ახსოვთ, მაგრამ ეშინიათ
რაც შეეხება აქციის მიმდინარეობას, თავიდან, ხალხი მდორედ მიემართებოდა პარლამენტისკენ, რის გამოც პატრულმა გვიან გადაკეტა რუსთაველზე მოძრაობა. სამი საათისთვის კი ქაშუეთის ეკლესიიდან კინო ”რუსთაველამდე” 40-50 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი.
თეთრი ყელსახვევები, ოპოზიციის იგივე ლიდერები (რამდენიმეს გამოკლებით) და იგივე ლოზუნგები, მხოლოდ, ბუშის პორტრეტები, ამჟამად, ამერიკის ახალი პრეზიდენტის პორტრეტებმა ჩანაცვლეს და კიდევ, ახალი ლოზუნგებიც გაჩნდა - ”STOP RUSSIA, STOP MISHA”.
შარშანდელს აქეთ, არც მოთხოვნები შეცვლილა და არც პათოსი დაუკარგავთ ოპოზიცის ლიდერებს. ისევ აქტუალურია ”მიშა გადადექი” და ”შეგაკვდებით”, მაგრამ შეძახილი - ”მიშა მოვედით”, დღევანდელ მიტინგს არ ამშვენებდა. როგორც ლევან გაჩეჩილაძემ თქვა, ოპოზიცია გადამწყვეტ სიტყვას (ალბათ, ”მიშა მოვედით”) გაზაფხულზე იტყვის.
ყველაფერი თავიდან იწყება და აქციები დროგამოშვებით გაიმართება - ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ, მწარედ ახსოვთ 7 ნოემბერი.
დღეს კი, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, განაწყენებულებიც და თვითკმაყოფილებიც ერთად მივიდნენ პარლამენტთან. ზოგი ტრიბუნიდან ესაუბრებოდა მომიტინგეებს, ზოგიც ხალხის მასაში იყო ჩაკარგული, მაგრამ მაინც ყველანი ხალხთან იყვნენ.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, მათ არც ხალხთან მისასვლელი პირი ჰქონდათ და არც ყოფილ თანამებრძოლებთან. ამიტომ, გიორგი თარგამაძემ, თავის თანაგუნდელებთან ერთად, ტელეკომპანია ”იმედთან” დააფიქსირა ”პროტესტი”, ხოლო თორთლაძე-ცაგარეიშვილის დუეტმა - სამების საკათედრო ტაძართან. ყველამ ერთად კი, მიტინგზე არმისასვლელად ”მყარი” ალიბი შეიქმნა.
აქცია პარლამენტის წინ, დაახლოებით, სამი საათი გაგრძელდა და შემდეგ, აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისკენ დაიძრნენ. ხალხის მასას წინ ოპოზიციის ლიდერები მიუძღოდნენ, რომლებსც მიხეილ სააკაშვილსთვის პეტიცია ჰქონდათ გადასაცემი. აქციის მონაწილეთაგან რამდენიმეს, სიმბოლურად, აირწინაღები ეკეთათ.
პეტიციის თანახმად, ოპოზიცია 23 ნოემბრამდე დაელოდება სააკაშვილისგან პასუხს თავიანთ მოთხოვნებზე:
1. გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩაარება
2. ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი მესაკუთრის ოჯახისთვის დაბრუნება.
ლევან გაჩეჩილაძემ პრესა.გე-სთან საუბარში განმარტა, რომ იგი ხელმეორედ არ მოატყუებინებს სააკაშვილს თავს და ხალხისგან მალულად, მასთან მოლაპარაკების მაგიდას არ მიუჯდება.
- ”რამდენჯერმე ვთქვი, რომ ტელევიზიებში, ღია ეთერში მზად ვარ ყოველგვარ მოლაპარაკებებზე წავიდე ქვეყნის სასიკეთოთ. ერთხელ შევცდი, როცა სააკაშვილს დახურულ კარს მიღმა შევხვდი და შემდეგ, მერაბიშვილმა ათასგვარი ჭორი გაავრცელა. ხან თანხის აღება დამაბრალა, ხან კიბოთი დამასნეულა და, ხანაც ზელანდიაში მამგზავრებდა”.
გაჩეჩილაძემ ისიც დაადასტურა, რომ დღევანდელი აქცია ახალი საპროტესტო ტალღის დასაწყისია და იგი თავის პიკს გაზაფხულზე მიაღწევს. 23 ნოემბერს კი ისინი ”იმედთან” კიდევ ერთი მიტინგს ჩაატარებენ და ასე გაგრძელდება პერმანენტულად.
- ”ახალ წლამდე წინააღმდეგობის ფრონტის ჩამოყალიბებას ვაპირებთ. ხოლო, ახალი წლიდან რეგიონებში ჩავალთ და ხალხს გაზაფხულისთვის მოვამზადებთ”, - გვითხრა გაჩეჩილაძემ.
”იმედის” თემას კახა კუკავაკიდევ ერთხელ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე მიუბრუნდა. პოლიტიკოსი ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას, რომ ”იმედი” 23 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნდეს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კუკავა პირობას დებს, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო რადიკალური გახდება და ტელევიზიის პიკეტირებითაც კი იმუქრება.
- ”მოგიწოდებთ, 23 ნოემბერს ”იმედთან” იმ განწყობით მოხვიდეთ, რომ იქ რამდენიმე ღამის გათევა მოგიწევთ და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევთ”.
დღეს ჩვეულ ამპლუაში იყო შალვა ნათელაშვილიც, რომელმაც დროებით მიივიწყა ყველა უკმაყოფილება, რომელსაც დროდადრო, ცხვირში ძმრად ადენდა ოპოზიციას და გვარწმუნებდა, რომ ისინი ოპოზიციასთან ერთად, ყოველთვის ერთ საქმეს აკეთებდნენ.
- ”სააკაშვილის გადაყენების მეორე ეტაპი დაიწყო. ეს უკანასკნელი იმ დონეზეა გაკოტრებული და გაბანძებული, რომ არა მარტო ქვეყნის შიგნით, მის გარეთაც არ აქვს ფეხის დასადგმელი ადგილი. მას ორი პოლიტიკური მამა ერთდროულად მოუკვდა ბუშისა და მაკკეინის სახით. ობამას მოსვლის შემდეგ, სააკაშვილს არავინ მისცემს ისეთ კარტბლანშს, როგორიც შეიძლებოდა, მხოლოდ დარეხვილ ბუშს მიეცა. სააკაშვილი უკვე დამპალი კედელია, რომელსაც ოდნავ ხელის კვრა უნდა და დაეცემა. ეს ხალხი კი ზვავივით დაეცემა მას”, - ასე ომახიანად პასუხობდა შალვა ნათელაშვილი Presa.ge-ს დასმულ კითხვებზე.
მაშინ, როცა აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისკენ დაიძრნენ, პირველი გიმნაზის კიბებათნ ოპოზიციაზე განაწყენებულ კონსტანტინე გამსახუდიას წავაწყდით, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ”უძღები შვილი” არაა, რომ ვინმეს დაუბრუნდეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ გამსახურდია, ალბათ, თავად ოპოზიციის ლიდერებისგან დაელოდება მიპატიჟებას. შემდეგ კარგად აწონ-დაწონის გაერთიანებულ ოპოზიციაში მისი ყოფნის შესაძლებლობას და ასე მიიღებს გააწყვეტილებას.
- ”მე ჩემი სიტყვა შევასრულე, მოვედი და დავდექი ჩემს ხალხთან. მე ჩემს პოლიტიკას ვაწარმოებ და ჩემი პროგრამაც უცვლელია. როგორც სიტუაცია მოითხოვს, მომავალში ისე ვიმოქმედებ. თანამშრომლობის ძველმა ფორმატმა აქტუალობა დაკარგა და საჭიოა ახალი ფორმატის მომზადება. ახალი ფორმატი კი ეროვნული ყრილობის მომზადება იქნება. თუმცა, ფორმატი რომელსაც ისინი ამზადებენ, არ ვიცი რამდენად დაემთხვევა ჩვენს მოდელს”.
მოკლედ, დაწყებული საქმის მიუხედავად, ოპოზიციაში ჯერაც გაურკვევლობაა და შესაბამისად, არც კონკრეტული სამომავლო გეგმები დაუსახავთ. როგორც უკვე ვთქვით, მათი მოთხოვნები და პოლიტიკა ჯერჯერობით ძველისგან არაფრით განსხვავდება.
ამიტომ, ოპოზიცის ლიდერებისგან განსხვავებით, დღევანდელ აქციაში ოპოზიციის კმაყოფილების მიზეზებს ვერ ხედავს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე. ექსპერტის თქმით, ის რომ ხალხის რაოდენობა არც ისე თავბრუსდამხვევი იყო, იმის მანიშნებელია, რომ ამ აქციის მასშტაბურობა, ან ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა, ან ვერ მოხერხდა.
- ”რომელმა ფორმულამ უფრო მეტად იმუშავა ძნელი სათქმელია და ალბთ, ზედდებაც მოხდა, მაგრამ აქცია რომ მასშტაბური არ იყო, ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი რუსეთის ფაქტორიც იყო, რომელმაც სააკაშვილისთვის დამცავი მექანიზმის როლი ითამაშა”.
- ”მოსახლეობამ ჩათვალა - ვინც ბომბს მესვრის და იმას სააკაშვილი არ უნდა, მე არ გადავაყენებ. მეორე მიზეზი კი, თავად ოპოზიცია იყო, რომელსაც ახალი არაფერი შეუთავაზებია საზოგადოებისთვის. თვით არჩევნების მოთხოვნაც კი განმეორდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი ხელისუფლების ოპოზიციაში არ რჩება და როგორ განვითარდება მოვლენები ეს, მთლიანად ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4706