დიტო გელოვანი. მიშას გარეშე, გრიშას გარეშე…
ჯონდი ბაღათურიამ, რომელსაც ამ ბოლო დროს ჯონდო ბაღათურიად მოიხსენიებენ (თუმცა ჩემთვის ეს ისევ ის ჯონდია - ხუჭუჭა, პატარა) კვაჭანტირაძისა და ჩახვაძის დამტკიცებისას პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.
მანამდე კი ისაუბრა - ჩახვაძემ გამარჯვება გაყალბების გზით მოიპოვა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მაქვსო. მეგონა, არჩევნები არ გაყალბდებოდაო... ცოტაღა დააკლდა და კინაღამ ისიც მიაყოლა, მოგვატყუეს, გაგვაბრიყვეს, მიშიკო გეძახისო… ბაღათურიას ბრალდებებს მიხეილ მაჭავარიანმა უხერხული უწოდა და შეახსენა, რომ ის და გურამ ჩახვაძე ერთ დროს ერთ პარტიაშიც კი იყვნენ.
იმის ჩამოთვლა, კიდევ ვისთან ერთად იყო ერთ პარტიაში ჯონდი ბაღათურია, შორს წამიყვანს. თუმცა, მიხეილ მაჭავარიანის მხრიდან ასეთი ლაპარაკი ცოტა არ იყოს უხერხულია. საინტერესოა ერთი რამ - მთელი კვირა გაიძახოდნენ, ორი ოპოზიციონერი დეპუტატიო, სინამდვილეში კი, სამი მივიღეთ. მესამე ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება პეტრე მამრაძე. პეტრე ცისკარიშვილმა მამრაძის გადაწყვეტილებას უმრავლესობის დატოვების შესახებ სამწუხარო და მოულოდნელი უწოდა - სამწუხაროა, რომ ”გვერდზე გასვლისა და პოლიტიკური დაპირისპირებების გზა” აირჩიაო ეგ რომ ვინმეს დაპირისპირებებზე დაიწყებს საყვედურებს… მამრაძე გვერდზე კი არ დადგა, დადგა იქ, საიდანაც მომავალ მთავრობაში დაბრუნდება. უკვე ვხედავ, როგორ გადაეშვება მამრაძე თავით ბურჯანაძის პარტიაში და იმასაც ვხედავ, როგორ მიჰყვებიან მას მასავით ათას პარტიაზე გადამხტარი კომკავშირლები და მოქკავშირლები.
ნინო ბურჯანაძემ ახალგაზრდობა გაიხსენა და კიდევ ერთხელ შეშფოთდა. ნინოს გრძელი სია აქვს ჩამოწერილი, რომელ დღის რომელ საათზე რაზე უნდა გამოთქვას შეშფოთება. გასულ კვირაში ასეთი რამ ორჯერ მოხდა. ბურჯანაძის პირველი შეშფოთებული აზრით,”სავალუტო ბაზარზე განვითარებულმა პროცესმა, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ეკონომიკური და სოციალური კატასტროფის წინაშე დააყენოს”. ხოლო ბურჯანაძის მეორე შეშფოთებული აზრით, ”სამწუხაროა, რომ დღეს, ვარდების რევოლუციის ხუთი წლისთავზე მედიის თავისუფლებებზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე გვიწევს საუბარი”. არა მგონია ბურჯანაძეებს ეკონომიკური კატასტროფა ემუქრებოდეთ. დემოკრატიულ ფასეულობებზე საუბარი სულაც არ არის სამწუხარო. სამწუხარო ის არის, რომ ამაზე ნინო ბურჯანაძე საუბრობს და კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ მას უსმენენ.
გასულ კვირაში სახალხო დამცველმა მედიის შესახებ ისაუბრა. მსმენელები, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფოდნენ. ერთი ნაწილი, ბურჯანაძის თამადობით, აქამდე ზღუდავდა მედიის უფლებებს, ხოლო მეორე ნაწილი კი ამას მომავალში გააკეთებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზვიად ძიძიგური ორივე ნაწილის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ”მე მოხარული ვარ, რომ სუბარმა აღნიშნა ის პოზიტიური კანონები, რომელიც წინა პარლამენტის დროს იქნა მიღებული” - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნინო ბურჯანაძე. მოუთმენლად ველი, როდის აღნიშნავს სოზარ სუბარი მიწის იმ ნაკვეთბს, რომელიც ნინოს აქვს მიღებული.
”ჩვენ ყველამ ვიცით, რამდენად სერიოზული პრობლემებია მედიის თავისუფლების თვალსაზრისით”, - აღნიშნა ბურჯანაძემ. ჩვენ, ყველამ ისიც ვიცით, რამდენად სერიოზული წვლილი მიუძღვის ანზორის გოგოს ამ პრობლემების შექმნაში.
პაატა დავითაია და მისი კომისიის წევრები ცდილობენ, რომ პრობლემები არ შეუქმნან კომისიაზე გამოძახებულებს. არადა, კომისიაზე გამოძახებულები თავად არიან პრობლემები. მაგალითად, შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, რომელსაც გენერალ-გუბერნატორობა სურს. ვარძელაშვილის ინფორმაციით, აგვისტოს მოვლენებისას მთვრალ რუს გენერალ ბორისოვს წამოსცდა, რომ მათ საქართველოს პრეზიდენტის დაკავება ჰქონდათ დავალებული. მისი თქმით, მას გენერლები ლენცოვი და ბორისოვი ფხიზლები არასოდეს უნახავს.
სადღაც, მესმის ლენცოვის და ბორისოვის - ფხიზელი თვალით ვარძლაშვილს მტერმა უყურა.ლადომ აღნიშნა, რომ ვითარება პრაქტიკულად მთვრალ გენერალზე იყო დამოკიდებული და მოსახლეობასთან რომ არ ჰქონოდა მას შეხება, გადაწყვიტა, რომ თავად ჰქონოდა ბორისოვთან გარკვეულ საკითხებზე ურთიერთობა. გასარკვევი სწორედ ის არის, რომელ გარკვეულ საკითხებზე ურთიერთობდა ვარძელაშვილი, რომელმაც თავმომწონედ განაცხადა, ჩემზე თავდასხმის მცდელობა იყო და გორიც იმიტომ დავტოვეო. ახლა კი ვხვდები, რატომ იყო წითელ ხიდთან ჩინოვნიკების მანქანების რიგი - თითოეულ მათგანზე შეიარაღებულ თავდასხმას აპირებდნენ.
ეჰ, ომი… ევროპამ ბევრი იბაქიბუქა და ბოლოს რუსებს ნიცაში მეფური დახვედრა მოუწყო. ჰოდა, ამას ასეთი ნიუსი მოჰყვა: ”აგვისტოს მოვლენების შემდეგ ოკუპირებული საჩხერის რაიონის სოფელ პერევის მოსახლეობა ნიცის სამიტის შემდეგ ოპტიმისტურად განეწყო. მათი განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ საჩხერეში რუსული ინტერვენცია მალე დასრულდება და სოფელი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ნიცის გამართულ სამიტზე მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ რუსებმა და ოსებმა პერევი და ახალგორი უნდა დატოვონ”.
პერეველებს არ უყურებთ?! უცებ ანალიზი გააკეთეს, ჩამოაყალიბეს ვარიანტები, გამოთქვეს პროგნოზები და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ახლახანს ექსპერტთა კლუბი რომ შეიქმნა, მე თუ მკითხავთ, მაგათი შტაბ-ბინა პერევში უნდა იყოს განთვსებული და, საერთოდ, პერეველებს თავისუფლად შეუძლიათ ერთი სერიოზული პოლიტიკური ან არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება. თუნდაც იმიტომ, რომ ეს მათთვის სერიოზული შემოსავლის წყარო გახდება.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში პროგრამის ”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გულისხმობს 10-თვიან სასწავლო კურსებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკური სოციოლოგია, პოლიტიკური იდეოლოგიები და სისტემები, პოლიტიკური ანალიზი, ორგანიზაციული მენეჯმენტი, კონსტიტუციონალიზმი, უსაფრთხოება, ნაციონალიზმი და ეროვნული უმცირესობები, ეკონომიკა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიები და სხვა.
ანუ, ეს ჩვენი პოლიტიკური პარტიები სრული უვიცები არიან ზემოთჩამოთვლილ საკითხებში და რაც არასდროს აინტერესებდათ, იმას 10 თვეში შეისწავლიან. ხოლო ამისათვის საჭიროა მასწავლებელთა სერიოზული კოლექტივი. ჩემი წინადადებაა ლექტორებად ის პერეველები მოვიწვიოთ, რომლებიც ნიცის სამიტის შემდეგ ოპტიმისტურად განეწყვნენ. როგორც ჩანს, ის სწავლებები ჭიჭიპიჭი პარტიებისთვის მოეწყობა. სერიოზული პარტიები კი სხვა დონის შეხვედრებს აწყობენ.
”აშშ-ს რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელშეწყობით 11-13 ნოემბერს გუდაურში ”რესპუბლიკური პარტიისა” და ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერთა შეხვედრა გაიმართა. ”ახალი მემარჯვენეების” პრესსამსახურის ინფორმაცით, შეხვედრის მიზანს, ორი პარტიის პოზიციების შეჯერება და სამოქმედო გეგმის შესახებ აზრთა გაცვლა წარმოადგენდა. პარტიების ლიდერებმა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესახებაც ისაუბრეს და საქართველოს შემდგომი განვითარების გეგმებზე იმსჯელეს” - ამოვიკითხე ინფორმაციაში, რომელიც ”ინტერპრესმა” გაავრცელა და დავიბენი.
ამ გაგანია ფინანსური კრიზისის დროს რაში ყრის ფულს აშშ-ს რესპუბლიკური ინსტიტუტი? მეტი საქმე არ აქვს, თუ ამქვეყნად და ამ ქვეყანაში გაჭირვებული დაილია? მაგრამ უფრო საკვირველი ის არის, ”ორი პარტიის პოზიციების შეჯერება და სამოქმედო გეგმის შესახებ აზრთა გაცვლა” გუდაურში რომ მოხდა. და თბილისს რა დაეწუნება ან ქუთაისს, გორს და თელავს? საქმე იმაშია, რომ მემარჯვენეების ლიდერი თავგადაკლული მოთხილამურეა და გული მუდმივად გუდაურისკენ მიუწევს, რესპუბლიკელების ლიდერისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება, მთავარია საჭმელი იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ენერგეტიკულად ნოყიერი. აი, ნახავთ, გია თორთლაძის პარტიისთვის ანალოგიური ღონისძიება თუ სადმე ჰიმალაებში არ მოეწყობა!
გია ბარამიძე ისე დარბის აქეთ-იქით, თითქოს საქართველოში არ დაედგომება. გასულ კვირაში ვალენსიას ეწვია. ისაუბრა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე ”ქრისტიან-დემოკრატებისა” და ”კონსერვატორების” ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორცილებულ ეთნიკურ წმენდაზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისაწრაფებებსა და პერსპექტივებზე.
ვალენსიაში რომ არ ჩასულიყო, განა ჩვენ არ გვყავს ჩვენი საკუთარი ქრისტიან-დემოკრატები და კონსერვატორები? განა მათ არ აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ქვეყნის პერსპექტივები? აინტერესებთ, მაგრამ მათ, კერძოდ გიორგი თარგამაძეს და მის ერთგულ ტელეწამყვანებს - თამაზ კვაჭანტირაძეს, მაგდა ანიკაშვილს და სხვებს ამ ეტაპზე ამნისტიის საკითხები უფრო აღელვებთ. თარგამაძე მიდგა-მოდგა და ბოლოს კანონზე და შიშზე ილაპარაკა: ”ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ქვეყანაში კანონისადმი უპატივცემულობის განცდა, შეიცვალა კანონისადმი და ხელისუფლებისადმი შიშის განცდით”.
შევარდნაძეს აუგად რომ ახსენებს, იმას რატომ არ ამბობს, რომ სწორედ შევარდნაძის დროს არსებობდა დემოკრატიისა და კანონიერების ისეთი ოაზისი, როგორიც იყო მაშინდელი აჭარა? ან, იქნებ არ არსებობდა? ხალხო, გამახსენეთ, იმ გადაცემას ”დროება” ერქვა თუ ”მედროვე”? იმ გადაცემის წამყვანის აზრით, სახელმწიფო არ უნდა იყოს მხოლოდ შიშის გამავრცელებელი ინსტიტუტი, არამედ უნდა ცდილობდეს საზოგადოების ჰუმანიზაციას. ჰოოო… მახსოვს, აჭარაში ძაღლებს უფრო ჰუმანური მოპყრობა ჰქონდათ, ვიდრე დანარჩენ საქართველოში ადამიანებს.
ამნისტიის ამბებზე პარლამენტში ერთი წივილ-კივილი იყო. წავიკითხე ასეთი რამ: ”გია არსენიშვილი საზოგადოებას ურჩევს, ამნისტიის საკითხს სერიოზულად მიუდგეს” და გირჩევთ ასეთ რამეს: ნუ მიუდგებით სერიოზულად არსენიშვილს. სერიოზულად მიუდექით ეკა ტყეშელაშვილს და მის ბრძნულ საგარეო პოლიტიკას.
ტყეშელაშვილმა ფილიპინების ელჩი საქართველოში ბაჰნარიმ გუინომლა მიიღო და მასთან საქართველოსა და ფილიპინებს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკრი ურთიერთობების მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა. ტყეშელაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს გაწეული საქმიანობისთვის და მას შემდგომ მოღვაწეობაში წარმატებები უსურვა.
თურმე ფილიპინებთან ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკრი ურთიერთობები გვქონია და მე არ ვიცოდი. ეგ კი არა, მაგ ქვეყნის არსებობაც კი არ მახსოვდა. მოკლედ, დავფიქრდი და დავკომპლექსდი. ჩემი კომპლექსი კიდევ უფრო გააძლიერა ლაშა ჟვანიამ, როდესაც პოლონეთის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ”პოლონეთი არის ქვეყანა, რომელმაც 12 აგვისტოს საქართველოს გადარჩენა უზრუნველყო”.
თურმე, რა ტყუილად ვყვიროდი ”სარ-კო, სარ-კო”-ს! პოლონეთს გადავურჩნივართ. აბა, ფილიპინები რაღა შუაში იყო? რა შუაში იყო და, ელჩი დროის გასატარებლად ჩამოვიდა. როგორც ცნობილია, სხვა ქვეყნებში დროის სატარებლად დადიან ტურისტები. ასე რომ, ხმები ქართული ტურიზმის გარდაცვალების შესახებ, ოდნავ გადაჭარბებულია. ამას მიდასტურებს ეს ნიუსი: ”ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებლები, რომლებიც დღეს საჩხერის რაიონის სოფელ პერევში არ შეუშვეს, ღამეს სოფელ ჯრიაში გაათევენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საჩხერის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განუცხადა, საერთაშორისო დამკვირვებლები, მიუხედავად იმისა, რომ პერევში შესვლა ვერ შეძლეს, არ აპირებენ რაიონიდან გასვლას, ვიდრე მათ ოკუპირებულ სოფელში შესვლის უფლება არ მიეცემათ”. მალე პერევის მისადგომები ტურისტულ სამოთხედ გადაიქცევა, ჯრიაში აშენდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, მთელი მსოფლიოს დამკვირვებლები ჩავლენ ზემო-იმერეთში და პერმანენტულად შეეცდებიან პერევში შეღწევას. დაიწვა, ჯიგარი!!!
ხოლო დამწვრობის ცენტრის თანამშრომლები კუთვნილი ხელფასების მიღებას ითხოვენ. 168 თანამშრომლიდან 4 თვის განმავლობაში ხელფასი მხოლოდ 40-მდე ადამიანს აქვს მიღებული. ჰოდა, ჩემო ბატონო, თუ პოლონეთმა გადაარჩინა საქართველო, კეთილი ინებოს კაჩინსკიმ და ხელფასებიც დაარიგოს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სანამ დამწვრობის ცენტრში ევროკავშირის დამკვირვებლები არ შევლენ, პრობლემა პრობლემად დარჩება.
და, სულ ბოლოს, სენსაციური ინფორმაცია, უპრეცედენტო შემთხვევა: შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა კონტრაბანდული გზით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანისას სომხეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ფილომენე დურგლიანი და ვრეჟ ბარხუდარიანი დააკავეს.
ამ ხნის მოვიყარე და ეგეთი არაფერი გამიგია. შემოჰქონდათ, ხომ არ გაჰქონდათ?! თანაც, ვის! ხელებს ვასავსავებ და განცვიფრებული გემშვიდობებით.
