საინფორმაციო ომსაც ვაგებთ
რუსეთთან ომის წაგების შემდეგ საქართველო საინფორმაციო ომსაც აგებს. ბოლო პერიოდში ევროპულ და ამერიკულ პრესაში სულ უფრო ხშირად იბეჭდება სტატიები, სადაც საქართვლეოსთვის არცთუ სასურველი ანალიზი კეთდება. საქართველოს ხელისუფლება კი ამ პრობლემას თითქოს ვერ ამჩნევს. არადა, როგოც ექსპერტები მიიჩნევენ, პროცესის ასე გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა,შესაძლოა, გამოუვალ კრიზისში აღმოჩნდეს.
ამ ჯაჭვში ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე შემაშფოთებელი ისევ და ისევ “ნიუ იორკ თაიმსის” სტატიაა, სადაც ავტორები ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებზე დაყრდნობით, ასკვნიან, რომ ცხინვალის შტურმს არც ქართული სოფლების დაბომბვა უსწრებდა და არც რუსული კოლონების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე.
ყოველ შემთხვევაში, წერენ ავტორები, არც ქართულ მხარეს და არც დასავლეთის სპეცსამსახურებს ამის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
ამას მოჰვა ორიოდე დღის წინ სარედაქციო წერილი “ინტერნეიშენლ ჰერალდ ტრიბუნში”, სადაც პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილი ტყუის. ეს საკითხი კი სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს, ვინაიდან უკვე ამერიკულ გაზეთებშიც კი, რომლებიც ყველაზე ენერგიულად გვიჭერდნენ მხარს, ისეთი სტატიები იწერება, სადაც ომის დაწყება ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე სააკაშვილს და, შესაბამისად, საქართველოს ბრალდება.
საქართველოს ხელისუფლებას ქართული ბეჭდვითი პრესა რომ არ აინტერესებს და არაფრად აგდებს, ეს ამბავი ახალი არ არის. თუმცა, რეალობა ისაა, რომ მსოფლიო საზოგადოების განწყობა საქართველოს ხელისუფლების შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავდება და მთელს მსოფლიოში საზოგადოების აზრის შემქმნელი სწორედ ბეჭდვითი მედიაა.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები, ჩვენგან განსხვავებით, ითვალისწინებენ საკუთარი საზოგადოების აზრს, მიუხედავად იმისა, პიროვნულად როგორი განწყობები გააჩნიათ.
ის კი, რაც დასავლეთის მედიაში იწერება, რადიკალურად განსვავდება იმისგან, რასაც საქართველოს ხელისუფლება განცხადების გაკეთებისას ამბობს. საგანგაშო კი ის არის, ეს პროცესი სადამდე მივა და საქართველოზე რა გავლენას იქონიებს.
ჩვენს ხელისუფლებას, რატომღაც, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს. იმის გარკვევაც კი ჭირს, ამ საკითხს რამდენად სერიოზულად აფასებს და, რაც მთავარია, გათვლილი აქვთ თუ არა ის შედეგები, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს.
პარლამენტში ამ საკითხზე ყურადღებას, რატომღაც, მხოლოდ ოპოზიცია ამახვილებს და ისიც იმ კუთხით, რომ ევროპულ პრესაში საქართველოს წინააღდეგ დაკვეთილი სტატიების გამოქვეყნების ფაქტები მომრავლდა.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამ საკითხის მოგვარება ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტებს დაევალათ. მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძემ ეს გადაწყვეტილება კვირის დასაწყისში მიიღო, კვირა ისე მთავრდება, რომ ამის შესახებ ინფორმაციასაც კი არც ერთი კომიტეტის წევრი და აპარატის არც ერთი თანამშრომელი არ ფლობს.
ამ საკითხზე უფრო მეტად კომპეტენტური პასუხის გაცემა, თუ რატომ იცვლება მედიის პოზიცია, იმ ადამიანებმა შეძლეს, ვინც აქტიურად არის ჩართული ინფორმაციულ პაექრობაში.
“აგვისტოში მთელი ყურადღება გადატანილი იყო იმაზე, რომ ცეცხლი შეწყვეტილიყო და ნაკლებად აქცევდნენ იმას ყურადღებას, რომ შეეფასებინათ და ანალიზი გაეკეთებინათ მომხდარისთვის, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რატომ მოხდა პროცესის ესკალაცია. ახლა კი უკვე დაიწყეს იმის გაანალიზება, თუ რა მოხდა. დაიწყეს სიღრმისეული შეფასებების გაკეთება და აღმოჩნდა, რომ ჩვენი მხრიდანაც ყოფილა ისეთი ქმედებები, რაც ნაკლებად ჯდება შეთანხმებაში. ამიტომ, იმის თქმა, თითქოს ამას ვიღაც გეგმაზომიერად აკეთებს, ეს ნაკლებად დასაჯერებელია. “ნიუ-იორკ ტაიმსი” და იგივე “გარდიანი” არ არიან ისეთი გამოცემები, ვისაც ფულს გადაუხდი და რამეს დაწერს. მითუმეტეს, რომ ამ გამოცემებში მეტ-ნაკლებად ცნობილი მიმომხილველები მუშაობენ და ისინი წერენ საქართველოსთან დაკავშირებით ასეთ სტატიებს,” - მიაჩნია გიორგი გელაძეს.
იგი არ არის არც პოლიტიკოსი და რაც პოლიტოლოგი, თუმცა, როგორც ამბობს, მუდმივად ადევნებს თვალყურს დასავლეთის პრესას და მათ შორის სტაბილურად მონაწილეობს დასავლეთის ინტერნეტ გამოცემების ფორუმებში.
მისი თქმით, სწორედ ინტერნეტსფერო არის ის თემა, რასაც ქართული მხარე საერთოდ ვერ აკონტროლებს და შესაბამისად ხდება ისეთი ინფორმაციის უპასუხოდ გავრცელება, რაც საქართველოს ინტერესებში არანაირად არ შედის და შემდეგ ეს უკვე ხდება დასავლეთის საზოგადოების აზრი.
“ომის დღეებშიც და შემდეგაც ფაქტობრივად არავინ მონაწილეობდა ამ ფორუმებში და მარტოს მიხდებოდა საქართველოს პოზიციის დაცვა. ამის მერე უფრო გამოჩნდა ის ხალხი, ვინც ჩვენს პოზიციას იზიარებდა და იცავდა, მაგრამ ამას აქვს პერმანენტული ხასიათი. გამოჩნდება ვიღაც, დაწერს ერთ-ორ სტატიას ან გასცემს ერთ-ორ პასუხს და მერე იკარგება. პრობლემა ის არის, რომ ამ სფეროში არავინ არ მუშაობს. არადა, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი სფერო. იგივე იმ ხალხმა, ვინც ამ ფორუმებში მონაწილეობს, მათ არ იციან, რეალურად რა მოხდა ცხინვალში და რასაც ეტყვი, იმას იჯერებენ. თანაც, ის, რომ საქართველო არის ამერიკის მოკავშირე, ანტიამერიკელებში უკვე იწვევს განცდას, რომ ჩვენ ვართ მტყუანნი. ამიტომ არის საჭირო, რომ ამ მხრივ სათანადო აქტივობა იყოს. ეს მართლა არ არის სახუმარო საკითხი,” - აცხადებს გიორგი გელაძე.
თუმცა, საინტერესოა, რომ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს. მისი შეფასებით, დასავლეთის მედიის შეხედულებების ცვლა მსოფლიო პოლიტიკას უკავშირდება და ეს, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ბრალი არ არის.
“მგონი, რომ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში რაიმეს გაკეთება არ შეეძლო. სტატიების დონეზე ეს პროცესი მაინც ასე განვითარდებოდა. აქ მთავარი არის ის, თუ ნიავი საიდან ქრის და ამ ქროლვის მიმართულების შეცვლა ჩვენს ხელისუფლებას რომ შესძლებოდა, არა მგონია,” - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, ეს ყველაფერი უკავშირდება დასავლეთის ქვეყნების ინტერესების თანხვედრას რუსეთის ახალ შეთავაზებებთან.
“დასავლეთის მედიის ფერიცვალების პროცესებთან კავშირში არის ის, რისი მოწმეც გუშინ გავხდით. ვგულისხმობ რუსეთის ხელისუფლების განცხადებას, რომ ევროპას გაზს დაბალ ფასებში მიაწვდის. ანუ, ეს ყველაფერი უკავშირდება ენერგომატარებლებზე ფასის დაკლებას. რაც შეეხება ამერიკას, ეს არის ერთი პროცესი და ამერიკა და ევროპა ერთმანეთს არ დაუპირისპირდება. მით უმეტეს, რომ, როგორც ჩანს, ამერიკაც იცვლის ზოგად სტრატეგიას. უკვე გამოჩნდა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი კონფრონტაციის პოლიტიკას ნაკლებად გაიზიარებს. იმისთვის კი, რომ რუსეთთან კონფრონტაცია მოხსნან, რაც უკვე დაწყებულია, საჭიროა იყოს რაიმე მოტივი და, როგორც ჩანს, ეს მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ დაიწყონ იმის გარკვევა, თუ ვინ დაიწყო ომი და აღმოჩნდება, რომ საქართველო არც ისეთი ანგელოზია,” - აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით, რუსეთი ახლა უკვე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოზიციები გაიმაგროს და ამისთვის გარკვეულ დამთმობ ნაბიჯებსაც დგამს. საპასუხოდ კი დასავლეთი, ვინაიდან ასეთი რუსეთი სჭირდება, ეძებს მასთან სასაუბრო მიზეზებს და ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული დასავლეთის მედიის ფერიცვალებაც.
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ, ამ საკითხზე თავად ხელისუფლებისგან პასუხის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. პოლიტოლოგები კი აცხადებენ, ხელისუფლებამ საზოგადოების აზრის ფორმირებაზე უნდა იმუშაოს.
როგორც ამბობენ, საჭიროა, რომ სტატიებს გაეცეს სათანადო პასუხი. რა თქმა უნდა, თუ ჩვენს ხელისუფლებას სათანადო დოკუმენტაცია გააჩნია და შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ გამოქვეყნებული მასალა სიმართლეს არ შეესაბამება.
თუმცა, მთავარი აქცენტი მაინც პოლიტიკასა და ურთიერთობებზე უნდა გაკეთდეს.
“საქართველო არ უნდა შეეჯიბროს რუსეთს გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენ ვნახეთ, რომ ამით რუსეთს ვერ ვაჯობებთ. მეორეს მხრივ, არ გვაქვს ის რესურსი, რაც რუსეთს გააჩნია და ვერ ვიმოქმედებთ ენერგომატარებლების ფასზე. ჩვენზე არ არის დამოკიდებული არც ამერიკა და არც ევროპა და იმას უნდა ვეცადოთ,რომ ისიც არ დავკარგოთ, რაც ახლა გვაქვს, ანუ ევროპის და ამერიკის კეთილი ნება და ამისთვის რაც შეიძლება ნაკლები საბაბი უნდა მივცეთ დასავლეთს. ერთი საბაბი უკვე გამოიძებნა - თუ ვინდაიწყო ომი. ეს უკვე ჟღერდება და სულ მალე დასავლეთის პრესაში ხაზი გაესმევა იმას, რომ საქართველო არც ისეთი დემოკრატიული ქვეყანაა. მერე გამოჩნდება მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. მიზეზები. ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენ დასავლეთს არ მივცეთ საბაბი,” - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
