ნადირობა აგენტებზე
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერ საინფორმაციო ომს აწარმოებს, მაგრამ მისთვის მიუღბელია ამგვარი ომის ტყუილებითა და ცილისწამებით მოგება.
“საინფორმაციო ომის მოგება იმას თუ გულისხმობს, ვინ უფრო მეტს მოიტყუება _ რუსეთი თუ საქართველო და ვინ მეტ ჭორს გაავრცელებს დაპირისპირებულ მხარეზე, ასეთი მოგება, საერთოდ, არ მინდა. ჩვენი ერთადერთი პლუსი ის არის, რომ ვთქვათ სიმართლე. რუსეთისაგან განსხვავებით, სიმართლე და ჭეშმარიტება უნდა იყოს ჩვენი მეკავშირე. თუ რუსეთს ნაძირლობაში ავყევით, ვერასოდეს მოვერევით, რუსეთს უნდა ვაჯობოთ დემოკრატიით, სამოქალაქო ღირებულებებითა და თავისუფალი მედიით, ეს არის ჩვენი უპირატესობა და არა _ უღირსი და გარეწრული ქცევები,” _ აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, რუსეთს თავისი საგარეო მოთხოვნებისთვის სჭირდება საერთაშორისო სარბიელზე საქართველო წარმოაჩინოს როგორც არშემდგარი სახელმწიფო და ამისთვის ტერორისტების მფარველობასაც დაგვაბრალებს.
როგორც “ფაქტს” პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა, ქართულმა მხარემ საერთაშორისო საზოგადოებას ის კი არ უნდა უმტკიცოს, რომ რუსეთი ცუდია, არამედ ის, რომ “ჩვენ ვართ კარგები, ამისთვის კი საჭიროა არა რაიმე საინფორმაციო ომების დაგეგმვა და მოგება, არამედ რეალური დემოკრატია.”
რეალური დამოკრატიის გამოხატულებას ქართველი ექსპერტი, პირველ რიგში, 7 ნოემბრის აქციის მშვიდობიანად ჩატარებაში ხედავს. ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება კვლავ შეეცდება 7 ნოემბერს ქართული ოპოზიციის ლიდერებს ისევ რუსეთის აგენტობა დააბრალოს. “რუსეთის აგენტები, პირველ რიგში, ხელისუფლებაში არიან, ვინც სააკაშვილი დაარწმუნა, ცხინვალი გრადებით დაბომბეო, ის არის რუსეთის აგენტი,” _ აცხადებს ზაქარეიშვილი.
თეონა ციხისელი
www.fact.ge

