მთავრობა ”მახრჩობელა” გადასახადებმა ჩააფიქრა
”ბევრ და კარგ” საგადასახადო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობა, შედარებით სიტყვაძუნწია. სამაგიეროდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უკვე გაამხილეს, რომ ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებაზეც მიმდინარეობს მსჯელობა. თუმცა ჯერ დაკონკრეტებული არ არის, ვის რამდენად შეუმცირდება საგადასახადო წნეხი.
ომგამოვლილ ქვეყანაში საგადასახადო შეღავათები რომ აუცილებელია, ეს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის კვლევებიდანაც ჩანს:
- ”მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ როლს ასრულებს. პირველ რიგში, უზრუნველყოფს დასაქმების პრობლემას, ასევე ზრდის კონკურენტულ გარემოს და მხარს უჭერს სოციალური უთანასწორობის შერბილებას. აქედან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ინდიკატორს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ სფეროს განვითარებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ისეთი საკანონმდებლო მხარდაჭერის განხორციელება, რომელიც გარკვეული ფინანსური სიძნელეების პერიოდში, ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო მეწარმეს”.
თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ბიზნესს რეალურად დაეხმაროს, მსოფლიოში კარგად აპრობირებული საგადასახადო შეღავათების ფორმულებიც არსებობს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა მონაცემებით:
- ”ყველა განვითარებულ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი შეღავათიანი საგადასახადო სისტემითაა წახალისებული სახელმწიფოს მხრიდან, რაც მისი პროგრესული განვითარების მაჩვენებელია. ასე, მაგალითად, გერმანიამ გაათავისუფლა მცირე ბიზნესი ბრუნვის გადასახადიდან, ფინეთმა შეამცირა გადასახადების განაკვეთი მცირე შემოსავლიანი მეწარმეებისთვის. გაერთიანებულმა სამეფომ შეიმუშავა საშემოსავლო გადასახადების პროგრესული სისტემა, ხოლო აშშ-ში ის კომპანიები, რომლებსაც მოგების დაბალი მაჩვენებლები აქვს, გადასახადს უფრო დაბალი განაკვეთით იხდიან”.
ახალგაზრდა ფინანსისტთა აზრით, ”25-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც არაოფიციალურად, მაგრამ მაინც, ბიზნესი იხდის, მეტისმეტად დიდია. ეს გადასახადი შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს მსხვილი ბიზნესისთვის, მაგრამ მცირე ბიზნესს დიდ ტვირთად აწვება. ამათ გარდა, არსებობს კიდევ მრავალი სახის გადასახადი. საბოლოო ჯამში, მთლიანი საგადასახადო ტვირთი ბიზნესისთვის 35-38 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. რამდენიმე მილიონიანი შემოსავლის პირობებში, შეიძლება, მსხვილ ბიზნესს უღირდეს ასეთ პირობებში საქმიანობა, თუმცა რამდენიმე ასეული ლარი მოგების მქონე მეწარმისთვის 35-38 პროცენტი, შეიძლება ითქვას, მახრჩობელა ტვირთია”.
კომერციული ბანკებიდან მაღალი საპროცენტო განაკვეთით აღებული სესხი ბიზნესმენს კიდევ უფრო უარეს დღეში აგდებს და იძულებულია, თავის გადასარჩენად ”შავ ბუღალტერიას” მიმართოს, რაც ფინანსისტების აზრით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.
თუ საგადასახადო შეღავათები არ დაწესდა, ახალგაზრდა ფინანსისტები თვლიან, რომ ”იაფი კრედიტის” პროგრამაც ვერ გამოიღებს შედეგს და მათი აზრით, სასურველია, მთავრობამ ბიზნესის დაკრედიტების პარალელურად, საგადასახადო ბაზის დახვეწაზეც იმუშაოს.
