადრე, ერთი თვით, თუნდაც ერთი წლით ადრე რა ხდებოდა. ომი ხომ ერთ საათში არ დაწყებულა.
_ მოსკოვი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ იგი ამ რეგიონების აღიარებაზე უარის თქმას სულაც არ აპირებს. ასეთ ვითარებაში რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ?
_ პოლიტიკაში მიღებული არ არის სიტყვა "არასოდეს" ხმარება. ვითარება საქართველოს ირგვლივ გართულდა. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეულია. რუსეთმა ბევრს, უხეში ფორმით დაანახა, რომ არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, როგორც ეს ბევრს ეგონა.
იმის იმედი, რომ სიტუაცია ხელად შემოტრიალდება არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამ ეიფორიიდან ჩვენი რუსი კოლეგებიც გამოდიან. ჯერ იმის დათვლა არ მომხდარა, ვინ და რამდენი დაკარგა. წაგებული ძალიან ბევრია და მე მგონი რუსეთმაც ბევრი დაკარგა. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი დავკარგეთ. რატომღაც ჩვენ, ჩვენი ყურადღება იმაზე გადავიტანეთ რუსეთმა რამდენი და რა დაკარგა. ჩვენს ტელევიზიებში საინფორმაციო გამოშვებები იმით იწყებოდა, რომ რუსეთი დაიქცა და რუსეთში ეკონომიკური კრიზისია და ა.შ. უფრო სწორი იქნებოდა, რომ ჩვენ ჯერ ჩვენი დანაკარგები დაგვეთვალა, ჩვენ შეცდომებზე გვესაუბრა და მერე რუსეთის დანაკარგებზე გველაპარაკა.
ფაქტია, რომ რუსეთში ეიფორიიდან გამოდიან და სერიოზულ კითხვებს სვამენ, რა მოუტანა რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ და რას მოუტანს ახლო მომავალში. თავად აღიარებენ, რომ იმ ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც ახლა რუსეთშია, ბევრწილად საქართველოსთან ომმა ითამაშა როლი, ის მოვლენები, რომელიც ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარდება ისევ საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ომის შემდგომი ინერციით მიდის, უფრო ღრმა შეფასებებს მოგვიანებეთ უნდა ველოდოთ. ფაქტია, რომ ნაწილობრივ რუსეთმა თავის მიზნებს მიაღწია. მათ უნდოდათ რეგიონში ჰყოლოდათ სამხედრო ძალები, ამას მათEმიაღწიეს.
მათ უნდოდათ მსოფლიოსთვის დაენახვებინათ, რომ კავკასიისთვის მზად არიან კუნთები ათამაშონ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ომის მოგება უფო იოლია, ვიდრე მშვიდობის. რამდენად შეძლებს რუსეთი კავკასიაში მშვიდობის მოგებას, ეს კიდევ საკითხავია. _ რუსეთი დასავლეთისაგან და აშშ-საგან უცნაურად ითხოვს, რომ მას ანგარიში გაუწიონ. თუ დასავლეთმა რუსეთს კრიზისის დასაძლევად ხელი არ გაუწოდა, რუსეთს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა გაუჭირდება.
_ ვფიქრობ, რომ "ცივი ომი" არ უნდა განმეორდეს. დასავლეთისა და რუსეთის ერთმანეთისადმი დამოკიდებულება მაღალია. ვხედავთ, რომ დასავლეთი რუსეთის მიმართ ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებს. ევროკავშირიც უკვე საუბრობს იმაზე, რომ უნდა აღადგინოს დიალოგი რუსეთთან.
ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, ნელ-ნელა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების რეანიმაცია მოხდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ისე არ წავიყვანოთ საქმე, რომ არ დავრჩეთ ერთადერთ ქვეყანად, რომელსაც რუსეთთან "ცივი ომის" რეჟიმი აქვს. ძალიან მეშინია, რომ ჩვენ მარტო არ დავრჩეთ რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ფრონტზე. ჩვენ ეს არაფრით არ უნდა დაუშვათ. ეს ჩვენ კიდევ უფრო მეტ უბედურებას მოგვიტანს.
_ დასავლეთი კი ცდილობს რუსეთის "მორჯულებას", მაგრამ კუშნერის განცხადებები, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ, იმაზე მიუთითებს, რაზეც თქვენ ბრძანებთ.
_ მაგის მეშინია სწორედ, რომ რაღაც ეტაპზე დასავლეთსა და რუსეთს შორის საერთო ენა გამოინახება, დიდი ვაჭრობის შემდეგ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდებიან და ჩვენ არ დავრჩეთ რუსეთთან კონფრონტაციისა და "ცივი ომის" რეჟიმში. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ამაზე უნდა ვიფიქროთ და რაღაც კიდეც უნდა მოვიმოქმედოთ. უნდა გამოვნახოთ საკუთარ თავში რესურსები საიმისოდ, რომ ქვეყანას რუსეთთან შემდგომი კონფრონტაცია ავაცილოთ. არ შეიძლება პატარა ქვეყნის ამოცანა იყოს დიდ მეზობელთან გამუდმებით, სულ გადამტერებულ რეჟიმში ყოფნა.
მე იმას კი არ ვამბობ, რომ ახლა უნდა გავქანდეთ და რუსებს ჩავეხუტოთ, ეს, რა თქმა უნდა, უგულო იქნება და წარმოუდგენელიც არის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკას პრაგმატიზმი უნდა დავუმატოთ. ჩვენ პოლიტიკას პრაგმატიზმი და პრაგმატული აზროვნება აშკარად აკლია. ჩვენ საზოგადოებასაც აკლია პრაგმატული აზროვნება. პრაგმატული აზროვნება, ციდან მიწაზე დაშვების უნარი ჩვენ სუყველას გვაკლია.
ჩვენ ძალიან მკაცრ სამყაროში ვცხოვრობთ. მსოფლიოში გლობალური კრიზისია. არც ამერიკას და არც დასავლეთს არ ულხინს, რუსეთს კიდევ უფრო მეტი ასე, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი
